მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტი, რომელიც დილის 4 საათზე გაასამართლეს, შსს-ს ცნობით ქვეყნიდან გააძევეს

05.04.2026
ჟურნალისტი, რომელიც დილის 4 საათზე გაასამართლეს, შსს-ს ცნობით ქვეყნიდან გააძევეს

5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფეისბუქ პოსტის გამო, გაასამართლეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.

ჟურნალისტი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაასამართლა და აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გაძევებულია. ამასთან მას 3 წლით აუკრძალეს საქართველოში შემოსვლა.

აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წელი ითხოვდა მათთვის აფგან სადიგოვის გადაცემას. სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა გადაწყვეტილება, რომლითაც სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა აკრძალული იყო.

  • რა მოხდა

შსს-მ აფგან სადიგოვი დააკავა 4 აპრილს, გვიან საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში.

თბილისში სადიგოვის საცხოვრებელ ბინასთან მისული პოლიციის კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, აფგან სადიგოვის ცოლმა, სევინჯ სადიგოვამ გაავრცელა.

უფლებამდამცველებმა და ჟურნალისტებმა აფგან სადიგოვის ძებნა დაიწყეს.

მალევე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავა ადმინისტრაციული წესით“.

დაკავებიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი. შსს-მ სასამართლოზე ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამას გარდა აფგან სადიგოვი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო – 5 აპრილი, დილის 3:26 საათი. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დაახლოებით დილის 4 საათისკენ გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეტილება ფოტო: ბაჩანა საჯაია

5 აპრილს, დილის 10:17 წუთზე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ „აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“.

  • რა „ჩაიდინა“ აფგან სადიგოვმა

ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა პირველ აპრილს ფეისბუქზე დაწერა პოსტი, რომელშიც ეწერა:

„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ – და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“.

პოსტის სქრინი, რომლის გამოც ჟურნალისტი გაასამართლეს, დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს

პოსტს თან ერთვოდა მარშის ამსახველი ვიდეო და ფოტო, რომელზეც პოლიციელები ჩანდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ პოსტის დაწერით შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.

„სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა“, – დაწერა შსს-მ.

  • დაარღვია თუ არა საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადაციას 2 წლის განმავლობაში ითხოვდა აზერბაიჯანული მხარე.

აფგან სადიგოვი ექსტრადაციის მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს, თუმცა 2025 წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება (Interim measure) და შეაჩერა ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადაცია.

ჟურნალისტი ქართულ ციხეში 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან შიმშილობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეწყვიტა.

2025 წლის 17 აპრილს სადიგოვი ციხიდან გაათავისუფლეს.

ის ცდილობდა ქვეყნიდან გასულიყო და შეერთებოდა ოჯახს, რომელსაც ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, მაგრამ ქართულმა მხარემ მას საქართველოდან წასვლის უფლება არ მისცა.

აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

ის ხშირად მართავდა პერფორმანსებს და საჯაროდ წვავდა ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს.

აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ოპოზიციის ალიანსმა და „ქართული ოცნება“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაში დაადანაშაულა.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ აკრძალა სადიგოვის ექსტრადიცია, რადგან ჩათვალა, რომ ეს სადიგოვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

რეჟიმის ნაბიჯი არის პირადი შურისძიება, ივანიშვილის მიმართ სადიგოვის კრიტიკული დამოკიდებულების გამო,“ – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განმარტება გააკეთა:

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას.

იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე.

ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები,“- განმარტა შსს-მ.

შსს ტყუილში დაადანაშაულა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ.

სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს აფგან სადიგოვის უფლებებს.

„შსს ტყუის საკუთარ განცხადებებში.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს.

ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული  საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია.

ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.

აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი.

ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო.

ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებულიყო,  აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების შემდეგ.

მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არ წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ დაუტოვეს.

საქარველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად,“- განმარტა თამთა მიქელაძემ.

თამთა მიქელაძის თქმით, ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ, იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია.

აფგან სადიგოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ასეთი იყო:

„1-ელ აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა.

2 აპრილს ეს ინფორმაცია მიაწოდეს აფგან სადიგოვს.

3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა.

4 აპრილს აფგან სადიგოვი დააკავეს.

5 აპრილს, დილის 4 საათზე გაიმართა სასამართლო და აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: