მთავარი,სიახლეები

„დაასანქცირე ქართული ოცნება” – „პლატფორმა 2025“-ის განცხადება

27.07.2026
„დაასანქცირე ქართული ოცნება” – „პლატფორმა 2025“-ის განცხადება

ორგანიზაცია „პლატფორმა 2025“ მოუწოდებს მოქალაქეებს, სამოქალაქო ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ემიგრანტებს, ერთობლივად მიმართონ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და მენეჯერების დასანქცირების მოთხოვნით.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ განცხადებით ტექსტს, რომელიც „პლატფორმა 2025-მა“ დღეს, 27 ივლისს გამოაქვეყნა.

„მივმართავთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას – სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებებს და ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ანტიქართულ და ანტიჰუმანურ პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას” და მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზით – გავზარდოთ ჩვენს შორის თანამშრომლობა!

ამ წინადადების მიზანია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა მობილიზაციის თვალსაზრისით.

არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე „ქართული ოცნება” – ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

გამოვდივართ კონკრეტული წინადადებით: ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდეს „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სია და მათი დასანქცირების თხოვნით ერთობლივად მიეწოდოს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირს.

ამასთანავე, გამოვდივართ მეორე წინადადებით, რომ სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შემუშავებული სასანქციო წინადადებების პაკეტები გაერთიანდეს და კოორდინირებული ძალისხმევით გაგრძელდეს მათ მხარდაჭერაზე მუშაობა.

დამატებით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პლატფორმა 2025-მა, სხვა ემიგრანტულ და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად, მოამზადა სასანქციო წინადადებების პაკეტი, რომელიც უკვე მიწოდებულია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და რომელშიც შედის „ქართული ოცნების” 300-მდე საკვანძო ან/და აქტიური წევრი და მხარდამჭერის მონაცემები. ეს სია მოიცავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მოსამართლეებს, პროპაგანდისტებს, ე.წ. სასამართლო სისტემის თანამშრომლებს, ცრუმოწმეებს, ტიტუშკებს.

ჩვენ ამ სიას ვუწოდებთ „მზიას სიას”, რადგან მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი ბრძოლის გამორჩეული მორალური და ამავე დროს გამაერთიანებელი და რეალური სიმბოლოა, რომლის ბრძოლა და თავგანწირვა, ასევე მის წინააღმდეგ რეპრესიული რეჟიმის გაუგონარი ძალადობა ფართოდაა ცნობილი საერთაშორისო პოლიტიკურ და მედია წრეებში.

„მზიას სიის” სახელდება სასანქციო პაკეტისთვის დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება – დასავლეთი არასოდეს შეეგუება ჟურნალისტების, ქალებისა და აქტივისტების დევნასა და ძალადობას, არასოდეს შეურიგდება ავტოკრატიულ მმართველობას, რომელიც ძალადობრივი გზით ცდილობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას“ – აცხადებს „პლატფორმა 2025“.

„პლატფორმა 2025“ არის გაერთიანება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს პროდასავლურ ორგანიზაციებთან და მიზნად ისახავს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: