შსს-ს ინფორმაციით, უწყების გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, 1981 წელს დაბადებულმა კარლო ურუშაძემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება – კერძოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განმახორციელებელ პირებად, მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლების მითითებას, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ.
შედეგად, ბრძანებებში მითითებულ პირებს, პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, – წერს შსს.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კარლო ურუშაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი – ქრთამის აღების ფაქტზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1982 წელს დაბადებულმა იაკობ კაცაძემ შსს საინფორმაციო ცენტრის ბაზებში სხვადასხვა პირის უკანონოდ გადამოწმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-იდან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს შსს.
კარლო ურუშაძეს 2020 წელს „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ მეორე ხარისხის მედალი გადასცეს.






