პროკურატურის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსს ბრალი წარუდგინეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსმა, კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანების სისტემატურად, არაოფიციალურად გამოყენების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს ლაგოდეხის მერის წარმომადგენელსაც.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, რომელსაც მსჯავრდებულის განაჩენით დადგენილი საზოგადოებრივი შრომის უზრუნველყოფა და კონტროლი ევალებოდა, სასჯელისთვის თავის არიდებისათვის მსჯავრდებულისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო“.
დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით [ქრთამის აღება], რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






