უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ უკრაინაში 24 მაისის ღამით განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის დროს 90 რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკი“ და სხვადასხვა ტიპის 600 დრონი გამოიყენეს.
„პუტინს სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ის ბუტბუტებს, მაგრამ მაინც ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს თავისი რაკეტებით.
თავდასხმის შედეგად სამი რუსული რაკეტა წყალმომარაგების ობიექტს მოხვდა, ბაზარი დაიწვა, ათობით საცხოვრებელი შენობა და რამდენიმე სკოლა დააზიანა. მან თავისი რაკეტა „ორეშნიკი“ ბელაია ცერკოვაზე გაუშვა. ნამდვილი სიგიჟეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისგან უზრუნველყოფის მიზნით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას.
„რუსეთის სიახლოვეს ყოფნა – ეს არის მუდმივი საფრთხე. ჩვენი ხალხი უკრაინაში ამ საფრთხეს აკავებს, თუმცა, მსოფლიომ ნათლად უნდა დაინახოს, ვისთან გაქვთ საქმე. ეს სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელია და პირველივე წამებიდან ეს რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ წარმოებული არაპროვოცირებული ტერორისტული ომია.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად და ადამიანების დასაცავად, ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარტო არ დარჩეს. ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვების მხრიდან გადაწყვეტილებები, რათა ამ მოხუცმა „ორეშნიკმა“ მოსკოვში სიტყვა „მშვიდობა“ წარმოთქვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.






