მთავარი,სიახლეები

რა ღირს ჩვილის კვება საქართველოში – „მერე უკვირთ, რატომ არ აჩენ მეტს“

13.08.2026
რა ღირს ჩვილის კვება საქართველოში – „მერე უკვირთ, რატომ არ აჩენ მეტს“

„ფორმულა, რომელსაც ვაჭმევ, 77 ლარი ღირს, 6 თვემდე ყოფნიდა 5 დღე, ახლა 10 თვისაა და ყოფნის დაახლოებით 8-9 დღე, პამპერსი 40 ლარი ღირს, ეგეც 7-8 დღე ჰყოფნის, ფაფებიც აფთიაქის, ტანსაცმელი ჩემ ტანსაცმელზე ძვირია.

დაუმატეთ მოვლის საშუალებები და მერე უკვირთ რატო არ აჩენ მეტს… ჰო, სხვა საკვებსაც ხომ ვყიდულობ, ხორცი, თევზი, ბოსტნეული…“ – ეს ერთ-ერთი მშობლის პასუხია „ბათუმელების“ მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე – რა ღირს ჩვილი ბავშვის კვება საქართველოში.

„ბათუმელების“ მიერ უშუალოდ მშობლებისგან შეგროვებული ინფორმაციის და სააფთიაქო ქსელებში პროდუქტების ფასების გადამოწმების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბავშვისა კვების და მოვლის პროდუქტები ძვირია და ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში შობადობის შემცირებაზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში შობადობა 4.1 %-ით შემცირდა.

2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა (19 856 ბიჭი და 18 011 გოგო), 2024 წელს კი 39 483 ბავშვი (20 755 ბიჭი და 18 728 გოგო).

ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს დაბადებული ბავშვებიდან დაახლოებით 12.5 ათასი იყო ოჯახში მეორე ბავშვი (32.9 %).  ამ მაჩვენებლით ოჯახში მეორე ბავშვის შობადობა 0.8 %-ით შემცირდა, რადგან 2024 წელს ოჯახში მეორე ბავშვის წილი 33.7% იყო.

მანჩო ხოხაშვილს 2 შვილი ჰყავს. 2 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი. მესამეს გაჩენას აღარ გეგმავს.

„ეკონომიკური ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემთვის და ალბათ ბევრი სხვა წყვილისთვისაც. ჩემს მეორე ბავშვს იშვიათი გენეტიკური სინდრომი აქვს და დროითი თუ ფინანსური რესურსი სტანდარტული განვითარების ბავშვთან შედარებით, მეტი სჭირდება. ამანაც იქონია გავლენა გადაწყვეტილებაზე.

ზოგადად, ბავშვის ხელოვნური კვება, ერთ წლამდე ფაფები თუ მზა კვება, ისეთი ძვირია და ისე იზრდება ყოველწლიურად, წარმოუდგენელია ამის არგათვალისწინება ოჯახის დაგეგმვისას

უფროსი 7 წლის ხდება, პატარა – ორის და მაქვს საშუალება შევადარო რა ღირდა ესა თუ ის საჭირო პროდუქტები (ფორმულა, კვება, ჰიგიენა) და გეომეტრიული პროგრესიითაა გაზრდილი ბოლო წლებში ყველაფერი.

პატარას წონის ნაკლებობის გამო სპეციალური ფორმულა სჭირდებოდა, რომელიც კიდევ უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა, ალტერნატიული ვარიანტები.

მიწევდა და მიწევს ისე დავგეგმო ყველაფრის შეძენა, რომ დავამთხვიო ფასდაკლების დღეებს, მოვიმარაგო და ცოტა მაინც დავზოგო ამ პირველად საჭიროებებზე.

თან მარტო კვება ხომ არაა.  ექიმები, ანალიზები… სახელმწიფო დაზღვევით ვსარგებლობდით ბავშვებზე და დაფინანსებული სტანდარტული პროცედურების გარდა, უამრავი რამეა საჭირო, მით უმეტეს, როცა სპეციალური საჭიროების ბავშვი გყავს,“- ამბობს მანჩო ხოხაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას.

ბათუმში მცხოვრები გვანცა ბაციკაძე წლის და 4 თვის გოგონას ზრდის, რომელსაც ხელოვნური საკვები 4 თვის ასაკიდან დასჭირდა.

„ნუტრილონ პეპტი გასტროს ჭამდა, რომელიც ყველაზე დიდ ფასდაკლებაზეც კი 50 ლარი ღირდა, შემდეგ გაძვირდა და ბოლოს 59 ლარიც კი გადავიხადეთ. ერთი ქილა საკვები ჰყოფნიდა მხოლოდ 4 დღე,“ – გვიყვება გვანცა.

გააჩენთ თუ არა მეორე შვილს და ამ გადაწყვეტილების მიღებისას, არის თუ არა ეკონომიკური ფაქტორი გადამწყვეტი? – ვკითხეთ მას.

„ვფიქრობთ, მაგრამ ეკონომიკური ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით მეტად დავიტვირთოთ თავი, რომ შემოსავალიც გაიზარდოს.

რა [შემოსავალიც გვაქვს] იმას მაქსიმალურად სწორად ვანაწილებთ, რომ ხარჯების გადამეტება არ მოგვიხდეს. ვყიდულობთ ფასდაკლებებზე. თვიურად ყოველთვის ვანაწილებთ რა თანხას რაში დავხარჯავთ და ა.შ თუმცა, მიუხედავად ჩვენი სწორი განაწილებისა, ყველაფერი ძალიან ძვირია. თუ გინდა, კარგი ხარისხის იყიდო, ყველაფერი ძალიან ბევრი ხარჯიც აქვს. თან რამდენიმე თვის შუალედშიც კი ყველაფერი უფრო და უფრო ძვირდება,“ – გვეუბნება გვანცა ბაციკაძე.

ახალშობილისთვის უალტერნატივო საკვები დედის რძეა, თუმცა ბევრი ფაქტორია რის გამოც ყველა დედას არ აქვს შესაძლებლობა, ბავშვი ძუძუთი გამოკვებოს.

ასეთ შემთხვევაში ჩვილისთვის ალტერნატივა ხელოვნური კვებაა, რომელიც საქართველოში ძვირი ჯდება.

რა ღირს ერთი ჩვილის გამოკვება 0-დან 6 თვემდე, სანამ ბავშვი მყარ კვებას დაიწყებს? – ეს კითხვა ერთ-ერთ ჯგუფში ჩვილ ბავშვთა დედებს დავუსვით.

აი, მათი პასუხები:

„180 გრამიანი ჰიპი კომბიოტიკი 38 ლარი ღირს,  3-4 საათში ერთხელ ჭამს და ორდღენახევარი ჰყოფნის“.

„პიკოჯესტს ვაჭმევ, 800-გრამიანი შეფუთვა ჰყოფნის 5 დღე. ფასდაკლებაზე ვყიდულობ ხოლმე, 61 ლარამდე ვაძლევ“.

„ფრისოთი ვკვებავდი 6 თვემდე, ანუ მყარ კვებამდე. 10-12 კოლოფი გვინდოდა თვეში, 51,50 ლარი ღირს ერთი. რაც მყარი კვება დავიწყეთ, რძის მიღება შეამცირა, მაგრამ არც ბოსტნეული, ხორცი და თევზია იაფი. ახლა წლის და 2 თვისაა, მხოლოდ ძილისწინ სვამს რძეს, ერთი კოლოფი 11 დღე ყოფნის“.

„წონის ნაკლებობის გამო ნუტრიბენის სპეციალურ ფორმულას ვაჭმევდი თვეების მანძილზე, 400 გრ 50 ლარამდე ღირდა და 2-3 დღე ჰყოფნიდა“.

ყველაზე იაფი საკვები, რომელიც საქართველოში აფთიაქებში იყიდება, სიმილაკია და 400 გრამიანი შეფუთვა 35 ლარი ღირს ფასდაკლების გარეშე.

ფასები საკვების შემადგენლობის და საფირმო დასახელების მიხედვით იზრდება. ყველაზე ძვირი „კარბიტას“ ფირმის საკვებია. საწყისი ფასი 186 ლარია, ფასდაკლებით კი 130 ლარად შეიძლება შეძენა.

„დაბადებიდან ვაჭმევ კაბრიტას, 130 ლარი ღირს 30%-იანი ფასდაკლებით. საშუალოდ 650 ლარი მეხარჯება თვეში მხოლოდ კვებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მშობელმა, რომელსაც 8 თვის ჩვილი ჰყავს.

გარდა კვებისთვის საჭირო ფინანსებისა, მან სხვა ხარჯების შესახებაც გაგვიზიარა ინფორმაცია:

„თვეში 2 შეკვრა „პამპერისის“ ფირმის პამპერსი სჭირდება, რომელიც ღირს 39,90 ლარი, ხან ფასდაკლებით 34 ლარიცაა, გააჩნია. ფაფები დაიწყო უკვე, 3 ცალი უნდა თვეში, დაახლოებით 69 ლარი ჯდება. კრემი 3 თვე გვყოფნის „ველიდას“, „ურიაჟის“ და „ავენის“ ფირმის, დასაბან საშუალებასაც „ურიაჟს“ ვყიდულობ, 250 ლარამდე ეგ ჯდება, თუმცა 3 თვეში ერთხელ მიწევს ყიდვა.

8 თვისაა, ჯერ არ გამციებია, არც სიცხე ჰქონია, ამიტომ არ ვიცი საბავშვო წამლები რა ღირს, მარტო სიცხის დამწევი მაქვს. ტანსაცმლებს აქ ისეთი ფასები აქვს, ვიწერ,“ – ამბობს მშობელი.

კიდევ ერთი მშობელი გვიზიარებს ჩვილის კვების და მოვლის ხარჯებს.

„8 თვემდე მყავდა შერეულზე, ვაჭმევდი ჰიპი კომბიოტიკს 4 თვე, შემდეგ ჰიპი ორგანიკს. მაშინ ყოფნიდა 5 დღე. თვეში მეხარჯებოდა კვებაში 200 ლარამდე. ახლა მყარ საკვებსაც იღებს და დაახლოებით ისევ მაგდენი მეხარჯება. ამას დამატებული ბოატნეული, რომელსაც ჭამს, ფაფები, ხილი, რძის ნაწარმი და ხორცი.

ჯამში სადღაც 400 ლარი მჭირდება კვებაში თვეში. კვებას პლუს საფენები, თავის მოვლის საშუალებები, მედიკამენტები (თუ დასჭირდა) და ტანსაცმელი, რომელიც ხშირად უპატარავდებათ პატარებს. 1000 ლარამდე ჩვეულებრივ ავა ხარჯები თვეში,“ – გვიხსნის მშობელი.

„ბათუმელების“ მიერ ჩვილ ბავშვთა მშობლებისგან შეგროვილი ინფორმაციის მიხედვით, 1 ჩვილის მხოლოდ კვებაზე თვეში საშუალოდ 500-550 ლარი ეხარჯება ოჯახს. ხოლო სპეციალური, ძვირადღირებული ფორმულის შემთხვევაში ხარჯი 600-750 ლარამდეც ადის. ამას ემატება მოვლის საშუალებები, რომელიც საშუალოდ თვეში 230 ლარი ჯდება.

საბოლოოდ, თუკი შევაჯამებთ, ჩვილი ბავშვის კვება, საფენები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი საქართველოში ოჯახს დაახლოებით 750-1000 ლარი უჯდება. ხოლო თუკი ჩვილს სპეციალური, ძვირადღირებული კვება ესაჭიროება, ხარჯი იზრდება.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2026 წლის პირველ კვარტალში 2 363 ლარი იყო.

  • რატომ ღირს ძვირი ჩვილის კვება საქართველოში?

საქართველოში ბავშვის საკვების ძვირ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – მათგან მთავარი იმპორტზე დამოკიდებულებაა. ჩვილის კვებისთვის საჭირო ფორმულები, ფაფები, თუ სხვა საკვები პროდუქტი, ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის.

ტრანსპორტირება, საბაჟო და დისტრიბუციის ხარჯები საბოლოოდ დახლზე დადებულ პროდუქტის ფასზე ახდენს გავლენას და მშობელს ძვირის გადახდა უწევს.

„ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ“ მიმდინარე წლის აპრილში დადო დასკვნა, რომელშიც ასევე საუბარია ჩვილ ბავშვთა საკვებზე არსებული მაღალი ფასების მიზეზებზე.

„ბავშვთა კვების პროდუქტები, პარფარმაცევტული სეგმენტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არ ექვემდებარება ფასობრივ რეგულირებას, რის შედეგადაც მისი ფასი სრულად ბაზრის მექანიზმებით ფორმირდება.

აღნიშნული პროდუქციის მაღალი ფასები განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:

  • საერთაშორისო ბრენდების პოზიციონირება – დაბალი ჩანაცვლებადობა ამცირებს კონკურენციულ ზეწოლას;
  • მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი – დამატებითი ლოგისტიკური და კომერციული ეტაპები ზრდის საბოლოო ფასს;
  • იმპორტზე დამოკიდებულება – ფასები მგრძნობიარეა კურსისა და გლობალური ცვლილებების მიმართ.

შედეგად, არარეგულირებულ სეგმენტში ფასის ფორმირება დინამიკურ ხასიათს ატარებს და ეფუძნება ბაზრის მოთამაშეების კომერციულ სტრატეგიებს, რომლებიც მოიცავს ფასდაკლებების, აქციების, ბრენდული პოზიციონირებისა და კონკურენტული რეაგირების მექანიზმებს,“ – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ბავშვთა კვების პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასის ერთ-ერთი მიზეზი იმპორტდამოკიდებულება და გრძელი მიწოდების ჯაჭვია.

კომისიამ რეკომენდაციის ხასიათის ჩანაწერი გააკეთა და დაწერა, რომ თუკი მიწოდების ჯაჭვი შემცირდება, ანუ აფთიაქები უშუალოდ მწარმოებლისგან იყიდიან საბავშვო პროდუქტებს, ეს გავლენას მოახდენს ფასზე და ის შემცირდება.

„ბავშვთა კვების პროდუქტები წარმოადგენს სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი.

აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და შექმნის უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას მომწოდებლებთან.

მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე,“ – ნათქვამია საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველომ 86 მლნ ლარის ღირებულების ბავშვთა კვების პროდუქტები იყიდა.

კერძოდ, 2025 წელს საქართველოში იმპორტით შემოვიდა:

  • 40 მილიონ 669 ათას 793 ლარის ღირებულების დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევი, 0-12 თვემდე ასაკის ჩვილებისათვის.      
  • 17 მილიონ 794 ათას 895 ლარის ღირებულების შემდგომი რძის ნარევი, 1-3 წლის ასაკის ბავშვებისათვის              
  • 13 მილიონ 847 ათასი 298 ლარის ღირებულების მარცვლოვანი ფაფები და 13 მილიონ 551 ათასი 166 ლარის ღირებულების მზა ბავშვთა საკვები – პიურეები, იოგურტები, პუდინგები და სხვ.        

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში შობადობა მკვეთრად არის შემცირებული.

ამავე თემაზე:

„ჩემ გარშემო გოგო-ბიჭების 70%-ი ვერ ვქმნით ოჯახს“ – ქალები რეალურ მიზეზებზე, რატომაც შემცირდა შობადობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: