მთავარი,სიახლეები

„უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი“ – ლევან ცუცქირიძე

08.02.2026
„უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი“  – ლევან ცუცქირიძე

„ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება არა პრივილეგია, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და ადამიანის ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი.

„ქართული ოცნება“ არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ,“ – თქვა „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ დღეს, სამოქალაქო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

დღეს, 8 თებერვალს, თბილისში, „თავისუფლების მოედნისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი სახელწოდებით – „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება ­ საქართველოს გულისთვის“.

ფორუმი მიეძღვნა მოქალაქეების განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას.

ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებმა იმსჯელეს სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს ადგილზე მსოფლიოში.

ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი იყო „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე.

გთავაზობთ მის გამოსვლას სრულად:

„მინდა ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს, სამი რამ გითხრათ, რაც ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი.

პირველი – არ შეგეშინდეთ. აქ ძალიან ბევრ უშიშარ ადამიანს ვხედავ, მაგრამ მაინც. და ამას ვამბობ იმიტომ, რომ აი, აქ შევიკრიბეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც გვაქვს განსხვავებული ხედვები, განსხვავებული მოსაზრებები. ყველანი სხვადასხვა გზით მოვედით აქამდე, მაგრამ ამ მოედანზე ჩვენ გაგვაერთიანა საქართველოს სიყვარულმა და იმ განსაცდელის შეგრძნებამ, რომელიც ჩვენს წინაშე არის და იმ განცდამ, რომ ჩვენ ახლა ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს.

ეს არის რეალური ძალა. რეალური ძალა არის ჩვენი ერთობა, განსხვავებული ადამიანების ერთობა და არა ერთფეროვნება. და არა ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ – ის ცდილობს ლეგიტიმაცია ადამიანების ჩაგვრით მოიპოვოს, ის ცდილობს აღიარება უსამართლობით მოიპოვოს და ის ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება სრულიად უსამართლოდ. ეს არის არა ძალა, არამედ პოლიციელის ხელკეტს და მუნდირს ჩაბღაუჭებული ძალის სიმულაცია. ნამდვილი ძალა აი აქ არის და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას ყველანი გრძნობთ.

მეორე, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ. ჩვენ ყველამ ვიცით, რას ვეწინააღმდეგებით.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით კორუფციას, როდესაც ქვეყნის თანამდებობის უმაღლესი რანგის პირებს სძინავთ სკოლების, საბავშვო ბაღების და ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით გატენილ მატრასებზე.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ უსამართლობას, როდესაც პარტია ციხეში ამწყვდევს ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ უსამართლობას, იმ სისასტიკეს, იმ ცინიზმს, რომელიც ამბობს, რომ მთავარი პრინციპი, რაზეც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დგას, ეს არის თანაგრძნობის არარსებობა.

მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ამ წინააღმდეგობის გაწევა.

დიდი დრო გავიდა უკვე, შევდექით, ვაჩვენეთ ნამდვილი სოლიდარობა.

მაგრამ თუკი მხოლოდ რაღაცის წინააღმდეგი დავრჩებით, ჩვენ აღმოვჩნდებით „ქართული ოცნების“ დაგებულ მახეში და ეს არის ხელოვნური დაპირისპირებები: „ჩვენ და ისინი“, „უსამშობლოები და პატრიოტები“, „ჩვენიანები და სხვები“, „ომი ან მშვიდობა“. წინააღმდეგობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მახეში არ უნდა გავებათ და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა წავიდეთ მომავლისკენ.

აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ მომავალზეც, იმიტომ, რომ მომავალზე თანხმობა გაგვიადვილებს მისკენ სავალ გზას.

და ეს არის მესამე, რაც მინდა გითხრათ.

ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აქ ვართ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საფუძველი პოლიტიკისთვის, რომელზეც უნდა აშენდეს, უნდა წარმოვიდგინოთ მომავალი ქვეყანა. და ჩემთვის ეს არის სახელმწიფო, რომელშიც მრავალფეროვნება არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, რომელშიც მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმტკიცის საფუძველი.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პროფესიონალები პოლიტიკაში მოდიან, პროფესიონალიზმი აჯობებს უმეცრებას, როგორც ახლა იმართება სახელმწიფო.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც აღარასდროს აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ამიტომ მინდა მათაც აქედან შევძახოთ ყველამ – თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პოლიტიკოსები გახდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ცოდნის გამოყენება უნდათ საზოგადო სიკეთისთვის და არა საკუთარი კერძო სიკეთისთვის.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა იქნება არა პრივილეგია, არამედ ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პენსია ნიშნავს უზრუნველ ცხოვრებას და არა ყოველდღიურ დილემას – წამალი ვიყიდო თუ საჭმელი.

და ბოლოს, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც არავინ აღარასოდეს იტყვის ისეთ ფრაზას, რომელიც ჩემთვის ყველაზე შემზარავია: „მე რა შემიძლია, მე პატარა ადამიანი ვარ“. ამიტომ ვართ სოლიდარულები და ამიტომ ვიბრძვით ყველანი დემოკრატიისთვის.

მესამე – ეს არის შემობრუნების წერტილი. არაფრის დასასრული, არამედ დასაწყისი.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ შევაჯამოთ, არამედ იმისთვის, რომ ახალი ეტაპი დავიწყოთ და პროტესტის და წინააღმდეგობის ის დიდი ენერგია, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, ვაქციოთ ორგანიზებულ პოლიტიკურ მოქმედებად და სტრატეგიად. და ამის პირობას გაძლევთ, როგორც „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი ამ შეხვედრაზე.

მომავლის პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი რაღაცები, რაზეც დღევანდელი საუბრობდა, რომ დღეს თითქოს ტაბუ დაედო და ამაზე ვეღარ უნდა ვილაპარაკოთ: მრავალპარტიული დემოკრატია ერთპარტიული დიქტატურის ნაცვლად, მრავალფეროვნება ერთფეროვნების ნაცვლად, ცოდნა უმეცრების ნაცვლად, პოლიტიკოსები, რომლებმაც საქმის კეთება იციან და არა იმიტომ არიან პოლიტიკაში, რომ სხვაგან ვერაფერი ვერ შეძლეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა დაცალა ზნეობისა და მორალისგან და ეს, ჩემი აზრით, არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა.

ამიტომ ჩვენ ზნეობა, პოლიტიკა, თანაგრძნობა, სოლიდარობა, პატიოსნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში და მე აქ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ.

„ქართული ოცნება“ არ არის ჩვენი ბედისწერა, ეს არის განსაცდელი, რომელსაც ერთად დავძლევთ.

ჩვენ გპირდებით, რომ ის მართალი სიტყვა, რასაც აქ ვამბობთ, რაც აქ ისმის და კიდევ ითქმება, რომ ამ მართალ სიტყვას ყველაზე შორეულ სოფელშიც მივიტანთ.

გპირდებით, რომ შევქმნით სამოქალაქო ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ყველა მხარეში. გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩავრთავთ სამოქალაქო აქტივიზმში, პოლიტიკურ აქტივიზმში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

გპირდებით, რომ მოვივლით მთელ საქართველოს და დაგიბრუნდებით კიდევ უფრო დიდი შეკრებით თბილისში, კიდევ უფრო ბევრნი, კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო თავდაჯერებულები და კიდევ უფრო ახლოს გამარჯვებასთან, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ.

მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ან სხვებს, რომლებიც გვიყურებთ, შეიძლება ონლაინ სტრიმით: თუკი ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ – ჩემი პასუხი ამაზე მარტივია: შემოგვიერთდით. შემოგვიერთდით არა როგორც დამკვირვებელი, არამედ როგორც თანამონაწილე და საკუთარი მომავლის თვითონ შემქმნელი.

საქართველოს გულისთვის შემოგვიერთდით!

გამარჯვება ჩვენია! დღე ჩვენია! ეს ქვეყანაც ჩვენია! და გახსოვდეთ, რომ გაზაფხული აუცილებლად მოვა!” – თქვა ლევან ცუცქირიძემ სიტყვით გამოსვლისას.

სამოქალაქო ფორუმზე „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის“ სპიკერები იყვნენ: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი თოზუ გულმამედლი, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მწერალი დათია ბადალაშვილი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და  „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე.

სამოქალაქო ფორუმი: “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის” “თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით გაიმართა.

ამავე თემაზე:

“დასასრულის დასასრული: როგორ კვდება თავისუფალი კულტურა საქართველოში“ – ნინო კასრაძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: