ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის ახალ ადმინისტრაციულ შენობას აშენებს. მშენებლობა 2026 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ დასრულდა.
ორსართულიანი შენობის მშენებლობაზე სამინისტროს ხელშეკრულება 3,2 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული. აქედან 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სამინისტრომ ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ამჯერად ახალი ტენდერი 1,6 მილიონი ლარით გამოაცხადა.

ბათუმი, პოლიციის ახალი ოფისის მშენებლობა გუდიაშვილის ქუჩაზე შეჩერებულია / 23.04.2026
სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გეგუსთან“ ხელშეკრულება მშენებლობის დასრულების ვადის გასვლამდე თითქმის ერთი თვით ადრე, 2025 წლის 16 დეკემბერს შეწყვიტა.
მეორე დღეს, 17 დეკემბერს კი, შსს-მ შესყიდვების სააგენტოს მიმართა „გეგუს“ შავ სიაში შეტანაზე.
„არაერთი სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი ისევ არადამაკმაყოფილებელი იყო და ჩამორჩებოდა სამუშაოების შესრულების კალენდარულ გეგმა-გრაფიკს.
სამუშაოების შესრულების ვადა [რომელიც 60 დღით გააგრძელეს] იწურება 2026 წლის 22 იანვარს, მიუხედავად ამისა სამუშაოების მოცულობის დიდი ნაწილი შეუსრულებელი იყო. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გეგუს“ შორის, 2025 წლის 27 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა“, – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით „გეგუზე“ ჯამში სახელშეკრულებო თანხის [3 277 775 ლარის] 36 პროცენტი, ანუ 1 169 737 ლარი უკვე გადარიცხული იყო. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში, შსს-მ კომპანიას 491 666 ლარი ავანსად გადაურიცხა.
შსს ხელშეკრულების შეწყვეტის წერილში „გეგუს“ სწერს, რომ სამინისტრო „ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, „ზირაანთ ბანკი საქართველოსგან“ გამოითხოვს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას სრულად – 81 944 ლარს.
ამასთან, კომპანიას ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმა [პირგასამტეხლო]“ – 32 777 ლარი.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025-2026 წლებში შპს „გეგუ“ 13-ჯერ შეიტანეს შავ სიაში – სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ტენდერებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვნად შესრულების გამო.
„გეგუსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ შსს-მ ახალი ტენდერი გამოაცხადა „ბათუმში გუდიაშვილის ქუჩაზე პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის და ტერიტორიის კეთილმოწყობის დასრულების სამუშაოებზე“.
სატენდერო თანხა ამჯერად 1 635 106 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 მაისს დასრულდება, სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 220 დღეში უნდა დასრულდეს.

ბათუმი, პოლიციის ახალი ოფისის მშენებლობა [მარცხნივ] გუდიაშვილის ქუჩაზე, რომელიც შეჩერებულია / 23.04.2026
კომერციული ფართობი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო, თუმცა ქალაქის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, ის სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.
ამ თემაზე: შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს
2021 წელს საუბარი იყო იმაზეც, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა და დეპარტამენტი აბუსერიძის ქუჩიდან იქ გადავიდოდა. ამისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს.
ეს ნაკვეთიც შსს-ს სარგებლობაშია უკვე მეექვსე წელია, თუმცა, იქ არანაირი მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ამ თემაზე: გადადის თუ არა პოლიცია ბარცხანაში

შსს-ს სარგებლობაში არსებული ტერიტორია ბათუმში, ბარცხანის ხიდთან / ფოტო: 7.04.2026
რაც შეეხება ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე ახალ ოფისს, „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქ ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილება უნდა განთავსდეს, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა.
მშენებლობაზე ტენდერი თავდაპირველად შსს-ს 3 მილიონ 816 ათას 644 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
ამ თემაზე:
ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის






