მთავარი,სიახლეები

დისკუსია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე

01.06.2017 • 2055
დისკუსია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე

„ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის” – ამ თემაზე, ხვალ 2 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება “ბათომი”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე მოხსენებებს გააკეთებენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსი ლეილა თუმანიშვილი, ,,გეოგრაფიკის” წამყვანი ქალაქმგეგმარებელი მარიამ ლომიძე და ,,გეოგრაფიკის” დირექტორი, გეოგრაფი, მგეგმარებელი გიორგი გოცირიძე. შეხვედრაზე მოწვეული სპეციალისტები, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამინისტროებისა და სხვა ოფიციალურ და თემით დაინტერესებულ პირებთან ერთად, ძველი ბათუმის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრებენ.

მოხსენებები დაგეგმილია თემებზე: ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმების სპეციფიკა, ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის მიმოხილვა, ბათუმში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების დამუშავებისა და განვითარების ხედვა.

საზოგადოება “ბათომი”, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და განაშენიანება:

„ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის შექმნა დაეხმარება ქალაქის თვითმმართველობას, იქ მცხოვრებ მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, ზუსტად ჰქონდეთ გაწერილი რეგულაციები თუ სად შეიძლება მოხდეს ახალი შენობის აგება, როგორი შეიძლება იყოს იგი და რა უნდა იქნას შენარჩუნებული აუცილებლად. დაცვის ზონაში არსებული რეჟიმები უზრუნველყოფს, რომ ქალაქმა არ დაკარგოს ისტორიული ნაწილი, რომელიც, ერთი მხრივ, ქალაქის საკუთრებაა და როგორც კულტურული მემკვიდრეობა ისე უნდა შეუნარჩუნდეს ბათუმელებს, და მეორე მხრივ, საშუალებაა ეკონომიკურად განვითარდეს უბანი, რადგან სწორედ ისტორიული ნაწილია მიმზიდველი ტურისტებისთვის.“

დღეს არსებული რეგულაციით, ისტორიული უბნის საზღვრები დადგენილი არ არის. ძველ ბათუმში შესაძლებელია 15 მეტრი სიმაღლის შენობების აგება. შედეგად, ტერიტორიაზე გაჩნდა 5-სართულიანი სახლები, რამაც ისტორიული სახლები ჩაანაცვლა.

ორგანიზაცია “ბათომი” ითხოვს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცებას, რაზეც თანხმობა მიიღო, როგორც მერის, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან.

ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცება, 2007 წელს ,,გეოგრაფიკის” მიერ მომზადებული “ქალაქ ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმის” მიხედვით უნდა მოხდეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კანონის თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა და გადაეცა ბათუმის მერიას.

ორგანიზაცია “ბათომის” წევრები ელოდებიან, როდის მიმართავს ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი საკრებულოს წევრებს, იმისთვის რომ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: