მთავარი,სიახლეები

სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს

30.04.2026
სანქცირებულ „იმედს“ კომკომში ისევ უჩივლეს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედს“ კომუნიკაციის კომისიაში „საქართველოს მომავლის აკადემია“ კიდევ ერთხელ უჩივის.

„იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომავლის აკადემიამ 29 აპრილს მიმართა და მოითხოვა ტელეკომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო.

„საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის და ტელეკომპანია „იმედის“ ტყუილს, თითქოს მათში საქარველოს მომავლის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სინამდვილეში კი ჩვენი ორგანიზაციის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული სიუჟეტებში ნახსენებ ტრენინგებში.

ამავდროულად, ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლებს არ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო ზარით და არც წერილობით.

ტელეკომპანიის წარმომადგენლები არც ჩვენს ოფისში გამოჩენილან. შესაბამისად სიუჟეტებში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ „თავს ვარიდებდით კითხვებს“, ან  „არ ვპასუხობდით სატელეფონო ზარებს“ არის ტყუილი,“ – ნათქვამია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადებაში.

საქართველოს მომავლის აკადემია განმარტავს, რომ მისი ხელმძღვანელობის მზადაა პირდაპირი ეთერის ფორმატში უპასუხოს ტელეკომპანია „იმედის“ ნებისმიერ შეკითხვას ნებისმიერ დროს.

„საქართველოს მომავლის აკადემია აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს  ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული სანქცირებული ტელევიზიების მიზანმიმართული ცილისმწამებლური ბრალდებები და გეგმავს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქართული ოცნების ავტორიტარული მისწრაფებების საპირწონედ საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფლების კერები და ახალგაზრდებს მიეცეთ ევროპული სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია „საქართველოს მომავლის აკადემიის“ განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „საქართველოს მომავლის აკადემია“ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხ „იმედს“ უჩივის და ეთერში გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას მოითხოვს.

2025 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში „საქართველოს მომავლის აკადემიამ“ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ოთხი საჩივარი შეიტანა. გასაჩივრებული სიუჟეტები ეხებოდა რუსული პროპაგანდის სტილში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მთავარი მიზანიც ევროპელი პარტნიორებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაშავებით საზოგადოებაში ანტიევროპული და პრორუსული განწყობების გაღვივება იყო.

კომუნიკაციების კომისიამ მომავლის აკადემიის არც ერთ საჩივარი არ დააკმაყოფილა და ოთხივე შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედი“ გაამართლა.

„კომუნიკაციების კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებებით არა მხოლოდ არ უზრუნველყო მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ხელი შეუწყო სანქცირებული ტელეკომპანია იმედის მიერ რუსული სტილის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას, რომლებიც ახლა უკვე საერთაშორისო დონეზეც შეფასდა როგორც რუსეთის გავლენის ოპერაციის ნაწილი,“ – ასე შეაფასა კომკომის გადაწყვეტილება „მომავლის აკადემიამ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.