მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

24.03.2017 • 1779
საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ  24 მარტს დაასრულა არსებითი განხილვა სარჩელის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნებისმიერ მოქალაქეს საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება მიეცემა.

დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქე სასამართლოს  გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაეცნოს, თუკი მხარეები [მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორი და ადვოკატი] თანახმა იქნებიან, გასაჯაროვდეს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში, თუკი ის მოქალაქეს გადმოეცა, დაშტრიხული იქნება პროცესში მონაწილე პირების სახელები და გვარები.

„რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატული დოკუმენტია?” – ეს შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მაია კოპალეიშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიცია მოისმინა. ინსპექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ბრეგვაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების ღიაობამ შესაძლოა დააზიანოს სამართალწარმოების ინტერესები და კიდევ: „არსად არ წერია კანონში, რომ ეს უნდა იყოს ღია“.

ნიკოლოზ ბრეგვაძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვა განსაზღვრულია კანონმდებლობით და თუკი ყველაფერი გასაჯაროვდება, სხვა კუთხით გაჩნდება რისკები.

„სასამართლოს სხდომები ღიაა, მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოსამართლე გადაწყვეტილებას აცხადებს ღია სხდომაზე. სხვა რა უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესის საგანი? გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, არა მგონია, ინფორმაციული კუთხით იყოს საინტერესო,“ – მიმართა მოსამართლეებს ნიკოლოზ ბრეგვაძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ. ის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით დაესწრო სხდომას და უპასუხა კითხვებს.

„სად ხედავთ ზიანის საფრთხეს, როცა სასამართლოს სხდომები არის ღია და გადაწყვეტილებას მოსამართლე საქართველოს სახელით აცხადებს? … სამოქალაქო საქმეებზე, შესაძლოა, არსებობდეს დეპერსონალიზაციის პირობა, რადგან იგი კერძო პირებს ეხება, მაგრამ, მაგალითად, გერმანიაში ორი კერძო კომპანიის დავაც კი სასამართლომ საჯარო გახადა, რადგან არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი,“ – განაცხადა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ ამის პასუხად საკუთარი საადვოკატო საქმიანობა გაიხსენა: „მე, მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრის საქმეს არ გამაცნეს, რადგან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ვიყავი.“

მოსამართლე მერაბ ტურავა დაინტერესდა, გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემთხვევაში, ვისი მონაცემები უნდა დაიფაროს. ნიკოლოზ ბრეგვაძის აზრით, უნდა მოხდეს პროკურორების რანგის გათვალისწინება, რაც კანონითაა განსაზღვრული.

სასამართლო გადაწყვეტილებების ღიაობაზე კონსტიტუციური სარჩელი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ და „მედიის განვითარების ფონდმა“ მოამზადეს. მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია. საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

ამავე თემაზე:

სასამართლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს ასაიდუმლოებს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: