სიახლეები

შუახევის გამგეობა ჭვანის ამბულატორიას ავტომობილს შეუსყიდის

02.02.2017 • 3374
შუახევის გამგეობა ჭვანის ამბულატორიას ავტომობილს შეუსყიდის

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჭვანის თემის ამბულატორიისთვის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო თანხით 27 000 ლარზე გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელსაც შუახევის გამგეობა შეისყიდის მარცხენა საჭიანი, სამ კარიანი, თეთრი ფერის და არანაკლებ 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, აღნიშნულ ტექნიკურ მახასიათებელთან ერთად ავტომობილი განბაჟებული უნდა იყოს და ძირითად აგრეგატებზე 12თვიანი გარანტია [ხელშეკრულების გაფორმებიდან] ვრცელდებოდეს.

შუახევის გამგეობის მიერ ამბულატორის ავტომობილის შესყიდვაზე 30 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ხვალ, 3 თებერვალს დასრულდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის ცხრა თემში სულ 12 ამბულატორია ფუნქციონირებს, შუახევის გამგეობის, ჯანდაცვის სამსხურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით ცხრა თემიდან შვიდ თემში არსებულ ამბულატორიას საკუთარი ავტომობილი აქვს, რომლებიც სოფლი მოსახლეობას საჭიროებისამებრ ემსახურება.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს ამბულატორიებისთვის შვიდი ავტომანქანა გადმოგვცა, ჭვანისა და დაბის თემის ამბულატორიის გარდა, ყველა თემის ამბულატორიას  საკუთარი ავტომობილი ემსახურება, ჭვანის ამბულატორიისთვის ავტომობილს კი ახლა ვყიდულობთ, რაც შეეხება დაბის ამბულატორიას, დაბაში ამბულატორია საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული და ექიმები საჭიროებისამებრ სასწრაფოს ავტომობილით სარგებლობენ, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დაბის თემში ისეთი დაშორებული სოფლები არ გვაქვს, როგორც შუბანში, წყალსაყარში, დღვანსა და სხვა თემებშია.

მიმდინარე წელს  ჭვანის ამბულატორის გარდა, სხვა ამბულატორიისთვის ავტომობილის შეძენა გაწერილი არ გვაქვს“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

შუახევის ცხრა თემიდან, მხოლოდ სამ ადმინისტრაციულ თემში – ჭვანაში, უჩამბასა და ზამლეთში ორი ამბულატორია ფუნქციონირებს, დანარჩენ თემებში [წყალსაყრის, დღვანის, ოლადაური, შუბანი, ბარათაულსა და დაბაში] კი ერთი.

12 ამბულატორიიდან რვა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამი ეკონომიკის სამინისტროს, ერთი კი კომპანია – „ალდაგი“ -ს ბალანსზე ირიცხება. ამბულატორიების ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე 2015 წელს გადავიდა.

 

ამავე თემაზე: დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: