სიახლეები

ბათუმის საბაგირო გზა და მილიონი დოლარი ეკლესიისთვის

26.12.2012
ბათუმის საბაგირო გზა და მილიონი დოლარი ეკლესიისთვის

სამკილომეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც ბათუმს ფერიის მთაზე მდებარე გასართობ კომპლექს `არგოსთან~ დააკავშირებს, გაზაფხულზე უნდა გაიხსნას. კომპანია `ჰესტოკ ბათუმის“ ტექნიკური ზედამხედველი პაატა მჟავანაძე ამბობს, რომ საბაგიროს ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და ტექნიკურ წუნს ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, ტექნიკური ტესტირება ავსტრიულმა კომპანია „დობერმაიერმა“ ჩაატარა: `პროექტი დობერმაიერმა დაამუშავა და შესაბამისად ტექნიკურ შემოწმებასაც ის აწარმოებდა. რადგან საბაგირო მაღალი რისკის ობიექტია, ტესტირების გარეშე ვერ გავუშვებდით. ტესტირებას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ასევე ექსპერტი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, დავით პატარაია“.

 

 

პაატა მჟავანაძის განცხადებით, ტესტირების დასკვნები ეკონომიკის სამინისტროს ჩაჰბარდა. „დასასრულებელია მხოლოდ სადგურის მოპირკეთება, რომელიც აპრილისთვის დასრულდება“.  

 

 

კომპანია „ჰესტოკ ბათუმმა“ აჭარის მთავრობის 14 დეკემბრის სხდომაზე ფერიის მთაზე ეკლესიის მშენებლობის საკითხი დააყენა. კომპანიას, აჭარის ეკონომიკის  სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფერიის მთაზე დანგრეული ეკლესიის სანაცვლოდ ახალი ეკლესია უნდა აეშენებინა. ეკლესიის მშენებლობაზე ერთი მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ქავჟარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, საპატრიარქოსთან ეკლესიის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გადარიცხვაზე შეთანხმება მიღწეულია:

 

„საპატრიარქოს განცხადება 7 ნოემბერს გავუგზავნეთ, თანხმობაც მივიღეთ და მემორანდუმიც გაფორმებულია. საპატრიარქო ჩვენგან მიიღებს ერთ მილიონ დოლარს, თანხა 31 დეკემბრამდე ჩაირიცხება მათ ანგარიშზე. ამის შემდეგ თვითონ გადაწყვეტენ, ვის ააშენებინონ ეკლესია. ალბათ მათ უფრო ეყოლებათ სპეციალისტები, ჩვენ მშენებლები არ ვართ, მხოლოდ ინვესტიციაზე ვმუშაობთ“.

 

 

რაც შეეხება ტერიტორიას, თუ სად აშენდება ეკლესია, ისევ ფერიას მთაზე თუ სხვაგან, გიორგი ქავჟარაძის განცხადებით, ამაზე სახელმწიფო და ეკლესია უნდა შეთანხმდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.