Batumelebi | შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი – Batumelebi
RU | GE  

შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი

ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრას და ბათუმში გადატვირთული მოძრაობის, ასევე პარკინგის პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივ მსჯელობას გეგმავენ. ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა.

„ … ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება პოლიციის უფროსი დავიბაროთ საკრებულოში, მას არ აქვს ვალებულება შეგვხვდეს. ამიტომ ამას უფრო თხოვნის სახე ექნება. მარტის აქციამდეც მქონდა ასეთი ინიციატივა, მაგრამ არ მოხერხდა. ყველამ ვიცით, რომ ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები დაგროვდა და მინდოდა ეს საკითხები მასთან ერთად განგვეხილა. კარგი იქნება თუ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ და ერთობლივ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ირაკლი ჩავლეიშვილის ამ ინიციატივას საკრებულოს სხდომაზე ბათუმის საკრებულოს სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

შეხვდება თუ არა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი საკრებულოს წევრებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. პრესცენტრში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ იციან.

ირაკლი ჩავლეიშვილი პარალელურად იმ კომისიის წევრია, რომელიც გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბათუმის ინფრასტრუქტურის მოდელირების დოკუმენტის მომზადებას კურირებს. დოკუმენტში უნდა აისახოს ავტოტრანსპორტის ნაკადის დარეგულირების გზებიც.

ამავე კომისიის წევრია ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც. პროექტის ბიუჯეტი კი მილიონამდე ლარია.

კომისია, რომელსაც ბათუმის გადატვირთული მოძრაობისგან განტვირთვის გზები უნდა მოეფიქრებინა, გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, საკრებულოშიც შეიქმნა. კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ კომისიას რეალურად არაფერი გაუკეთებია.


შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებას 11 მარტის აქციაზე ითხოვდნენ.

კახა ბუხრაძე

კახა ბუხრაძე

აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკრებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყო და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი