აჭარის უმაღლესმა საბჭომ 4 ივლისს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ავტომანქანის – TOYOTA PRADO-ს შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შესყიდვა „დასტუკული“ ანუ დაზიანებული ძრავის შეკეთებაზე ცხადდებოდა:
„შესყიდვის ობიექტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,TOYOTA PRADO“. (გამოშვების წელი 2008, ძრავის მოცულობა 3000, ტურბო დიზელი) დაზიანებული („დასტუკული“) ძრავის შეკეთების მომსახურება.“ [სტილი დაცულია]
დაზიანებული ძრავის შეკეთების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13 500 (ცამეტიათასხუთასი) ლარი იყო. ძრავის შეკეთება ქარხნული წარმოების ახალი სათადარიგო ნაწილებით, 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო.
ტენდერში გამარჯვებული 11 ივლისს გამოვლინდა. დაზიანებულ ძრავს შპს „ირბათ-ფ.ნ“ 10 499 ლარად შეაკეთებს. მან ერთი ლარით გაუწია კონკურენცია „თეგეტა მოტორსს“, რომელიც 10 500 ლარს იხდიდა აღნიშნულ მომსახურებაში. ტენდერში კომპანია „მათემოტორსიც“ მონაწილეობდა, მისი საბოლოო შეთავაზება 13 000 ლარი იყო.