მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში

04.04.2017 • 2336
ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი სოფელ დოლოგნიდან ერგემდე ორმოებადაა ქცეული, ამორტიზებულია ასევე გზის მონაკვეთები შუახევში – დაბა ხიჭაურიდან შუახევის მუნიციპალურ ცენტრამდე და ხულოში – დაბისა და მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო გზაზე ქედის მონაკვეთამდე ორმოები ამოივსება, ხოლო ხულოსა და შუახევში მწყობრიდან გამოსულ ათკილომეტრიან მონაკვეთებს [მთლინობაში 20 კილომეტრს] რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„საავტომობილო გზის ხულოს 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ორ თვეში დაიწყება ცეტრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რაც მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს – გზის საფუძველი გამოიცვლება, გვერდულები გაკეთდება, კედლების არსებობის შემთხვევაში ახალი კედლები ჩამოისხმება და ახალი ასფალტი დაიგება. რაც შეეხება შუახევის მონაკვეთს – რომელიც ჰესების მშენებარე კომპანიის მძიმე ტექნიკამ გამოიყვანა მწყობრიდან – ჰესების მშენებელი კომპანია ვალდებულია სრული რეაბილიტაცია განახორციელოს სამუშაოების დასრულების შემდეგ. მოლაპარაკება გვქონდა ამ თემაზე კომპანიასთან  და პასუხს ველოდებით, საპასუხოდ კი ერთკვირიანი ვადა აქვს. ხელვაჩაურიდან ქედის მონაკვეთამდე ორმოების შევსება მიმდინარეობს, გარკვეულ ადგილებში ორმოები ამოივსო, თბილისის საზედამხედველო სამსახურიდან კომისიის ჩამოსვლას ველოდებით,  გვეტყვიან, თუ რა სახის სამუშაოები უნდა განვახორციელოთ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე.“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

მისივე თქმით, საავტომობილო გზები მწყობრიდან მაღალი გამავლობის იმ ავტომობილებს გამოჰყავს, რომლებსაც ინერტული მასალა გააქვთ მუნიციპალიტეტებიდან, ან ჰესების მშენებლობაზე მუშაობენ.

ბათუმი-ახალციხის სავტომობილო გზის აჭარის მონაკვეთზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგეობის კომპეტენცია მხოლოდ გარემოს დაბინძურების კონტროლია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში არსებული ზედამხედველობის სამსახურები უფლებამოსილნი არიან დააჯარიმონ ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ტვირთის გადატანისას გზასა თუ მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებენ. რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილებას და ტვირთის წონას, აჭარბებს თუ არა კანონით დასაშვებ ნორმას –  ამას აქ არავინ აკონტროლებს.

„არ ხდება ტვირთის შემოწმება, თუ იქნება საპატრულო კონტროლი ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით, ბევრად უკეთესი იქნება გზების მდგომარეობა,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას კონტროლდება თუ არა ტვირთის სიმძიმე? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, შსს-ს წერილობით უნდა მივმართოთ.

ფოტო: ბათუმი-ახალციხის ცენტრალური სავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: