„პირველი ქართული სკოლა ამ ხეობაში იმ სოფელში გახსნილა“, – გვეუბნება ზურაბ წითელაძე და მიგვითითებს დასახლებაზე, რომელიც მდინარის გაღმა ნაპირზე მოჩანს.
88 წლის პედაგოგი საკუთარი სახლის ეზოდან გაჰყურებს იმ სოფელს, რომელსაც ადრე ზედა მარადიდი ერქვა, შემდეგ კი მურათლი დაურქმევიათ.
ზედა მარადიდი მურათლი მას შემდეგ გახდა, რაც ერთი სოფლის ორ უბანს შორის სახელმწიფო საზღვარი გავიდა – ზედა ნაწილი თურქეთში, ქვედა კი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში მოექცა. საზღვრის საკითხი 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით განისაზღვრა, თუმცა ზურაბ წითელაძე გვიყვება, რომ დაახლოებით 1928 წლამდე – „სანამ [საბჭოთა] მთავრობა კარგად ეეწყობოდა“ – სოფლებს შორის მიმოსვლა ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი.
კოლექტივიზაციის პროცესში საზღვრის კონტროლი უფრო და უფრო მკაცრდებოდა, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში მისი გადაკვეთა ისევ შესაძლებელი იყო – სახელმწიფო საზღვარმა ხომ არა მხოლოდ სოფელი, არამედ ოჯახები გაყო?!
ზურაბ წითელაძის თქმით, დედამ – როხსეთ ბაგრატიონმა 1920-30-იან წლებში ორჯერ გადაკვეთა საბჭოთა საზღვარი და თურქეთის ქართულ სოფელში, მულების სანახავად ჩავიდა. პედაგოგი გვიყვება, რომ მისი მამიდები, აიშე და ჰაჯერი, რომლებიც ოჯახებთან ერთად მდინარე ჭოროხის გაღმა ნაპირზე ცხოვრობდნენ, საზღვრის გავლების შემდეგ თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. მისი დედა იქ სწორედ მულების მიწვევით გადავიდა.
„მამიდები მყავდა გათხოვილი, ორივე. დედაჩემი რომ მოსულა – დედაჩემი 1928 წელს მოუყვანიათ – იქ მულებმა დაპატიჟეს და პროპუსკით [რუს. საშვი] გედევდა. ორჯერ ნამყოფი იყო დედაჩემი თურქეთში“, – გვეუბნება ზურაბ წითელაძე.
საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერების შემდეგ, არა თუ საზღვრის გადაკვეთა, საზღვრისკენ გახედვაც კი აიკრძალა.
„ხელს ვერ გუუთითიებდი. მოსულ სტუმრებს აფრთხილებდნენ, რომ ხელი იმკენ არ გეიშვიროო. უშლიდნენ. ებრძოდნენ კომუნისტები“, – გვიხსნის ზურაბ წითელაძე.
უფრო მეტიც, მისი თქმით, სოფელში ამ თემაზე საუბარსაც კი უფრთხოდნენ – „აკრძალული იყო, ასეთი რამე არდა თქმულიყო“.

სოფელ მურათლის ხედი ზურაბ წითელაძის სახლიდან
ასე განსაჯეთ, თავად ზურაბ წითელაძემ მხოლოდ 15-16 წლის ასაკში გაიგო, რომ იმ საზღვრის მიღმა, რომლისკენ გახედვა და ზედმეტი ინტერესის გამოხატვაც ეკრძალებოდა, ქართველები, უფრო მეტიც, მისი ღვიძლი ნათესავები ცხოვრობდნენ.
„მე-10 კლასში ვიქნებოდი, დაახლოებით, დედაჩემმა რომ მითხრა, ნამყოფი ვარ იქო. პროპუსკით გადამიყვანეს და გადმომიყვანეს [ახალი რძალი] რომ ვიყავიო. მაშინ გავიგე, რომ ეს ტერიტორია საქართველოს ყოფილა. იქამდე ვიცოდი, რომ თურქები იყვნენ მაგენი. ვინ მეტყოდა?! ბაღანა ვიყავ“, – გვეუბნება ის.
- ცხოვრება საბჭოთა საზღვართან
„კომუნისტური პარტიის წევრებს დიდი პრივილეგიები ჰქონდენ – სამსახურზე, მთავრობაში და ა.შ. როდესაც გავხდი სტუდენტი – მესამე კურსზე ვიყავი თუ მეორეზე ზუსტად არ მახსოვს, ვიფიქრე, პარტიაში შევალ-მეთქი და არ მიმიღეს. განცხადება დავწერე, პასუხი არ მომცეს. მეორეჯერ რომ მოვიკითხე, შენი კომუნისტურ პარტიაში შესვლა არ შეიძლებაო, მიპასუხეს – მამიდები გყავს თურქეთშიო. ესე იგი, უნდო ვიყავი“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.
- მთელი სოფლის გადასახლება
მისი თქმით, საბჭოთა ხელისუფლება არასანდოდ მიიჩნევოდა არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ მთელ სოფელს. ამის მიზეზი კი საზღვრის პირას ცხოვრება იყო. ზურაბ წითელაძე გვიყვება ამბავს მშობლიური სოფლის, კირნათის მაღლა არსებულ დასახლებაზე – ოღლავზე, რომლის მოსახლეობა მთლიანად გადაასახლეს სხვაგან.
„ხალხის მიმართ ნდობა არ ჰქონდა მთავრობას. განსაკუთრებით საზღვარზე მცხოვრებლების მიმართ. რატომ იცი? გეტყვი მაგასაც: სოფელი ოღლავი გაგონილი გაქვს? სოფელში ჩამოდის მდინარე. იმ მდინარეზე წისქვილი იყო. აქედან ჩვენები ჩადიოდნენ, ოღლაველები, აფქვავდენ, იქიდან თურქები ჩამოდიოდნენ, ისინიც აფქვავდენ. ურთიერთკავშირი ჰქონდენ – ლაპარაკი, გაზეთს გადატანა, ასეთები ხდებოდა და მთელი სოფელი აასახლეს კომუნისტებმა 1945-1947 წლებში. კირნათიც შეიძლება ეესახლებიათ. სტალინი მოკვდა თვარა, საშიში იყო“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.
კომუნისტების შიში, რომ თუ საზღვრის პირას მცხოვრები მოსახლეობა „თავისუფალ ქვეყანაში“ გაქცევას შეეცდებოდა და ამას სხვებთან შედარებით მარტივად მოახერხებდა, მთლად უსაფუძვლოც არ იყო. წითელაძის თქმით, საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ წლებში არაერთი ადამიანი გაიქცა თურქეთში.
„აქედან გეიქცენ ცინცაძეები. გაბიტაძეებთან მკვლელობა მოუხდათ და გეიქცენ. ნახევარი მაჭახელი გაქცეულია და დარჩენილია დღემდე. არ უნდოდენ საბჭოთა კავშირი. თავისუფლება იყო იქ მეტი. ჩვენთან შეზღუდული იყვნენ. დამოკიდებული იყავი რუსებზე. თავისუფლად გავლის უფლება არ გქონდა“, – ამბობს ზურაბ ცინცაძე.

სოფელი შუშანეთი (კირნათის თემი)
- რუსი ოფიცრის „გაქცევა“ თურქეთში
ის იხსენებს შემთხვევას, როცა თურქეთში გაიქცა არა ადგილობრივი, არამედ რუსი ოფიცერი, რომელიც სოფელ კირნათში საზღვრის დასაცავად იყო გამწესებული. ზურაბ წითელაძის თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსი ჯარისკაცის თურქეთში გაქცევა კომუნისტური მთავრობს დაგეგმილი სცენარი ყოფილა. ამ გეგმას კირნათელი კაცის, თუფან შოთიძის თავისუფლების 10 წელი შეეწირა.
„კირნათის სკოლაში დირექტორად მუშაობდა თუფან შოთიძე. მიდიოდა სკოლისკენ და შეხვდა ოფიცერი, რუსი. დეილაპარაკის, ხელი ჩამოართვეს. მეორე დღეს დეიჭირეს მაგი – თუფანაი. რატომ? იმიტომ, რომ იმ ლაპარაკის შემდეგ, ეს ოფიცერი მოაჯდა ცხენზე, გავარდა და გედევდა თურქეთში. აქეთიდან დააყარეს ტყვიები რუსებმა, კომუნისტებმა, მაგრამ ვითომ ვერ დაატანესო. სინამდვილეში პირდაპირ არ ისვროდნენ. იქიდანაც დახვდნენ, დეიჭირეს, წეიყვანეს.
მერე და მერე გამომჟღავნდა, რომ გაგზვანილი იყო კომუნისტების მიერ. ავტომატით ტყვიები იმიტომ დააყარეს, რომ იქ ემუშავა [ჯაშუშად]. ეს დაამტკიცა წითელაძე ახმედ ბიძამ – მოსკოვში გამოფენაზე იყო და ის ოფიცერი კაცი იცნა. დაბრუნებულიყო. იცნა, მარა ვერ დაელაპარაკა ამან – შიში ჰქონდა. ვინმეს ვერ დეელაპარაკებოდი. იმანაც მიყურა, მეც ვუყურეო და ისე დავცილდით ერთმანეთსო“, – გვიყვება ის.
თუფან შოთიძე 10 წლით დაუპატიმრებიათ იმის გამო, რომ რუსი ოფიცრის „გაქცევამდე“ მასთან ლაპარაკში შენიშნეს.
„ახალ დაქორწინებული იყო მაშინ თუფანაი“ – სინანულით ამბობს ზურაბ წითელაძე.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თუფან შოთიძეს განაჩენი გაუსაჩივრებია. ციხეში გატარებულ 10 წელს უკან ვერ დაუბრუნებდნენ, ამიტომ ეს პერიოდი სამუშაო სტაჟში ჩაუთვალეს.
- გამოქცევა სამშობლოში
ზურაბ წითელაძემ მოგვიყვა ისტორია მამიდაშვილზე, რომელიც თურქეთიდან საბჭოთა საქართველოში გამოიქცა. მისი სურვილი იყო გარდაცვალების შემდეგ საქართველოში, ბიძას მიწაზე დაესაფლავებინათ. წლების შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და საზღვრები გაიხსნა, თურქეთიდან მის მოსაძებნად ძმა ჩამოვიდა, თუმცა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
„ერთ-ერთი მამიდაშვილი გამოიქცა იქიდან – თურქეთიდან გამოიქცა საბჭოთა კავშირში. მიზეზი მკვლელობის ამბავი იყო. მამა მუუკლეს თუ ბიძა, არ ვიცი. მანაც შური იძია და გამოიქცა. მამაჩემი ეპატრონა. ჯერ აქ ცხოვრობდა, კირნათში, მერე შოფრობა ისწავლა და მარადიდში, კოლმეურნეობის მანქანაზე დაჯდა. მერე ბათუმში გადაიბარგა.
იმან დამიბარა – მე რომ მოვკვდები, ტაიას [ბიძა დედის მხრიდან] მიწაში დამასაფლავეთო და ჩემი ძმის, მურადის სახლის თავზე დავასაფლავე. მისი ძმა იყო ჩემთან. სასაფლაოზე მივყვანე და ძმის საფლავი ვაჩვენე. სასაფლაოდან მიწა ეიღო, პლატოკში გაახვია და წეიღო. ახლა არაა ცოცხალი, მაშინაც მოხუცებული იყო“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.

ზურაბ წითელაძე
- საშვის აღება საკუთარ სახლში მისასვლელად
ზურაბ წითელაძე გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს, საზღვრისპირა სოფლებში თავისუფლად შესვლა მხოლოდ იქ მცხოვრებთ შეეძლოთ, სხვები კი მხოლოდ სპეციალური საშვებით შედიოდნენ. სოფელ აჭარისწყალთან იყო სასაზღვრო შლაგბაუმი, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელს ამოწმებდნენ.
ზურაბ წითელაძე იხსენებს პერიოდს, როცა ბათუმში ცხოვრობდა და სახლში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, საშვის გარეშე არ უშვებდნენ.
„აჭარისწყალზე შლამბაო იყო [რუს. შლაგბაუმი – სასაზღვრო ბარიერი]. ან პროპუსკი [რუს. საშვი] უნდა გქონოდა, ან აქაურ მცხოვრები უნდა ყოფილიყავი და პასპორტით გამოივლიდი-გეივლიდი. ჩავლაიც გსინჯავდა, ამოვლაიც. ქალაქში თუ ცხოვრობდი, ოფიციალურად, მილიციიდან პროპუსკი გინდოდა. მილიცია გაძლევდა კომენდანტურასთან შეთანხმებით – ვის შეეძლო გასულიყო საზღვარზე?! ყველას არც უშვებდნენ. მაგ მომენტში მეც მოვხვდი: ჯარიდან რომ ჩამოვედი, ქალაქში ჩევეწერე და უპროპუსკოთ დედაჩემთან ვერ მოვდიოდი“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.
- რეპრესიები
ისედაც შეზღუდვებით სავსე საბჭოთა კავშირში, მისი ოჯახი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო მამის წარსული საქმიანობის გამო. მამამ, შუქრი წითელაძემ, ჯერ სასულიერო განათლება მიიღო, შემდეგ კი გახდა ყადი – სასულიერო მსაჯული, დაახლოებით იგივე, რაც მოსამართლე. მეფის რუსეთის პერიოდში ის ქედის მაზრის ყადი იყო. გასაბჭოების შემდეგ, როგორც იმპერიის დროინდელი მოხელე, კომუნისტური წყობის მოწინააღმდეგედ შერაცხეს.
შუქრი წითელაძე დახვრეტას გადაურჩა, თუმცა მისი ოჯახი მძიმე რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა.
„მე ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა. მამა რეპრესირებული იყო და ჩვენ ყოველგვარი უფლება წართმეული გვქონდა. მახსოვს, მე-5 თუ მე-6 კლასში ვიყავი, შემოწმებაზე მოვიდნენ და დამმალეს – მე არ მქონდა უფლება, მესწავლა; მამაჩემს უფლება არ ჰქონდა დასწრებოდა მშობელთა კრებას.
მიზეზი – ძველი მთავრობის წარმომადგენელი იყო. კირნათი, აჭარისწყალი, მაჭახლის ხეობა შედიოდა ქედის მაზრაში, სადაც მამაჩემი იყო ყადი. ყადი ნიშნავს რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს. რევოლუცია რომ მოხდა და თანდათანობით კომუნისტური პარტია მიიწევდა აღმა – ქედაში ავიდა, შუახევში ავიდა, ხულოში ავიდე, ორხელისუფლებიანობა რომ შეიქმნა ქედაში, მამაჩემი გამოიქცა. გამოიპარა. მაინც მოაკითხეს და დეიჭირეს“, – ამბობს ზურაბ წითელაძე.
მისი თქმით, დაკავების საფუძვლად პროკლამაციები გამოიყენეს, რომელიც თავადვე „ჩაუდეს“. შედეგ აწამეს, ბოლოს კი დახვრეტა მიუსაჯეს, რისგანაც სიმამრმა იხსნა.
„მამა გადაარჩინა სიმამრმა. შემთხვევით, მეგობარი ჰყავდა ჩეკისტებში – ახლა უსაფრთხოების სამსახურს ეძახიან, მაშინ ერქვა უშიშროება. თბილისში გადაყვანილ მამაჩემს, ჩაუსწრო და ჩამეიყვანა. მიუსწრო დახვრეტამდე. მანამდე აწვალეს – ბოდიში თქვენთან და კბილები დათხარეს, ბოთლზედ დასვეს მამაჩემი. გამოსატეხად, ვითომ. პროკლამაციები დაუდეს მამაჩემს. ბუხარში ჩამოუკიდეს. დასაჭერად რომ მოვიდნენ, სანამ მამას ბორკილებს გაუკეთებდნენ მანამდე ბუხარს ეცნენ და პროკლამაციები ჩამეიღეს. ასე დეიჭირეს მამაჩემი“, – გვიყვება ზურაბ წითელაძე.
შუქრი წითელაძე 1947 წელს გარდაიცვალა, ზურაბი მაშინ 10 წლისაც არ იყო. ოჯახი მამის გარდაცვალების შემდეგაც გრძნობდა წნეხს საბჭოთა ხელისუფლებისგან.
„სიმამრმა გადაარჩინა, სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ ხმა წაართვეს. კოლექტივში არ ვიყავით. მამა რომ მოკვდა, მერე შევედით კოლექტივში. ისიც წვალებით. არ გღებულობდნენ რაიონში. საოლქო კომიტეტის მდივანი იყო ბეჭვაია, სამეგრელოდან მოვლენილი, იმასთან მივიდა ბიძაჩემი, დედაჩემი წეიყვანა, ელაპარაკენ და ისე მიგვიღეს. მამა გადარჩა დახვრეტას, მაგრამ ცხოვრებისთვის ყოველგვარი უფლებები წართმეული ჰქონდა. მაგალითად, გადასახადს ორმაგს ვიხდიდით“, – იხსენებს ის.
მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, 1970-იან წლებში ზურაბ წითელაძემ მისი რეაბილიტაცია შეძლო. საბჭოთა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ის უსამართლოდ იყო დასჯილი და შეზღუდული. პედაგოგს გული სწყდება, რომ ვერ მოიპოვა ოფიციალური მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა, რომ არა მხოლოდ მამა, არამედ მთელი მისი ოჯახი იყო რეპრესიების მსხვერპლი.
- საზღვრის გახსნა
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა დამოუკიდებელ საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა შესაძლებელი გახდა, მისი ძმები, მურადი და ომერი საზღვარზე გადავიდნენ და მამიდების შთამომავლები მოძებნეს. ზურაბს გული სწყდება, რომ მამიდაშვილებმა მათთან კომუნიკაციისა და ნათესაური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.
„ჩემს მამიდებს შვილიშვილები და შვილთაშვილები ჰყავთ. საზღვრები რომ გაიხსნა, ჩემი ძმები იყვნენ გადასულები. ქართული იციან, მარა გათურქებული არიან – ვინმეს არ ცნობენ, არ უნდებიან მიხვიდე-მოხვიდე, არ გვესტუმრნენ, ჩვენ ვესტუმრეთ – დიდი ყურადღება არ მოგვაქციეს. მეც დამაინტერესა, მაგრამ აგენი რომ იყვნენ და ყურადღება არ მიაქციეს, მეც არ ვისურვე გადასვლა. არ აინტერესებს კაცს და ძალით ხომ ვერაფერს იზამ?!”, – ამბობს ზურაბ წითელაძე.
საბჭოთა კავშირის დაშლას დადებით მოვლენად აფასებს. ბრაზობს მათზე, ვინც საბჭოთა წარსულს დადებითად იხსენიებენ.
„300 წელზე მეტი ოსმალებმა იბატონეს. მერე, რუსებმაც ბევრი გავლენა მოახდინეს. ხალხი დაჩაგრეს რუსებმა, მონა-მორჩილი გახადეს. მერე და მერე, ჩვენები კომუნისტურ პარტიაში შევდენ – ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მაგენი … ქართველები წუუძღვენ რუსებს წინ და ორჯონიკიძემ და მახარაძემ შამეიყვანეს საქართველოში რუსები. ლენინს მიწერეს, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოსო.
ვიღაცები ამბობენ, კაი დრო იყოო. მაგას იმიტომ ფიქრობენ, რომ გაყიდეს საქართველო, გახდენ კომუნისტები და აწვალებდნენ ხალხს. ვისთვის იყო კაი? მათთვის“, – ამბობს 88 წლის კაცი.
- 45 წელი სკოლაში და პენსიაზე გასვლა
ზურაბ წითელაძე თავისი კლასის გამოშვების ფოტოს გვაჩვენებს. „კირნათის საშუალო სკოლის პირველი გამოშვება“ – აწერია ფოტოს, რომელიც 1959 წელსაა გადაღებული. მასზე 30-მდე ადამიანია – მოსწავლეები, რომლებმაც პირველებმა დაასრულეს სოფელ კირნათის სკოლა და მათი მასწავლებლები, სულ – 28 ადამიანი.
„აქედან არცერთი აღარაა ცოცხალი ჩემ გარდა. მე ვარ ბოლო“, – გითხრა მას შემდეგ, რაც ყველას სახელი ჩამოგვითვალა და თითოეულ მათგანი გაიხსენა.

გაიხსენა, რომ სკოლაში სწავლისას „ჭვარტლიანი ლამპით ბუხარში შევძვრებოდი და გაკვეთილებს ვამზადებდი. აქეთ რომ გამომეტანა, ჭვარტლი მოედებოდა სახლ-კარს. გაჭირვება იყო”.
სკოლის დასრულების შემდეგ ჯარში წავიდა – 8 თვე აზერბაიჯანში, 2,5 წელი კი ურალში გაატარა. ჯარიდან სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა ბავშვთა პოლიკლინიკაში. პარალელურად სწავლობდა ე.წ. დაუსწრებელზე გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 1979 წლიდან კირნათის თემში შემავალ, სოფელ შუშანეთის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. 2019 წელს, 81 წლის ასაკში სწავლებას თავი დაანება და პენსიაზე გავიდა. სკოლაში, სადაც 45 წელი გაატარა, ახლა მისი შვილი ასწავლის.
„ჯერ ვიყავი რიგითი მასწავლებელი, მერე გამგე მასწავლებელი. ბოლოს დირექტორი და მერე პენსიაში გავედი“, – გვიხსნის ის.
პენსიაზე გასვლამდე სოფლის სამი თაობის მასწავლებელი იყო – ასწავლიდა მისი პირველი მოსწავლეების შვილიშვილებსაც. ფაქტობრივად, მთელი სოფელი მისი მოსწავლე იყო. ამის შესახებ საუბრისას გულისწყვეტა შეეტყო.
„მე სამი თაობა გამოვზარდე, მაგრამ ვინ გიფასებს ახლა?! ჩაბარდა ისტორიას. რამე დაგჭირდეს, მიხვალ – არა. რამე დახმარებას არ გიგიკეთებენ“, – გვითხრა მოკლედ. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.
გვითხრა, რომ ჰყავს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. დროს ძირითადად სახლში და მის შემოგარენში ატარებს.
„ხანდახან ბაღჩაში ჩევპარები და მიშლიან“, – გაგვიმხილა სიცილით.
- იმედი
გვითხრა, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ახალგაზრდებმა წარსულის გამოცდილება უნდა იცოდნენ. გვითხრა, რომ ამიტომ მოგვიყვა დეტალურად მისი ოჯახის და სოფლის ისტორია.
„მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ვინ ვყავით, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ამიტომაა საჭირო ისტორიის ცოდნა. ბევრი გარბის სოფლიდან. სულ არ მომწონს ეს. სოფელი საჭიროა. სოფელში უნდა იცხოვრო. სოფელმა გამზარდა მე. აქ დევბადე, აქ გევზარდე. დღეს დაცლილია. სოფელში რომ გაიარო და დეელაპარიკო, ვინმე არ არის. წასულია აქიდან ყველა, – ამბობს ზურაბ წითელაძე.
ამბობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და დაბეჯითებით გვეუბნება, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
„ევროპული ქვეყანა ჯობია. ყოველნაირად დაცულები ვიქნებით. დღეს საქართველო საშიშროების ქვეშაა. რუსებისგან, ძირითადად და თურქებისგან კიდევ. ევროპული ცხოვრება თავისუფალი ცხოვრებაა. დღეს ჩვენც თავისუფლება ვართ, დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს. მართალია, ჯერ სახელმწიფო არაა აწყობილი იმ დონეზე, რომ ევროპა მიიღოს, მაგრამ შევალთ, ევროპაში შევალთ, აუცილებლად“, – ამბობს 88 წლის ზურაბ წითელაძე.






