მთავარი,სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს

25.05.2017
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს

25 მაისს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენაზე ისაუბრეს, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში 30 ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 23-28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176 კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენის საკითხებზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე ააშენა სამი კორპუსი, ჯამში 72 ბინა. ამჟამად შეირჩა 30 ოჯახი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა კომისიის პირობებს. სულ კომისიაზე 88 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან  17 ოჯახს კომისიამ უარი უთხრა, ხოლო დანარჩენ ნაწილს არ წარუდგენია სრული დოკუმენტაცია.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებული საქმეების დეპარტამენტის უფროსის, დალი ქიქავას თქმით, დანარჩენ ეკომიგრანტ ოჯახთა რაოდენობას ხულოს გამგეობა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დროში წარუდგენს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ოჯახებში სულადობის მიხედვით ფართობის განაწილებაზე ხულოს ადგილობრივი გამგეობა იმუშავებს.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკითხს, სხდომაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს 210-ვე დაზიანებული შენობის შეკეთებაზე.

სხდომას ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები – ბესიკ ბაუჩაძე და სულხან ევგენიძე ესწრებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: