სიახლეები

მუნიციპალიტეტი არჩევნების შემდეგ და უფლებამოსილების ახალი გადანაწილება

26.04.2014 • 1461
მუნიციპალიტეტი არჩევნების შემდეგ და უფლებამოსილების ახალი გადანაწილება

 

ბატონო დავით, რა შეიცვალა ახალ კოდექსში თუნდაც უფლებამოსილების გადანაწილების კუთხით?

– უფლებამოსილების გადანაწილება მნიშვნელოვნად არ იცვლება, რამდენიმე ახალი უფლებამოსილება დაემატა მუნიციპალიტეტებს. აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ მათ უფლებამოსილების შესაბამისი რესურსებიც ჰქონდეთ. შეიძლება მე მქონდეს უფლებები, მაგრამ არ მქონდეს მისი განხორციელების ფინანსები, საშუალება და ქონება, ან ბევრად ნაკლები უფლებამოსილება მქონდეს ქაღალდზე, მაგრამ ამისთვის მქონდეს ფინანსები და შესაძლებლობები. ამ მიმართულებით არის ნაბიჯები გადადგმული.

 

პირველ სექტემბრამდე მთავრობა პარლამენტს გადასცემს საშემოსავლო გადასახადის ახალ წესებს თვითმმართველობებში. დაიხვეწება გათანაბრებითი ტრანსფერის გამოთვლის პრინციპები. ეს ყოველივე საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, გაზარდოს შემოსავლები. გარდა ამისა, კოდექსით იგეგმება თვითმმართველობებში არსებული იმ ქონების სრული ინვენტარიზაცია, რომელიც არ სჭირდება სახელმწიფოს. ეს ქონება უნდა გადაეცეს თვითმმართველობას. ეს საკმაოდ დიდ მატერიალურ და ქონებრივ ბაზას შეუქმნის თვითმმართველ ორგანოებს იმისათვის, რომ თავიანთი ფუნქციები განახორციელონ.

 

რაც ჩამოთვალეთ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საკრებულომ ცენტრიდან მოსულ დირექტივას (ვთქვათ, ეს მოხდა) გვერდი აუაროს?

 

-პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, ეს არის გამოხატული პოლიტიკური ნება. თუმცა პოლიტიკური ნების იმედად საზოგადოება ვერ დარჩება. პირველი, რაზეც ეს იქნება დამოკიდებული, არის ისევ საზოგადოება. თუ საზოგადოებამ თავი დაღუნა და არ გამოიყენა ის მექანიზმები, რომლებიც მას აქვს, ასე ვთქვათ, შეარჩინა დანაშაული, რასაც ხელისუფლება სჩადის, მაშინ, ბუნებრივია, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.

 

პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნება რომაა საჭირო, მე მგონი, ამაზე, გარდა რადიკალი რეაქციონერებისა, აღარავინ დაობს. უნდა არსებობდეს პოლიტიკური პლურალიზმი და პოლიტიკური ბაზარი, სადაც პარტნიორები თავის ხედვას შესთავაზებენ საზოგადოებას და დააბალანსებენ ერთმანეთის ძალაუფლებას. ამისთვის თვითმმართველობის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე ამ ტვირთის გადატანა არ იქნებოდა მართებული, სწორედ ამიტომ ჩაიწერა საარჩევნო კოდექსში, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ საკრებულოს წევრებად დაასახელონ არაპარტიული პირები, ის ადამიანები, რომლებსაც დიდი ავტორიტეტი აქვთ იმ უბანში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ან საქმიანობენ. თუ საზოგადოება ამ მექანიზმს გამოიყენებს, კარგი იქნება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ის, რომ დამოუკიდებელი პირების დასახელების შესაძლებლობა იყოს მერების ან გამგებლების კანდიდატებად. თუმცა, აღმასრულებელი ერთეული ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევითობა უკეთესი შეთავაზებაა.

 

სხვა რაიმე მექანიზმი არსებობს საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად?

– წელს, შემოდგომაზე, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი საზოგადოებრივი საბჭოების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო გაეზრდებათ საშუალება გავლენა მოახდინონ თვითმმართველი ორგანოების გადაწყვეტილებაზე, განახორციელონ მეტი კონტროლი და ლობირება. ამის გარდა, არსებობენ საკონსულტაციო ორგანოები, რომლებმაც უნდა იფიქრონ მხარის, რეგიონის ეკონომიკური პროგრამების განვითარებასა და ერთიანი ხედვების ჩამოყალიბებაზე. საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი დადგენილებები.

 

რამდენიმე მიმართულებით მიდის მუშაობა უშუალოდ თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდის სფეროში, ანუ მათ მიერ ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების სფეროში.

გარდა ამისა, ცალკე მუშავდება პროგრამა საჯარო სამსახურის მოხელეებისა და საჯარო სამსახურის შემდგომი რეფორმისთვის, რათა, ერთი მხრივ, გაიზარდოს ადგილობრივ მოხელეთა კომპეტენციები და მათი უნარები, მეორე მხრივ, გაიზარდოს მათი მოტივაცია იმისათვის, რომ მათ მიიღონ სტაბილური გარემო და განვითარდნენ.

 

თქვენი დაკვირვებით, რას მოგვიტანს მომავალი არჩევნები. შენარჩუნდება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც უმრავლესობით საკრებულოში მოდის მმართველი პარტია და ოპოზიციიდან  სამი ან ოთხი ადამიანი ახერხებს შესვლას საკრებულოში, თუ სხვა რამეც შეიძლება მოხდეს?

– საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი იდეალურად იქნება, მგონი, გულუბრყვილობაა. ვშიშობ, რომ ტრადიცია გაგრძელდება _ მმართველი პარტიის დომინანტობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება. თუმცა ის მექანიზმები, რომლებიც კოდექსშია ჩადებული, უკვე იძლევა საშუალებას, რომ მთელ რიგ შემთხვევებში გარღვევაც კი მოხდეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი