მთავარი,სიახლეები

ვაკანტური თანამდებობები და სავარაუდო კანდიდატები

17.01.2017 • 1828
ვაკანტური თანამდებობები და სავარაუდო კანდიდატები

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. თავადაც ადასტურებს, რომ ამ თანამდებობაზე შეთავაზებას აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანზორ თხილაიშვილი ელოდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მთავრობა ჯემალ ნაკაშიძის კანდიდატურასაც განიხილავს.

ჯემალ ნაკაშიძე ბოლოს ამავე უწყებაში მოადგილედ მუშაობდა და ახლა სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს. ის პროფესიით იურისტია და გასულ წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

2007 წლის აგვისტოდან 2011 წლის მარტამდე ის იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი. 2012 წლის დეკემბრიდან კი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.

თავად ჯემალ ნაკაშიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სამმართველოს უფროსობა მისთვის ჯერ არ შეუთავაზებიათ.

ვაკანტურია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის, ასევე სააგენტოს ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის უფროსის თანამდებობაც. ჯერჯერობით დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის მოწვევას ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თბილისიდან აპირებს. უწყებაში ვაკანსიის შევსებაზე  დასმულ კითხვებს – ვის ან როდის ნიშნავენ სააგენტოს ხელმძღვანელად, შესაბამისი თანამდებობის პირები მხოლოდ იმას პასუხობენ, რომ “სიტუაციას აკონტროლებენ”.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურია ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც ახალი კადრის დანიშვნა სავარაუდოდ დღეს იგეგმება. თუმცა სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მალხაზ რომანაძე დაინიშნა. ეს თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე სამუშაოდ აჭარის უმაღლეს საბჭოში გადავიდა. მალხაზ რომანაძე პროფესიით ეკონომისტია. 2014 წლიდან დღემდე ის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მერიაშიც.  ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, რეორგანიზაცი ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს ჯერჯერობით არ შეეხება.

მერი მოიაზრებს საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის გაყოფას, სამაგიეროდ აუქმებს მერის ერთი მოადგილის თანამდებობა, რომელიც ფინანსებს კურირებდა. ეს თანამდებობა მერიაში მას შემდეგ არის ვაკანტური,  რაც ის ზურაბ ბერიძემ დატოვა. გაყოფის შემდეგ მერიის ეკონომიკურ სამსახურს სავარაუდოდ გოგა ლომაძე, საფინანსო სამსახურს კი არჩილ ვანაძე უხელმძღვანელებს.

ბათუმის მერი მიიჩნევს, რომ მოადგილის ვაკანტური თანამდებობა მერიაში პრობლემას არ ქმნის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: