მთავარი,სიახლეები

პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმში ჩამოდის

30.05.2017 • 1677
პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმში ჩამოდის

ხვალ, 31 მაისს, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბათუმში ჩამოდის. ბათუმის აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პოლონეთში და აჭარის მინისტრები დახვდებიან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტს მხოლოდ აჭარის მთავრობის ოპერატორი გადაიღებს, ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაც.

პოლონეთის პრეზიდენტი გონიოს ციხეს დაათვალიერებს, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში.

დაახლოებით ოთხი საათისთვის პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმის აეროპორტიდან ვარშავაში გაემგზავრება.

ამ დროისათვის პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში იმყოფება დღეს მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს, სადაც მათ ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს პოლონეთის „განვითარების დახმარების პროგრამის“ მნიშვნელობას, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია: ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა და განათლება.

გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც. პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: