ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ბათუმობა“ წელს 6-7 ივნისს ჩატარდება

28.04.2026
„ბათუმობა“ წელს 6-7 ივნისს ჩატარდება

ბათუმის მერიამ წელს სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ გამართვა 6-7 ივნისისთვის გადადო.

ბოლო წლებია „ბათუმობას“ აპრილის ბოლოს მართავდნენ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, წელს „ბათუმობა“ საკურორტო სეზონის გახსნას დაამთხვიეს, ამიტომაც ღონისძიებას ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაატარებენ.

2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 400 000 ლარია გათვალისწინებული, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ხარჯებისთვის კი მერიაში 1 მილიონ 330 000 ლარი გაითვალისწინეს 2026 წელს.

გასულ, 2025 წელს, „ბათუმობასთან“ დაკავშირებული ხარჯების შესახებ კითხვები მერიამ უპასუხოდ დატოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

მოგვიანებით „ბათუმელებმა“ გამოარკვია, რომ  „ბათუმობა 2025-ის“ ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში. მთლიანობაში კი „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია გასულ წელს დახარჯული.

28 აპრილს „ბათუმობის“ აღნიშვნა ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა იყო, მან თარიღი ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა.

მაშინ მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში თუ 28 აპრილს. გამოკითხვაში 556 ადამიანიდან 72-მა პროცენტმა ხმა „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნას მისცა.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი „ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება,“ – ეწერა მაშინ ბათუმის მერის ფეისბუქგვერდზე.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმის მერიამ 1000 ლარი ტორტში და 88 ათასი ლარი რესტორნებში დახარჯა – ბათუმობა 2025

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: