მთავარი,სიახლეები

ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

24.03.2017 • 2742
ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

დღეს, 24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში, ციხისძირში, ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ციხისძირში ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით ხე მოჭრეს, რასაც არ ადასტურებს ქობულეთის „გამწვანების“ ხელმძღვანელი, ვახო ნემსაძე. მისი თქმით, „გაწვანების“ სამსახური სანიტარულ ჭრას ახორციელებს ავტოტრანსპორტის თხოვნით, რაც გზის გასწვრივ ხეების ტოტების მოჭრას ითვალისწინებს.

„ბობოყვათის რეზიდენციასთან ხეები არ იჭრება, ევკალიპტის ტოტებს ვჭრით, რომელიც გზის სავალ ნაწილზეა გადმოსული. რაც ხეების ჭრას შეეხება, ბონდო თედორაძე, ალბათ, გულისხმობს ნიგვზნარს, რომელც პეტრას ციხის მარცხნივ, ფერდობზეა. აქ კერძო საკუთრებებია და მოსახლეობა თვითონ ჭრის, „გამწვანებას“ ნიგვზნარი არ მოუჭრია.  რატომ ჭრის მოსახლეობა ხეებს, რა მიზეზით, მე ვერ გეტყვით.“

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხეებზე ტოტების მოჭრა ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის შესყიდული ხის გადატანას, „გამწვანების“ უფროსი პასუხობს: „რა შუაშია ბიძინა ივანიშვილის ხე? საგზაო დეპარტამენტი და ჩვენ ერთდროულად ვახორციელებთ ამ სანიტარულ ჭრას.“  ვახო ნემსაძის თქმით, ბოლო ორი დღის მანძილზე „გამწვანებას“ ამ ტერიტორიაზე ხე არ მოუჭრია.

ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე კი დარწმუნებულია, რომ ხეებსა და ტოტებს  სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანის გამო ჭრიან:

„გუშინ და გუშინწინ რაც გაიჩეხა, ესაა კაკლის ხეები, ევკალიპტები, ფიჭვი და რაც გზადაგზა ხელს უშლიდა ხის გადატანას,  ყველა ხე გაჩეხილია. ჩვენ აღნიშნული ფაქტი გავაპროტესტეთ და შეკითხვით მივმართეთ ქობულეთის გამგებელს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს – როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა და ვანდალიზმი? ციხისძირი მალე ალბათ იქცევა უდაბნოდ, წითელი ტალახის და გაუვალი ორმოების გარდა არაფერი აღარ დაგვრჩა. მთლიანობაში ციხისძირში ათასობით ხეა მოჭრილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ხის ტრანსპორტირებას უშლის ხელს.“

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ციხისძირიდან და ბობოყვათიდან არაერთი ხე გაიტანეს და რამდენიმეს გატანა ისევ იგეგმება.

ლევან ურიდიას ფოტო

ლევან ურიდიას ფოტო

ლევან ურიდიას ფოტო

ლევან ურიდიას ფოტო

 

ენმ-ის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: