მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა

08.04.2017 • 3679
აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობაში არსებული ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების  გადაწყვეტის მიზნით საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრები, მენაშენეებს შეხვდნენ.

მენაშენეებთან საუბარი შეეხო 2017 წელს მიღებულ მთავრობის 41 დადგენილებას, რაც  ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს.

„ ეს რეგულაციები შეეხება ყველა იმ პროექტს, რომელიც  სამომავლოდ აშენდება. თუმცა, მანამდეც არსებობდა კანონმდებლობა, რაც ითვალისწინებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაუკვამლიანებელი კიბეების მოწყობას, სამეზობლო მიჯნის მოწყობას და სხვა ნორმებს. თუმცა, დაცულია თუ არა ეს ნორმები აქამდე აშენებულ სახლებში, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ამას საფუძვლიანი შესწავლა დასჭირდება.

ფაქტი ერთია, რომ რაც შევისწავლეთ ცენტრალურ ნაწილში, არსებული მდგომარეობით ის სიმჭიდროვე რაც არის დადგენილი, არის გადამეტებული. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ რეგულაციების მიღება, რომ მოვახდინოთ ცენტრიდან განტვირთვა და განვითარება უფრო მეტად მივცეთ ქალაქის ცენტრში სასტუმროების მშენებლობას,“-გვეუბნება აღნიშნული კომისიის ერთ-ერი წევრი, არქიტექტორი მანუჩარ მახათაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ახალი მშენებლობების შემთხვევაშიც მოხდება სამშენებლო და საპროექტო ნორმების დარღვევა, ან დასრულებულ მშენებლობაზე გაიცემა  K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? – მანუჩარ მახათაძე ამბობს, რომ ალბათ გასაძლიერებელი იქნება ის ჯგუფი, რომელიც განიხილავს და გასცემს ნებართვებს.

„როგორც ვხედავ, არ ჰყოფნით ადამიანური რესურსი, თანამშრომლების რაოდენობაა მცირე და ვერ აუდიან შემოსული პროექტების განხილვას. დღეში 70 პროექტის განხილვა არის ძალიან რთული“.

შეხვედრაზე მენაშენეები არ აქტიურობდნენ კითხვების დასმით, მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჰქონდა კითხვა თავიანთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეძლევათ  K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება, მაშინ როცა  მშენებლობა დასრულებულია, თუმცა  მშენებელს მასში ცვლილების შეტანა სურს. მენაშენეები სვამდნენ კითხვას იმის თაობაზე,  „თუ მე ვაშენებ შვიდსართულიან სახლს და ჩემ გვერდით ააშენეს 12 და 16-სართულიანი სახლი, მე რატომ არ უნდა გავზადო კოეფიციენტი?“ და ა.შ.

„ხშირად ჩვენ არქიტექტორებმა ჩვენს პრინციპებს უნდა ვუღალატოთ და დეველოპერის მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ დაშენება-არდაშენებაზე, მე ვერ ვხედავ პრინციპს, ერთხელ გავზრდით, ათჯერ თუ ოცჯერ ამასთან მიმართებაში კამათს, რადგან ნებისმიერ არქიტექტურულ ნაგებობაში შედის ცვლილებები მშენებლობის პროცესში და შეიძლება გამოჩნდეს გზადაგზა მშენებლობის პროცესში ცვლილებების აუცილებლობა და კოეფიციენტის ცვლილება შეიძლება 15-ჯერ მოგვიწიოს, მაგრამ მთავარია კომისიამაც დაიტოვოს ჩვენთან არქიტექტურული შემოქმედება.

თუ არქიტექტურულად კარგი იქნება, თუნდაც ცხრაჯერ დავამატოთ კოეფიციენტი, ამაში მე ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ“- ამბობს ზაზა ქათამაძე, არქიტექტურული კომპანია „მაურერ“-ის წარმომადგენელი.

ბესიკ ლილუაშვილის თქმით, ქალაქის განაშენიანებას თავისი წესები აქვს და სურვილის მიხედვით კოეფიციენტების გაზრდა დაუშვებელია: „თქვენ შეიძლება თქვათ რაღაცაზე რომ მოგწონთ, მაგრამ მეორე არქიტექტორი გეტყვით, რომ არ მოსწონს, ქალაქს აქვს თავისი რეგულაციის ნორმები, წესები რომლის ზევითაც გაზრდა არ შეიძლება, ამიტომ რამდენჯერაც მოგინდებათ კოეფიციენტის გაზრდა, ასე არ გამოვა“.

მთავრობის ინფორმაციით, მენაშეების ინტერესი K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით მაშინ იქნება განხილული, თუ კოეფიციენტის გაზრდა საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ ან კულტურულ მიზანს ემსახურება.

მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მენაშენეებთან „რედისონში“

მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მენაშენეებთან „რედისონში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: