სიახლეები

არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

13.02.2013 • 1339
არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

ლელა დუმბაძე


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონპროექტს უსკოს (აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია) დაკომპლექტების წესის შესახებ ხელი არ მოაწერა. პროექტი შენიშვნებით უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად უკვე  გადაეგზავნა.

 

კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო
კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებს არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო

 

შენიშვნების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. მას არჩილ ხაბაძე წინა კვირას გაეცნო. ახალი კანონპროექტის მიხედვით, უსკოს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკომპლექტებენ, რასაც არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ახალი კანონპოექტი პოლიტიკური ნიშნით და რეგლამენტის უხეში დარღვევით არის მიღებული.

 

 „მე რამდენადაც ვიცი, კანონი უკან დააბრუნა შენიშვნებით. რა შენიშვნებია ზუსტად არ ვიცი, ალბათ გადმოგზავნილი იქნება დილით ელექტრონული ვერსია და გავეცნობი. ვფიქრობ, არ არის ისეთი შენიშვნები, რომლის დაძლევა იქნება შეუძლებელი. ალბათ სარედაქციო მნიშვნელობის შენიშვნები იქნება“, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცესურო კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე.

 

როგორც მედეა ვასაძე ამბობს, შენიშვნების ჩასასწორებლად, ერთ კვირაში რიგგარეშე პლენარული სხდომა უნდა დაიგეგმოს: „თუ შენიშვნები არის გასაზიარებელი, ეს ვადები იქნება საკმარისი, თუ არ არის გასაზიარებელი, მაშინ სხვა წესი არსებობს და ამ წესს გამოვიყენებთ. რეგლამენტის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს ამ კანონზე ხელის მოწერის უფლება და კანონი მაინც ამოქმედდება“.

 

„მე როგორც ვიცი, კანონი არ დაუბრუნებია. თუ შენიშვნები არის მიუღებელი, უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ გაითვალისწინოს და კანონი მაინც ამოქმედდეა“, – ამბობს იურიდიული კომისიის წევრი, გია მასალკინი. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიმართ სენსიტიურია და საბოლოო პოზიციას კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს: 

„მე გავივლი კონსულტაციებს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც წარმოვადგენ. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ ამ კანონის მიღებამ არ გამოიწვიოს გარკვეული სამართლებრივი ჩიხი და მკვეთრი შენიშვნები ვენეციის კომისიისგან“.

 

 

არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილება უცნობია დავით ბაციკაძესთვისაც. იგი ამბობს, რომ არასამთავრობოების შენიშვნები მისთვის ცნობილია: „ნაწილს ვეთანხმები, ნაწილს – არა. არჩილ ხაბაძეს რა შენიშვნები აქვს, არ ვიცი, ვნახავთ“.


შენიშვნებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში დღეს ბრიფინგს გამართავენ.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: