22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი.
„როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს გამომძიებელმა ლევან ამირანაძემ ჩვენება მისცა.
გამომძიებლის თქმით, მან 2026 წლის 31 მარტს ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დანაშაულის ჩადენის შესახებ. დაზარალებულად მიჩნეულმა პირმა კი, ფოტოსურათით ბრალდებულის სკამზე მყოფი პირი ამოიცნო.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ბელარუსის მოქალაქეს, ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში ოქროს ნივთები წაართვა. ამ დროს დაზარალებული ალკოჰოლის ძლიერი მოქმედების ქვეშ იყო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზარალის ოდენობა 9400 ლარია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის [სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილი].
„საქმეში პროკურატურას მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება აქვს და ფოტოსურათით ამოცნობა, სხვა მტკიცებულება არ არის,“ – ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.
„გამოვკითხეთ, მაგრამ არ აღიარებდა დანაშაულს…“ – განაგრძო ჩვენების მიცემა გამომძიებელმა და ბრალდებულს გახედა.
„როგორ აღმოჩნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა.
„ტელეფონით დავურეკეთ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ფოტოსურათით ამოიცნო… მას [ბრალდებულს] გამოკითხვაზე უარი არ უთქვამს“, – აღნიშნა მოწმემ.
„რატომ მიიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მანქანით, როცა ის თანახმა იყო შეხვედრაზე?“ – ჩაეკითხა გამომძიებელს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.
„დრო რომ დაგვეზოგა, ამიტომ“ – თქვა გამომძიებელმა ლევან ამირანაძემ.
„არაფერიც არ დაგირეკავთ თქვენ ჩემთვის,“ – ფეხზე წამოდგა და ნერვიულობა დაეტყო ბრალდებულს. – „მოვიდნენ პირდაპირ ჩემთან, ბინაში პოლიციელები, დამაჯინეს მანქანაში და მიმიყვანეს მე-2 განყოფილებაში. მთელი საღამო იქ ვიყავი, დილით დამაკავეს. როდის დამაკავეთ?“ – მიმართა ისევ გამომძიებელს ბრალდებულმა.
„არ მახსოვს, მითითებული იქნება ოქმში,“ – ბრალდებულს მზერა აარიდა გამომძიებელმა.
„ბევრს აკავებთ, ვიცი, მაგრამ საქმის ირგვლივ რაც არის, ხომ უნდა იცოდეთ?“ – გაღიზიანება დაეტყო ბრალდებულს.
„აქ შენიშვნას მე ვიძლევი მხოლოდ,“ – ბრალდებული შეაჩერა მოსამართლემ.
„არადამაკმაყოფილებელი პასუხებია,“- ჩაილაპარაკა ბრალდებულმა.
კიდევ ერთმა მოწმემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივმა, გიორგი მოწყობილმა კი, მოსამართლეს უთხრა, ბრალდებული „მშვიდ გარემოში“ დავაკავეთ, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიაო. ამ სამართალდამცველმა დააკავა ძარცვაში ბრალდებული კაცი.
„დაკავების საფუძველი რა იყო?“ – ჰკითხა დეტექტივს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
„ჩადენილი დანაშაული… პროცედურა მიმდინარეობდა მანამდე ძარცვასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მოწმემ.
ძარცვის მეორე საქმე კი, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს უნდა განეხილა. სასამართლოს დიდი დარბაზი თითქმის სრულად შეივსო ბრალდებულების ახლობლებით, ორივე ბრალდებული გამოცხადდა ადვოკატებით, მაგრამ პროკურორმა ამ საქმისთვის ვერ მოიცალა.
პროკურატურის ვერსიით, თურქეთის ორი მოქალაქე გაძარცვა საქართველოს ორმა მოქალაქემ. გამოძიების ვერსიით, 2026 წლის იანვრის ერთ დღეს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბათუმში სტუმრად მყოფ თურქეთის მოქალაქეებს ბრალდებულები ქუჩაში გაეცნენ. დაზარალებულად მიჩნეული პირების თქმით, მათ ბრალდებულმა სხვადასხვა პირადი ნივთი წაართვეს, მათ შორის, მაჯის საათი.
დაცვის მხარის მტკიცებით, თურქეთის მოქალაქემ თავად აჩუქა ქუჩაში გაცნობილ კაცს მაჯის საათი.
იმის გამო, რომ დაზარალებულებს ამ ეტაპზე ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვთ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ბრალდებულები ისევ დუმილის უფლებით სარგებლობენ. საპროცესო შეთანხმების მიღწევის მთავარი პირობა წარდგენილი ბრალის აღიარებაა.
ორი ბრალდებულიდან ერთი პატიმრობაშია – ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო სავარაუდოდ მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის დროს, მეორე კი, გირაოთია გათავისუფლებული. „ბათუმელებმა“გირაოში მყოფ ბრალდებულთან გამოლაპარაკება სცადა, თუმცა ძარცვაში ბრალდებულმა კაცმა გვითხრა, რომ დუმილის უფლებას სასამართლო სხდომის მიღმაც შეინარჩუნებს.






