მთავარი,სიახლეები

წამება, არაადამიანური მოპყრობა – სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

02.04.2026
წამება, არაადამიანური მოპყრობა – სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის სახელით გაგზავნილი მესამე საჩივარი დაარეგისტრირა, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას ეხება.

საჩივარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 4 მარტს გაგზავნა და ევროპულმა სასამართლომ საქმე 1 კვირაში, 2026 წლის 11 მარტს, უკვე დაარეგისტრირა.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ ორგანიზაციას 1 აპრილს ეცნობა.

სტრასბურგის სასამართლოში საიას გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე: პირველი საქმე (no. 13661/25) ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას, სადაც საიამ უკვე წარადგინა წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე, ხოლო მეორე საქმის საჩივარი (no. 36304/25), რომელიც უკავშირდება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს, ასევე, დარეგისტრირებულია

რაც შეეხება 4 მარტს გაგზავნილ საჩივარს:

„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა თანამშრომლებმა შეაკავეს.

მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ ყოფილა,“ – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის დაკავების დეტალების აღწერისას.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი მესამე საჩივრით საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები:

  • მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი (არაეფექტიანი გამოძიება),
  • მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება),
  • მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს:

„დამამცირებელი მოპყრობა (მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის მხრიდან გამოყენებული გაუმართლებელი ფიზიკური ძალა, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა და გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს ღირსების შემლახველ მოპყრობას.

აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა მზია ამაღლობელის დამცირებას დისკრიმინაციული მოტივით.

არაეფექტიანი გამოძიება (მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი): სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება, კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ.

გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე, არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეოჩანაწერები, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა.

გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარე სათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ.

ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი.

გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა ცრუ ჩვენებები: ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეოკადრებში ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა.

ასევე, ბერდია ფერაძე და გიორგი ბჟალავა თავს დამკავებლებად ასახელებენ, მაშინ, როცა კადრებით დასტურდება, რომ ბჟალავას დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.

გამოძიებამ არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზიას მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძემ აღიარა, რომ სწორედ ის აგინებს მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი.

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ხელყოფა (მე-8 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში): პოლიციის შენობაში, ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას. ვინაიდან ეს ზომები მზია ამაღლობელის მიმართ მხოლოდ მისი დამცირების მიზნით, ცინიკური და გენდერულად დისკრიმინაციული მოტივით იქნა გამოყენებული და სცილდებოდა სამართლებრივ ფარგლებს.

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთობლიობაში): ქვეყნის შიგნით არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი, რათა პირმა მიიღოს დაზარალებულის სტატუსი.

მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა და გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა.

კერძოდ, პროკურატურა მომჩივნის ადვოკატის მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით არ პასუხობს, სასამართლო კი, თავის მხრივ, ფორმალისტური მიდგომით უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ არსებობს პროკურატურის წერილობითი უარი. პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობამ და სასამართლოს ამგვარმა პოზიციამ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის რეალური საშუალების გარეშე, რამაც შეუძლებელი გახადა დარღვეული უფლებების აღდგენა ეროვნულ დონეზე“.

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასამართლეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო. 2025 წლის 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილება სამმა მოსამართლემ მიიღო- ნიკოლოზ მარგველაშვილმა, მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ. უზენაესმა სასამართლომ კი მზია ამაღლობელის საჩივარი საერთოდ არ განიხილა.

ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამმა მოსამართლემ – ლევან თევზაძემ, მერაბ გაბინაშვილმა და მამუკა ვასაძემ მიიღო.

  ამავე თემაზე:

„ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“ – მაია მწარიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: