ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე რუსული, დასანქცირებული ონლაინ სავაჭრო კომპანიის, „ვაილდბერიზის“ რეკლამებია განთავსებული. მუნიციპალურ ავტობუსებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ განაგებს. თავის მხრივ, ეს კომპანია ბათუმის მერიას, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და ჰკითხა, თუ რატომ განათავსეს რუსული, ამავე დროს სანქცირებული კომპანიის რეკლამები ავტობუსებზე და რამდენი ხნით არის განთავსებული?
როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო მასალის განთავსება, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს სარეკლამო კომპანია „ალმას“, რომელიც ფაქტობრივად მონოპოლიას ფლობს ბათუმის ბაზარზე.
„სარეკლამო შინაარსის შეთანხმება არ ხდება ჩვენთან“, – აცხადებენ ბათუმის ავტოტრანსპორტში.
მათ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ ავტობუსზეა რუსული კომპანიის რეკლამა განთავსებული და რამდენი ხნით.
„ბათუმელებმა“ დღეს, 27 ივლისს, ბათუმის ქუჩებში გადაიღო ავტობუსები რუსული კომპანის რეკლამით.
ვიდეო:
დავუკავშირდით შპს „ალმასაც“ – მათ ვკითხეთ, როდის მიმართა ვაილდბერიზმა „ალმას“ რეკლამისთვის, რამდენი ხნით არის განთავსებული მათი რეკლამები ბათუმის ავტობუსებზე, რამდენ ლარს იხდიან სანქცირებული კომპანიისგან მიღებული შემოსავლებით ბათუმის ბიუჯეტში და რადგან „ვაილდბერიზი“ დასანქცირებულია იმის გამო, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება კრემლს, სამხედრო დანიშნულების მასალების მიწოდებაში, ხომ არ შეუქმნის ეს ფაქტი მათ რაიმე პრობლემას მომავალში?
კომპანიაში თავიდან დაგვპირდნენ, რომ კომენტარს გაგვიკეთებდნენ ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ, „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხეს.
„სარეკლამო მასალის შინაარსი მუნიციპალიტეტთან არ თანხმდება. ამასთან, კომპანია ვალდებულია დაიცვას „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საფუძველი, შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხორციელდება.
სხვა სამართლებრივი მექანიზმი და კომპეტენცია მუნიციპალიტეტს, მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნია“, – მოგვწერეს მერიიდან.
დაზუსტებისთვის მერიას ვკითხეთ, „კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საფუძველში“ რა იგულისხმება? ასევე, როცა კომპანია დასანქცირებულია, მასთან თანამშრომლობას ზღუდავს თუ არა არსებული კანონი?
გარდა ამისა, მერიას ვკითხეთ, თუ რეკლამის შინაარსში არ ერევიან, მისცემენ თუ არა „ალმას“ უფლებას ავტობუსებზე განათავსოს, მაგალითად, ამ შინაარსის ბანერი – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“?
მერიაში ამ კითხვებს არ უპასუხეს. „ალმას მიმართეთ ამ შეკითხვებით“, – მოგვწერეს მერიიდან.
___
რაც შეეხება რუსულ კომპანია ვაილდბერიზს, ის რუსული უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო ქსელია. ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს მათ ოფისებზე რუსეთში. კომპანიის ოფისები დაიბომბა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და სხვა ქალაქებში.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Wildberrries აშშ-მა, პოლონეთმა და უკრაინამ დაასანქცირა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის დახმარებისთვის. სანქციების პირობებშიც კი, Wildberries-ი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც არხი იმ საქონლის რეალიზაციისთვის, რომელიც რუსეთში აღარ უნდა შედიოდეს, მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით მაინც ხვდება ამ კომპანიის საწყობებში.
ამ პლატფორმაზე მასობრივად იყიდება დრონები, თერმული ვიზორები, ჯავშანჟილეტები, ტაქტიკური ტანსაცმელი და კავშირგაბმულობის საშუალებები.
ბოლო ერთი წელია, ამ დასანქცირებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო საქართველოში ოფისების გახსნა. ყველაზე მეტი ოფისი გახსნილი აქვს თბილისსა და ბათუმში.
____________
მთავარი ფოტო: ვაილდბერიზის რეკლამები ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე/ფოტო: ბათუმელები.
____________
ამ თემაზე:
როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში






