მთავარი,სიახლეები

სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესს თურქეთის მოქალაქე ასაჩივრებს

11.04.2017 • 2241
სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესს თურქეთის მოქალაქე ასაჩივრებს

სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში თურქეთის მოქალაქემ გაასაჩივრა. მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი უთხრა.

სასამართლო ბაჟის გადახდის წესი კანონითაა განსაზღვრული და მოსამართლე ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს მის ოდენობას. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მეჰმეთ ბერქთაში მიიჩნევს, რომ კანონში არის დაკონკრეტებული რა უნდა ჩაითვალოს „უტყუარ მტკიცებულებად“ და შესაბამისად, მოქალაქეს კონსტიტუციით დაცული – სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლება ეზღუდება.

მეჰმეთ ბერქთაშს საქართველოში ბიზნესი აქვს. მისი ადვოკატი, ჯუმბერ ქართველიშვილი ამბობს, რომ მან სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრების უფლებით სწორედ ბაჟის გადაუხდელობის გამო ვერ ისარგებლა: „დადგენილი ბაჟიდან 3 ათასი ლარი გადაიხადა და 5 ათასი კიდევ ჰქონდა გადასახდელი. ამ ბაჟის კონკრეტულ ვადაში გადაუხდელობის გამო, საქმის განხილვა ვერ შედგა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება,“ – განმარტავს ჯუმბერ ქართველიშვილი. ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებას სარჩელის განუხილველად დატოვებაზე, არ გაცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია. განჩინებაში ვკითხულობთ:

„აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, სადავო ნორმების განმარტების და მათგან მომდინარე შეზღუდვის თაობაზე. სადავო ნორმების მიხედვით, მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, გადაუვადოს ან შეუმციროს მისი ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები გულისხმობს ნებისმიერი ისეთი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობას, რომელიც დაადასტურებს, რომ მხარეს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ის, რომ ამ გარემოების დამადასტურებლად ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული მტკიცებულებები, ეს განპირობებულია არა ნორმის ბუნდოვანების პრობლემით, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური ხასიათით და იმ ობიექტური გარემოებით, რომ სხვადასხვა შემთხვევაში მოსამართლისათვის პირის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან სასამართლოს წარუდგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე არ მიიჩნია ისინი უტყუარ მტკიცებულებებად.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: