მთავარი,სიახლეები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ისევ ხელმძღვანელის გარეშე

16.01.2017 • 2479
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ისევ ხელმძღვანელის გარეშე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. მირანდა ჩარკვიანის სამსახურიდან წასვლის შემდეგ სააგენტოს უფროსის მოვალეობას არავინ ასრულებს, რადგან ვაკანტურია მოადგილის თანამდებობაც. ამ თანამდებობაზე არავინ დაუნიშნავთ მას შემდეგ, რაც ბიძინა აფხაზავა გაათავისუფლეს.

ეს ვითარება ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს იმ დეველოპერებისთვის, რომლებსაც ახალი მშენებლობის წამოწყება ძეგლის ხარჯზე სურთ ან უკვე დაწყებულ პროექტში ცვლილების შეტანა უნდათ. კანონის მიხედვით, თუ კერძო ან იურიდიული პირი ამ მიზნით სააგენტოს მიმართავს და 20 დღის ვადაში მისგან პასუხს ვერ მიიღებს, ეს იქნება ავტომატური თანხმობა, ანუ დეველოპერს შეეძლება ძეგლის დემონტაჟი თუ პროექტის შეცვლა…

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კი, ამ დროისთვის ოფიციალურ წერილზე ხელის მომწერი პირი არ ჰყავს, შესაბამისად, ვერც შესულ განცხადებებს გასცემენ პასუხს. ხელმძღვანელი არც სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის გაცემის განყოფილებას ჰყავს მას შემდეგ, რაც ზაურ ახვლედიანი სამუშაოდ უმაღლეს საბჭოში გადავიდა.

აჭარის მთავრობაში განაცხადეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სააგენტო აჭარის განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული ორგანოა და, შესაბამისად, სააგენტოს მუშაობაზეც განათლების მინისტრია პასუხისმგებელი.

აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა კი განმარტა, რომ ის სააგენტოს მუშაობას აკონტროლებს და იცის ინფორმაციები, რომლებზეც სააგენტო დღეს მუშაობს. მინისტრის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას სააგენტოში შესულ განცხადებებზე და ამ დროისთვის საგანგაშო არაფერია: „ყველა განცხადებას, რაც შემოსულია, აქვს ხარვეზი და გადაუვადდათ ვადები, რომ შეავსონ დოკუმენტები“.

აჭარის მთავრობაში ბოლო პერიოდში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელსაც მალე დანიშნავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: