დღეს, 25 აპრილს, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენლებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აჭარის მაღალმთიანეთში მოსახლეობას შეხვდებიან.
„შემოვივლით მთელ აჭარას, რათა შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ თანამოქალაქეს და მოვისმინოთ მათი გულისტკივილი და სურვილები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ვაქციოთ პოლიტიკურ სამოქმედო გეგმად. იმისთვის, რომ მთელი ეს მხარე გამოვიყვანოთ იმ პოლიტიკური ჭაობიდან და იზოლაციიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ეს ქვეყანა შეიყვანა.
ვხედავთ, რომ უმაღლეს თანამდებობებზე აბრუნებენ ისევ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ აქ. „ქართულ ოცნებას“ ახალი გვერდით აღარავინ დაუდგება, რადგან ამ პარტიას, ყველა – საკუთარი თანამოაზრეებიც მიჰყავს უფსკრულისკენ და მას არ გააჩნია არც ცოდნა, არც უნარი და არც მონდომება იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დიდი პრობლემები. მოსახლეობას უძვირდება ცხოვრება, ამას ემატება ის უსამართლობა, რომელიც ყველგან ტრიალებს“-ამბობს პარტიის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე.
მისი თქმით, ხალხმა უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ კეთილსინდისიერი ადამიანები.
„მათ ადგილზე უნდა მოვიდნენ პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც კერძო სიკეთისთვის კი არ ენდომებათ თანამდებობები, არამედ საზოგადო სიკეთისთვის“-ამბობს ლევან ცუცქირიძე.
აზა გაბუნია, „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელი აჭარაში მიიჩნევს, რომ ბათუმისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ კერძო კომპანიები ზღვას მიწად ირეგისტრირებენ. „როგორც ვიცით 43 ჰ ზღვა დაარეგისტრირეს მიწად, ასევე გონიოშიც 9 ჰ ზღვა დაარეგისტრირეს მიწად, მაშიბ როცა ბათუმს ნაგავსაყრელის სერიოზული პრობლემა აქვს და ამას არავის აგვარებს.
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ბათუმის საკრებულოს წევრების ტენდერებით მოგებულ პროექტებს, რომელსაც ისე აკეთებენ, რომ ერთ კვირაში ქუჩა ვარდება და მოქალაქეების ავტომანქანებიც ხვდება ამ ჩავარდნილ გზებში, ვხედავთ ბულვარის დემონტაჟს, რომელიც ბულვარის განაშენიანების გეგმის სახელით მიმდინარეობს და მცირე და საშუალო ბიზნესი როგორი წნევის ქვეშ არის ბათუმში.
ასევე ვხედავთ კორუფციის უდიდეს პრობლემას აჭარაში“-ამბობს აზა გაბუნია.
„თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხვალიდან შეხვედრებს გამართავენ აჭარის მუნიციპლაიტეტებში მცხოვრებ ადამიანებთან და შეხვედრების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სასტუმრო „ამბასადორში“ შემაჯამებენ ბრიფინგს გამართავენ.






