მთავარი,სიახლეები

საზეპიროების ნაცვლად თამაშები – რას გეგმავს სამინისტრო სკოლებისთვის

29.03.2017
საზეპიროების ნაცვლად თამაშები – რას გეგმავს სამინისტრო სკოლებისთვის

„იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა საზეპიროები მოყვნენ ისტორიის წიგნიდან, მათ შეუძლიათ ითამაშონ ისტორიული ფაქტების ირგვლივ და განიხილონ რა სტარატეგია იქნებოდა უფრო საინტერესო, კონკრეტულ შემთხვევაში“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ის მინისტრის ინიციატივაზე გვესაუბრება, რომელიც სკოლებში სამაგიდო თამაშების დანერგვას ითვალისწინებს.

თემურ მურღულიას თქმით, სამინისტრომ სამაგიდო თამაშების იდეების მიღებაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მინიმუმ სამი ყველაზე საინტერესო პროექტის შესყიდვას აპირებს, თუმცა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

„შეზღუდული არ იქნება თემატიკაც, სამაგიდო თამაშები შეიძლება გათვლილი იყოს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნებზეც“-გვეუბნება თემურ მურღულია.

სამაგიდო თამაშები, თემურ მურღულიას თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი, ის პოპულარულია ამერიკულ სკოლებში და ფინეთშიც.

„სამაგიდო თამაშები ძალიან სახალისო, საინტერესო და სოციალური უნარების განმავითარებელია. კარგი სამაგიდო თამაში ავითარებს გუნდურობას, კომუნიკაციას და ა.შ მაგალითად ამერიკაში ძალიან პოპულარულია „სკრაბლი“,  ჩვენ ბუნებრივია ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ და ქართულ რეალობაზე, ქართულ კულტურაზე მორგებული თამაშები უნდა შევქმნათ. შესაძლებელია უკვე გამოსული თამაშების ქართულ რეალობაზე ადაპტირებაც მოხდეს, რადგან თამაშების ინდუსტრიაში ბევრი კონცეფციაა უკვე გამოყენებული“.

თემურ მურღულია ამბობს, რომ სამინისტრო იმდენ თამაშს შეისყიდის, რამდენიც იქნება სახელმწიფო კომისიის მხრიდან მოწონებული. „ჩვენ უნდა ვასწავლოთ სკოლებს ამ თამაშების გამოყენება, რომ შემდეგ სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდეს.  1-იდან მე-6 კლასების ჩათვლით რასაც ბავშვი სკოლაში აკეთებს უნდა იყოს სასიამოვნო და სასიხარულო“-ამბობს მურღულია.

მისივე ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების გამოხმაურებას სამინისტრო 10 აპრილამდე ელოდება, შემდეგ კი გაწერილი იქნება სამაგიდო თამაშის შესაქმნელად კონკრეტული ვადები.

„წელს აუცილებლად შევისყიდით რამდენიმე თამაშს, თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ პროექტები“.

თემურ მურღულია ამბობს, რომ სამაგიდო თამაშებისთვის თანხა სახელმძღვანელობის ბიუჯეტიდან დაიზოგება.

„სახელმძღვანელოებზე 7 მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი, აქედან რა თანხაც დაიზოგება, იმით მოხდება სამაგიდო თამაშების შესყიდვა. თუ რა დაჯდება ერთი სამაგიდო თამაში, დაკონკრეტებული არ არის, სალიცენზიო თანხა შეიძლება იყოს როგორც 10 ათასი ასევე, 30 ათასი“.

თემურ მურღულიას თქმით, სამაგიდო თამაშები შესაძლებელია სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის დაინერგოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: