საქართველოში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება 2025 წელს აჭარაში ფუნქციონირებდა [საერთო რაოდენობის 21.3 პროცენტი], ხოლო მეორე ადგილზე თბილისი იყო [20.9 პროცენტი]. შესაბამისად, 592 და 583 დაწესებულება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, ამავე წელს ქვეყანაში სულ სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას [ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით]. აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით.

წყარო: საქსტატი
აჭარა პირველ ადგილზეა ასევე სასტუმროს ნომრებისა და ადგილების რაოდენობითაც. საქსტატის მონაცემებით, აჭარაში ადგილების რაოდენობა 40 ათასამდეა, ხოლო თბილისში – 30 ათასი.
მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი, 2025 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6 პროცენტით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით, 6.1 პროცენტითაა გაზრდილი ნომრების საერთო რაოდენობაც და ჯამში 54.3 ათასი შეადგინა.

წყარო: საქსტატი
„სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5 პროცენტს. ამასთან, შპს იყო – 33,3 პროცენტი, ხოლო სააქციო საზოგადოება 0,5 პროცენტი“, – წერს საქსტატი.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში.
2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, სტუმართა 62.7 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი [სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3 პროცენტი] ისრაელის მოქალაქე იყო. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეები, ხოლო მესამეზე – თურქეთის.
ამავე მონაცემებით 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საუდის არაბეთის მოქალაქეების რაოდენობა.

წყარო: საქსტატი
„სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ [შესაბამისად, 14.7 და 12.9 პროცენტი].
2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობა [54.5 პროცენტი] ქალია“, – წერს საქსტატი.
___
ამავე თემაზე:
„ნაკლებად მირეკავენ, ალბათ ამინდების ბრალია“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბინა და სასტუმრო ბათუმში






