მთავარი,სიახლეები

მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

26.07.2026
მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

საქართველოში მოქმედი ბიზნესი არასაარჩევნო წელსაც არ წყვეტს სიმპათიისა და კმაყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოხატვას მმართველი პარტიის მიმართ.

ბიზნესმენები აჭარიდან ისევ აქტიურობენ, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ყულაბა არასაარჩევნო წელსაც აჭარიდან ივსება, შემწირველებს შორის არიან მონდომებულები და უფრო მონდომებულებიც. 2026 წელს 5 თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიღო, ამდენს ოპოზიციური პარტიები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვერ აგროვებენ.

„უფრო მონდომებულებს შორის“ შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელები, რომელთა შენატანი არასაარჩევნო წელს, მმართველი პარტიის ბიუჯეტში, 200 000 ლარზე მეტია, საერთო ჯამში კი წლების მიხედვით მილიონ ლარს აღწევს.

2026 წლის აპრილში ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელმა ჯემალ ბოლქვაძემ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იმავე დღეს მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს მისმა პარტნიორებმაც, რამაზ ირემაძემ 54 000 ლარი, ჯემალ ანთაძემ 50 000 ლარი, ზვიად აბულაძემ 60 000 ლარი, ემზარ ირემაძემ კი 54 000 ლარი. ეს, ჯამში, 218 000 ლარია.

„ნოვას“ მფლობელმა „ოცნების“ ანგარიშზე 152 000 ლარი შეიტანეს გასულ წელსაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი „ნოვას“ მფლობელმა – ჯემალ ბოლქვაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ანთაძემ „ოცნებას“ 300 000 ლარი შესწირეს.

„ნოვა“ ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

საერთო ჯამი 2012 წლიდან დღემდე, ჯემალ ანთაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე, 235 000 ლარია, რამაზ ირემაძეს 225 000 ლარი აქვს ჩარიცხული, ზვიად აბულაძეს 252 000, ჯემალ ბოლქვაძის შენატანი 250 000 ლარია, ემზარ ირემაძემ კი 223 000 ლარი ჩარიცხა „ოცნების“ ანგარიშზე – ეს ჯამში 1 მილიონ 185 000 ლარია.

2026 წლის აპრილში „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა ლაშა ბალაძემ. საერთო ჯამში კი, სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ დამფუძნებლის შენატანი მმართველი პარტიის ანგარიშზე 2021 წლიდან დღემდე 290 000 ლარია.

სამშენებლო კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა „ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა,  ნანა ბიწაძემ კი 15 000 ლარი. საერთო ჯამში თემურ ბიწაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 205 000 ლარია, ნანა ბიწაძის შენატანი კი 25 000 ლარი.

„ალიანის“ ბიზნესპარტნიორმა  ბესიკ ჟღენტმა „ ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა, სულ მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 300 000 ლარზე მეტია.

2026 წლის მაისში „ოცნებას“ 25-25 000 ლარი შესწირეს ბექა მანველიძემ და ბექა თვალაძემ, ისინი პარტნიორები არიან სამშენებლო ბიზნესში. გარდა ამისა, ბექა თვალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორია.

2026 წლის მარტში „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა გია ჭყონიამ – ის ამავე პარტიიდან საქართველოს პარლამენტში შევიდა 2024 წელს. რომ არაფერი ვთქვათ მის პარტნიორებზე, მხოლოდ ჭყონიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქვს შეწირული „ოცნებისთვის“.

2026 წლის მაისში „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა ირაკლი ანანიძემ, ის სამშენებლო კომპანია „ამ დეველოპმენტის“ 50 პროცენტის მფლობელია.

60 000 ლარი შესწირა „ოცნებას“ ბიზნესმენმა აკაკი მგელაძემ, ის საბროკერო კომპანიების თანამფლობელია.

30 000 ლარი ჩარიცხა „ოცნების“ ანგარიშზე ნინო ვარშანიძემ – ისიც რამდენიმე კომპანიის თანამფლობლად ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: