Batumelebi | პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან – Batumelebi
RU | GE  

პატიმრების გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება – არგუმენტები სასამართლო დარბაზიდან

ციხეში შესვლის, გამოსვლის, ან სხვა საკანში გადაყვანის დროს, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია გაშიშვლებას სთხოვს. ზოგიერთი პატიმრის თქმით, მათ ბუქნების გაკეთებასაც აიძულებენ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეს მოუწია პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ არის ეს საჭირო, როცა არსებობს სკანირების მეთოდი და კიდევ – არის თუ არა ღირსების შემლახავი, როცა ადამიანს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებ.

პატიმრების გაშიშვლების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის თხოვნით სასამართლოს ყოფილმა პატიმარმა, ნანა ფ.-მ მიმართა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ [თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი] დღეს, 2 თებერვალს, არსებითად განიხილა.

სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, 2017 წლის 5 იანვარს, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა ერთ-ერთ გასაჩივრებულ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს უფლება აქვს სკანირების მეთოდი აირჩიოს [სკანირების აპარატი ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში აქვთ]. უარის შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, პატიმარს მოსთხოვოს სკანირება და ე.წ. „სრული შემოწმება“, რაც სხეულის  ნაწილობრივ, ან სრულ გაშიშვლებას გულისხმობს.

„ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა მაინც ძალაში რჩება, რადგან არსებობს ბრძანება #200, სადაც სკანირების შესახებ არაფერი წერია და ციხის ადმინისტრაციას ისევ აქვს უფლება, მოსთხოვოს პატიმრებს გაშიშვლება. გააჩნია, რომელი ბრძანებით იხელმძღვანელებს ციხის ადმინისტრაცია, მათ არჩევანი ისევ აქვთ,“ – მიმართა სასამართლოს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა,  გიორგი გოცირიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.

„რის გამო შევიდა ბრძანებაში ცვლილება?“ – კითხა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს იურისტებს. მათი განმარტებით, „ცვლილება დროებითი რეგულაციაა იმისთვის, რომ საპატიმრო დაწესებულებას სკანირების აპარატის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს.“

„როგორ განსაზღვრავთ, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ სკანირება და როდის „სრული შემოწმება“, რის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება? – ეს კითხვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა მოპასუხე მხარეს რამდენჯერმე გაუმეორა. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურისტმა მოსამართლეს უპასუხა, რომ  დასკვნით სხდომაზე გასცემს პასუხს სამართლებრივი საფუძვლის შესახებ. იურისტებმა მანამდე აღნიშნეს, რომ სკანირებით, მაგალითად, ვერ აღმოაჩენ, აქვს თუ არა დაზიანება სხეულზე პატიმარს, ან ფარულად ჩაკერებულ ჯიბეს და ასე შემდეგ.

კონკრეტული პასუხი სასჯელაღსრულების სამინისტროს იურისტებმა ვერც „ჩაკერებული ჯიბეზე” დასმულ შეკითხვას გასცეს: „თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერი პატიმარს შეიძლება ჰქონდეს აკრძალული ნივთი, რომ რისკი არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. თუკი პატიმარი დათანხმდება სკანირებას, მაგრამ ეს მეთოდი ვერ ადგენს ჩაკერებულ ჯიბეს, როგორ ხდება ამ რისკის დაზღვევა? ხომ არ გამოდის, რომ სკანირებაც და „სრული შემოწმება“ აუცილებელია? იქნებ ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ორივეს თანაბრად იყენებთ?” – იკითხა თეიმურაზ ტუღუშმა, კოლეგიის თავმჯდომარემ.

სხდომაზე გიორგი გოცირიძემ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა, სადაც აქტიურად გამოიყენება სკანირების მეთოდი, ხოლო „სრული შემოწმება“ – იშვიათ შემთხვევებში. მორიგ სხდომაზე ის სასამართლოს სკანირების აპარატის ტექნიკურ შესაძლებლობებსაც წარმოუდგენს.

საკონსტიტუციო სარჩელში აღწერილია კონკრეტული შემთხვევაც, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ პატიმრის გაშიშვლება ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობად მიიჩნია. ამის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა, როცა ბათუმის ციხიდან ერთ-ერთი პატიმრის წერილი მივიღეთ. პატიმარი დღემდე ვერ ესწრება საკუთარ სასამართლო პროცესებს, რადგან ის უარს აცხადებს სრულ გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებაზე, რის გარეშეც ადმინისტრაცია მას ციხიდან გასვლის ნებას არ აძლევს.

„თუკი სრული შემოწმება აუცილებელია, რატომ შემოგაქვთ მაშინ სკანირების აპარატები, რაც როგორც აღნიშნეთ, ძვირადღირებულია?“, – მიმართა კითხვით თეიმურაზ ტუღუშმა სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განმარტებით, სკანირების მეთოდის დანერგვა „გაზრდის სტანდარტს“.

სასჯელაღსრულების სამინისტრო აქცენტირებს იმაზე, რომ პატიმარს იმავე სქესის ადამიანი ამოწმებს გაშიშვლების დროს, ეს ხდება დახურულ ოთახში, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და პატიმარს შეუძლია გაასაჩივროს, თუკი მისი უფლება „სრული შემოწმების“ დროს დაირღვა.

„მსგავსი სარჩელი აქამდე ჩვენ არ გვქონია. ჩვენ წარმოვადგენთ იმ მონაცემებსაც, თუ რამდენი დანაშაულის აღკვეთა მოხდა ამ „სრული შემოწმების“ შედეგად. სკანერი, რაც უნდა დიდი სიმძლავრის იყოს და საუკეთესო ტექნიკური მონაცემების, ის ვერ შეცვლის სრულ შემოწმებას“, – მიმართა სასამართლოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა იურისტმა.

„დაზიანების აღმოჩენა ხსეულზე, რაც მოსაპუხე მხარემ აღნიშნა, არ არის „სრული შემოწმების“ მიზანი. მიზანი პირდაპირ განმარტებულია ბრძანებაში და ეს არის კანონით აკრძალული ნივთების ამოღება, რომლის ტარებაც ეკრძალება ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს. სკანირებით ამ ნივთების აღმოჩენა თავისუფლად შეიძლება“, – განაცხადა სხდომაზე გიორგი გოცირიძემ, მოსარჩელის ინტერესების დამცველმა.

სარჩელის მიხედვით, პატიმრების გაშიშვლება, ან ბუქნების გაკეთების იძულება ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-16 მუხლს [პიროვნების თავისუფალი განვითარება], მე-17 მუხლს [ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების აკრძალვა] და მე-20 მუხლს [პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი