მთავარი,სიახლეები

„ენმ-ს რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ“ – კონსტიტუციონალისტი

20.02.2026
„ენმ-ს რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ“ – კონსტიტუციონალისტი

„რუსი სამხედროს და იტარ-ტასის ჟურნალისტის [პროპაგანდისტის] შეურაცხყოფისათვის ვკრძალავთ პარტიასო… „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსი სამხედროს და პროპაგანდისტის შეურაცხყოფის გამო კრძალავენ. ეს ჩემი აზრი არა, უფრო ფაქტზე დაკვირვებაა,“ – ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელს ფეისბუქსტატუსით ეხმაურება კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. ის ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელის ინტერესს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარტიების აკრძალვაზე არსებითად განსახილველად ჯერ არ მიუღია საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამ საქმის განსახილველად სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ სარჩელს ოპოზიციის აკრძალვაზე განიხილავს მოსამართლე ვასილ როინიშვილიც, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო.

გიორგი გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს ვრცელი სარჩელის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე – „ოცნების“ ერთ-ერთ არგუმენტზე, თუ რატომ უნდა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“:

„2006 წლის ივლისში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაჩერებულ იქნა დიპლომატიური დანიშნულების ავტომობილი, რომელში მყოფ რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილისა და საქართველოში „იტარ-ტასის“ სპეციალური კორესპონდენტის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა…,“ – აღნიშნულია სარჩელში.

„პოლიტიკურია სარჩელი თავიდან ბოლომდე, სამართლებრივი არგუმენტი ნულია. პოლიტიკურ ნაწილშიც საუბარი რუსი სამხედროს ან „იტარ ტასის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე პარტიის აკრძალვის საფუძველი რატომ უნდა გახდეს?“ – კითხულობს გიორგი გოცირიძე.

სარჩელში „ოცნების“ მიერ ჩაწერილი ეს არგუმენტი ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა. წულუკიანის კომისია კი, პირდაპირ და ობიექტურ მტკიცებულებას კი არა ეყრდნობა, გოგა ხაინდრავას მოუყოლია ეს ამბავი:

„არაერთ სხვა მაგალითთან ერთად, გოგა ხაინდრავამ მოიყვანა სახელმწიფო ინტერესის დამაზიანებელი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა. 2006 წლის 15 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ შეხვედრის წინ, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს დიპლომატიური მანქანა, რომელშიც რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილე, სამშვიდობო ოპერაციების კურატორი, გენერალი ევნევიჩი, სამშვიდობო ძალების სარდალი რუსეთის მხრიდან, ეუთოს წარმომადგენელი და საინფორმაციო სააგენტოს, იტარ-ტასის სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში ნატაშა რატიანი იმყოფებოდნენ. მანქანას ალყა შემოარტყეს და მასში მყოფ ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

ჟურნალისტმა აქტიურად გააშუქა ინციდენტი, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. მომხდარი ფაქტის გამო, საქართველოს საკითხი „დიდი რვიანის“ ფარგლებში, ბუში-პუტინის შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგიდან მოიხსნა და საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ცხინვალის რეგიონში შექმნილი დაძაბულობის კონტექსტში გაიმართა,“ – წერია „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში.

ამ თემაზე:

ოპოზიციის აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ის პროკურორი იყო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: