მთავარი,სიახლეები

164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი

23.04.2026
164 მოგებული ტენდერი – ვისია „ბონდი 2009“, რომლის ანგარიშზეც მოდის ქუჩის ჩავარდნა და უსწორმასწორო ტროტუარი

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში, ახლად დაგებული ქვაფენილი აყარეს და გრუნტი ქვაფენილის თავიდან დასაგებად მოამზადეს.

კომპანია „ბონდი 2009“-მ, რომელიც ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, ტროტუარი ოღროჩოღროდ დააგო.

უსწორმასწორო ტროტუარის ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ, ბათუმის მერი ვარშანიძის ქუჩაზე მივიდა და თქვა, რომ „სამუშაოებს არ ჩაიბარებდა“.

20 აპრილს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა.

26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს.

22 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ლევან დავითაძემ თქვა, რომ 26 მაისის ქუჩაზე ასფალტის ჩავარდნა მაღალი წნევის წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ გზის სავალი ნაწილის ჩავარდნა არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – თქვა ლევან დავითაძემ.

მას არ წარმოუდგენია არც დასკვნა, არც ექსპერტიზის შეფასება ან რაიმე დოკუმენტი, რაც მის სიტყვებს დაადასტურებდა.

მოკლე დროში ორ სხვადასხვა ქუჩაზე ორი სხვადასხვა სახის პრობლემის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც კომპანია „ბონდი 2009“-ის მიერ ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება.

კომპანია „ბონდი 2009“ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კუთვნილი კომპანიაა.

ნუკრი დოლიძე კომპანიის ორ სხვა თანამფლობელთან ერთად პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

ბონდი 2009-ს დამფუძნებლები: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე

  • რამდენი ტენდერი აქვს მოგებული ბონდი 2009-ს ბოლო 2 წელიწადში

სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, შპს „ბონდი 2009“-მ 2025-2026 წლებში მინიმუმ 10 ტენდერი მოიგო.

ტენდერების უმეტესობა ბათუმის მერიის სამსახურის მიერაა გამოცხადებული. ბათუმის მერია აღმასრულებელი ორგანოა, ხოლო მისი მაკონტროლებელია ბათუმის საკრებულო, რომლის წევრია ლევან დოლიძე, „ბონდი 2009“-ს ერთ-ერთი მფლობელის შვილი.

ბოლო ტენდერი შპს „ბონდი 2009“-მ 2026 წელს მოიგო. სატენდერო ხელშეკრულება 5 მილიონ 649 ათას 994 ლარზე კომპანიასთან 2026 წლის 28 იანვარს გაფორმდა.

ამ თანხით კომპანიამ ბათუმში, 15 ქუჩაზე არსებული ქვაფენილი უნდა აყაროს და ასფალტობეტონის საფარი მოაწყოს.

[დემეტრე თავდადებული, ლუკა ასათიანი, ვაჟა-ფშაველა, 26 მაისი, დავით კლდიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ხარიტონ ახვლედიანი, სტეფანე ზუბალაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ჰაიდარ აბაშიძე, იორდან მეტაქსა, სელიმ ხიმშიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ლერმონტოვი და მურად ხინიკაძე].

სწორედ ამ ტენდერის ფარგლებში დაგებული ასფალტი ჩავარდა 20 აპრილს, 26 მაისის ქუჩაზე.

გარდა ამისა, „ბონდი 2009“-ს ტენდერის გარეშე მისცეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება.

2026 წელი

2026 წლის 27 იანვარს შპს „ბონდი 2009“-სა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმში, ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის.

ამ მიზნით კომპანია ბიუჯეტიდან 4 მილიონ 453 ათას 999  ლარს მიიღებს.

2026 წლის 12 იანვარს შპს „ბონდი 2009“-სა და ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად.

კომპანია ბიუჯეტიდან ამ საქმის შესასრულებლად 495 000 ლარს მიიღებს.

2025 წელი

ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“

„ბონდი 2009“-მ მოიგო ტენდერი, ბათუმში, მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების ეზოების (ასფალტი, ფილა, ბორდიური, ჭების წამოწევა ნიშნულზე) კეთილმოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის.

ხელშეკრულება გაფორმდა 499 952 ლარზე.

„ბონდი 2009“-მ მოიგო ტენდერი, ბათუმში, ასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. კერძოდ, ქალაქის ქუჩებში ორმოების შეკეთება ცხელი ასფალტით.

21.05.2025 – ხელშეკრულება გაფორმდა 2 მილიონ 494 ათას 699  ლარზე.

„ბონდი 2009“-მ მოიგო ტენდერი, ბათუმში, იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად (ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე).

04.02.2025 – ხელშეკრულება გაფორმდა 12 მილიონ 518 ათას 999 ლარზე.

2025 წელს „ბონდი 2009“-მ მოიგო საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებული ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-1) ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის 69-79 კილომეტრის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

ხელშეკრულების ღირებულება 20 მილიონ 571 ათას 314 ლარია და ძალაშია 2028 წლის 25 ივლისამდე.

სახელმწიფო შესყიდვების საიტის მიხედვით, კომპანიას ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს საერთო სახელშეკრულებო თანხის 12 % ანუ 2 მილიონ 430 ათასი 734 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის, ტენდერმონიტორის მიხედვით, კომპანიას 2012 წლიდან 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, მონაწილეობა მიღებული აქვს 298 ტენდერში.

აქედან მოგებული აქვს 164 ტენდერი, წაგებული აქვს 119, ხოლო 15 ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა, არ შედგა.

ამას გარდა, „ბონდი 2009“-ს მიღებული აქვს 29 გამარტივებული შესყიდვა.

მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 292 მილიონ 424 ათას185 ლარია.

  • ვისია კომპანია ბონდი 2009

„ბონდი-2009“ ბათუმში 2009 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილებს [თითოეული 25%-ს] ფლობენ: ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე.

კომპანიის დირექტორია მამუკა დოლიძე.

კომპანიის ოთხი დამფუძნებლიდან სამი „ოცნების“ შემწირველია.

ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 2021-2025 წლებში ჯამში 207 ათასი ლარი შესწირა, დავით დევაძემ [2023-2025 წლებში] – 170 ათასი ლარი, ხოლო ნუკრი დოლიძემ [2021-2025 წლებში] – ჯამში 228 ათასი ლარი.

ამასთან, ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია [„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი].

ასევე არის საკრებულოს ფრაქციის – „ევროპელი სოციალისტების“ წევრი.

„ბონდი 2009“-ს კიდევ ერთი მფლობელის, ოთარ ფუტკარაძის შვილი, შოთა ფუტკარაძე კი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია.

2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრ ლევან დოლიძეს აჩუქეს Porsch cayenne-ს მარკის, ხოლო მის მეუღლეს, ლანა მოწყობილს Tesla-ს მარკის ავტომობილი.

სქრინი ლევან დოლიძის მიერ შევსებული დეკლარაციიდან

დეკლარაციაში არაა მითითებული, ვინ იყო საჩუქრის ავტორი.

ასევე ლევან დოლიძე დეკლარაციაში არ უთითებს არც მის სახელზე არსებულ ქონებას და არც შემოსავლებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შევსების მომენტში საკრებულოს დეპუტატს სახეფასო ანგარიშზე მხოლოდ 4 824 ლარი ჰქონდა.

  • არის თუ არა ფავორიტი კომპანია „ბონდი 2009“

ერთ-ერთი ბოლო მსხვილი კონტრაქტი „ბონდი 2009“-მ ბათუმის მერიისგან მიიღო ტენდერის გარეშე.

მერიამ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა და ასფალტის დაგება უტენდეროდ დაიწყო. სამუშაოებს „ბონდი 2009“ ასრულებდა.

ბათუმის საკრებულომ ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში პოსტფაქტუმ შეიტანა, გახარჯული თანხები და კომპანიის საქმიანობა კანონიერ ფარგლებში რომ მოქცეულიყო.

ამავე თემაზე: უკანონო სამუშაოების დაკანონება – როგორ „აგვარებს“ ბათუმის მერია აბაშიძეზე ქვაფენილის აყრის საკითხს

  • რას ამბობს ბათუმის მერი ოღორჩოღროდ დაგებულ ტროტუარზე

„ბონდი 2009“-ს მიერ ჩატარებული სამუშაოები განხილვის თემა გახდა ორი კვირის წინ, როდესაც გავრცელდა მამია ვარშანიძის ქუჩაზე უსწორმასწოროდ დაგებული ტროტუარის ვიდეო.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ბათუმის მერია იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა, რომ სამუშაოებს არ ჩაიბარებდა.

„როდესაც პრობლემა წარმოიშვა, მოვედი და ადგილზე ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვოთ. სახლები არის სხვადასხვა სიმაღლეზე. ყველა მოსახლეს უნდა თავის ეზოში შესასვლელი. გამოვიდა მაგის გამო ესე უშნო. ახლა როდესაც ვნახეთ, ვცდილობთ ეს პრობლემა რაღაცნაირად [მოვაგვაროთ].

არ ვიბარებთ.

ჩემს პერიოდში რა ობიექტებიც იყო, უხარისხოს არ ვიბარებთ არაფერს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის კომპანიის ხელმძღვანელი, მაგას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ – თქვა ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ „ტვ პირველთან“.

კომპანიამ ახლადდაგებული ქვაფენილი აყარა და თავიდან უნდა დააგოს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე მოხდა და რომლის დროსაც ახლადდაგებული ასფალტი ჩავარდა, ბათუმის საკრებულოს წევრმა, ლევან დავითაძემ დაიცვა „ბონდი 2009“ და განაცხადა, რომ ეს კომპანიის ბრალი არ იყო.

„გზის სავალი ნაწილის ჩავარდნა არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ამგვარი კავშირის გავლება არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს.

შემთხვევა გამოწვეულია მაღალი წნევის წყლის მილის დაზიანებით, რასაც მოჰყვა დაზიანების ზონაში გრუნტის გამორეცხვა და საბოლოოდ გზის საფარის ლოკალური ჩავარდნა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის ავარიები ამ მონაკვეთზე წარსულშიც ფიქსირდებოდა. მათ შორის, 2021 წლის გაზაფხულზე.

განსაკუთრებით ხდება მსგავსი შემთხვევები, მაშინ როდესაც ტემპერატურა მოკლე დროში მკვეთრად იცვლება. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პრობლემა დაკავშირებულია საკომუნიკაციო ქსელის ავარიულ დაზიანებასთან და არა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან.

რაც შეეხება დაზიანებული ავტომობილის კომპენსაციის საკითხს, გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც დასრულდება ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლა და ზუსტად დადგინდება, როგორც მიზეზები, ასევე ზიანის ოდენობა“, – თქვა ლევან დავითაძემ საკრებულოს სხდომაზე.

ამავე თემაზე:

ვინ აწყობს ოღროჩოღრო ტროტუარს ვარშანიძის ქუჩაზე – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: