სიახლეები

კონტრაცეფტივი ჩქარა!

31.03.2013 • 2120
კონტრაცეფტივი ჩქარა!

2013 წლის 12 მარტს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველამ, ეკითხებოდნენ თუ არ ეკითხებოდნენ, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, პოლიტიკოსები ტელევიზორებთან ან/და ტელევიზორებში ისხდნენ, მინისტრი თავქუდმოგლეჯილი დარბოდა უზნაძის ქუჩიდან დიდ დიღმამდე, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე და უკან. მოკლედ, მოვლენები ჩვეულებრივად და ქართულად განვითარდა, ანუ ყველას უნდოდა რაღაც გამოსულიყო უკეთესად, მაგრამ გამოვიდა – როგორც ყოველთვის.

 

ამ მოვლენების ირგვლივ ბევრი რამ ითქვა, ბევრიც დაიწერა, ამიტომ თავს არ მოგაბეზრებთ და სამართლებრივ, პოლიტიკურ, მორალურ თუ ამორალურ ანალიზს არ გავაკეთებ. მსურს, ამ მოვლენას სხვა პრიზმაში შევხედოთ, კერძოდ რა პოზიცია ჰქონდათ და აქვთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს ამ ყველაფრის მიმართ? (რა თქმა უნდა, აგრიუნის სტუდენტების გარდა). თუ მეხსიერება არ მღალატობს, რამდენიმე თვის წინ სწორედ სტუდენტები იდგნენ ქუჩაში და აპროტესტებდნენ უმაღლესი განათლების პოლიტიკას, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ზღვარგადასულ ქმედებებს, გმობდნენ წამებას და არადამიანურ მოპყრობას და ბოლოს და ბოლოს სისტემას ანგრევდნენ. ეს იყო ძალიან პრინციპული, შეუპოვარი და რადიკალური პოზიცია, რომელმაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესის შემდგომ განვითარებაზე.

 

მახსოვს, მაშინ ჩემი სამსახურის თბილ ოთახში ვიჯექი, საჯარო მოხელის თვალებით ვუყურებდი ამ ყველაფერს, საკუთარ თავს ვკიცხავდი და ძალიან მშურდა თანატოლების, რომლებიც ერთგვარ ქართველ „ბითნიკებად“ წარმომედგინა. მას შემდეგ, არც ისე დიდი დრო გავიდა და როდესაც აგრიუნის სტუდენტების შეიკრიბნენ, ვერსად დავინახე ნაცნობი სახეები, მეტიც ისინი სოციალური ქსელებიდანაც ერთიანად გაქრნენ, გაირინდნენ, თითქოს ყველა მიწამ ჩაყლაპაო. შემდეგ კანტიკუნტად ვიღაცები გამოჩდნენ და მოგვიწოდეს, რომ კახა ბენდუქიძისთვის ჩამოერთმიათ უნივერსიტეტი და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულიყო, რადგან დღესდღეობით, ქვეყნის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა ყოფილა (თითქოს ვინმე უშლიდეს სახელმწიფოს უნივერსიტეტის დაარსებას, მაგრამ როდესაც ყველაფერი მოვლილი და დალაგებულია, რატომ ავიტკიოთ თავი, როდესაც შეგვიძლია ჩამოვართვათ). მეტიც, ამ ახალგაზრდებს განსხვავებული აზრის გაგონებაც კი არ უნდათ, ქუჩაში მდგარ თანატოლებს ლიბერალიზმის მონებად, სექტანტებად მიიჩნევენ და მხარდაჭერის ღირსადაც არ თვლიან. 

 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სტუდენტებმა უნივერსისტეტის თვითმმართველობა ჩაანაცვლეს, არსებული „სიკეთეები“ და პრივილეგიები უცვლელად გადაიბარეს, თავიანთ თბილ ოთახებს დაუბრუნდნენ, ახალი გმირები და გურუები გაიჩინეს (თუნდაც იმ ლექტორს ვგულისხმობ, თსუ-დან რომ გამოუშვეს და ბენდუქიძეს სექტანტად რომ მოიხსენიებს), თავადაც მოირგეს სოციალიზმის იდეოლოგია ფარად და მაღალი პედისტალებიდან თუ ფავორიტი ჟურნალ-ტელევიზიებიდან გვიკიჟინებენ მორალს.

 

მკითხველი იკითხავს ალბათ, რა შუაშია სათაური და კონტრაცეფცია ამ ყველაფერთან? შუაში კი არა, ვფიქრობ, თავშია. არასასურველი პოლიტიკური და იდეოლოგიური ორსულობა, ისევე როგორც, დამახინჯებული მსჯელობისა და აზროვნების შედეგად გადამდები დაავადებები, არანაკლებ საშიშია, ვიდრე საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ყველაზე კარგი, საღი და ეფექტური კონტრაცეფცია ამ პრობლემის წინააღმდეგ, განათლება და ჯანსაღი აზროვნება მგონია. ჯერ ბოლომდე ვერ შევეჩვიეთ ყოფითი მიზნებისთვის კონტრაცეფტივებს, რომ ახლა მენტალობაც გინდათ ამით შევფუთოთ და ვარდს აირწინაღით ვუყნოსოთო? იკითხავს მავანი. თუმცა, მგონი სჯობს ამ უკანასკნელით დაგვეწყო ბატონებო, დანარჩენი ყველაფრისთვის კი უროლოგები, ვენეროლოგები და სხვანი არსებობენ.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: