სიახლეები

„მე-13 ხელფასი მანკიერი პრაქტიკაა“

26.12.2012 • 1375
„მე-13 ხელფასი მანკიერი პრაქტიკაა“

აჭარის ტელევიზიის დროებითი ბიუჯეტი დამტკიცდა გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე. ტელევიზიის წარმომადგენლის ვახტანგ ქავთარაძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტში 923 ათასი ლარის  ეკონომია გაჩნდა.

 

„დაგეგმილი იყო სტუდიის რემონტი, რომელიც არ განხორციელდა, შემცირდა ოფისის და მივლინებების, გადამცემი სადგურების და ელექტროენერგიის ხარჯები, რის შედეგადაც ტელევიზიის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარიდან ოთხ მილიონ ლარზე ჩამოვიდა. გარდა ამისა, მზადდება ორი საახალწლო გადაცემა, რომელზეც გამოცხადებული იყო ტენდერი და გაიმარჯვა „თი ბი სი სტუდიამ“.

 

სატენდერო თანხა შეადგენდა 860 ათას ლარს, ტენდერის შედეგად კი ეს თანხა 84 ათას ლარზე დავიდა“  – განაცხადა ვახტანგ ქავთარაძემ.

 

აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელმა  მთავრობას ტელევიზიის უშტატო თანამშრომლებზე გასაცემი ე.წ „მე-13 ხელფასის“, სულ 145 ათასი ლარის დამტკიცება სთხოვა, რაზეც მთავრობა დათანხმდა. წინააღმდეგი მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, გიორგი თავართქილაძე იყო. მისი განცხადებით, „მე-13 ხელფასი“ მანკიერი პრაქტიკაა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ:

 

„ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. შეუძლებელია ტელევიზიაში 46 შტატი იყოს და 150 კაცი უშტატოდ მუშაობდეს. ეს არ არის მიზანშეწონილი, უნდა ჩამოყალიბდნენ და განსაზღვრონ, რამდენი თანამშრომელია საჭირო ტელევიზიისთვის“.

 

მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, რადგან ტელევიზიის სტატუსი ჯერ განსაზღვრული არ არის, ხელისუფლება არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, „ვთანხმდებით იმაზე, რომ უშტატო თანამშრომლებზე პრემიების გაცემის საკითხი არასწორია, მაგრამ იმედია დეკემბერში თუ არა, თებერვალში მაინც გადაწყდება ტელევიზიის სტატუსის საკითხი და სამომავლოდ შტატების საკითხიც დარეგულირდება“.

გადაბეჭდვის წესი