მთავარი,სიახლეები

რა ხდება ირანში – გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ – ინტერვიუ

14.01.2026 •
რა ხდება ირანში – გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ – ინტერვიუ

ორ კვირაზე მეტია ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გასული წლის 28 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა და დღემდე გრძელდება.

ირანის ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით ცდილობს სახალხო პროტესტის ჩახშობას.

8 იანვრის მერე ირანში გათიშულია ინტერნეტი, როიტერსის თანახმად, უკვე დაღუპულია 2 500-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია 18 ათასზე მეტი აქციის მონაწილე.

დღეს, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ირანში უფასო გახდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის სატელეფონო საუბარი.

ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ რეჟიმი აპირებს სიკვდილით დასაჯოს პროტესტში მონაწილე ადამიანები. დონალდ ტრამპმა გუშინ, 13 იანვარს თქვა, რომ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუკი ირანი დაკავებულ აქტივისტებს სიკვდილით დასჯის.

ასევე, ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დახმარება გზაშია“.

რა ხდება ირანში, რა გახდა მასშტაბური პროტესტის დაწყების მიზეზი და როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები,  „ბათუმელები“ ამ თემაზე აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, დავიწყოთ იმაზე საუბრით, ახლა რა ხდება ირანში, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტ კავშირი შეზღუდულია და ზუსტი ინფორმაციის გაგება, გართულებული.

ზუსტი ინფორმაცია ძალიან ძნელი მოსაპოვებელია გასაგები მიზეზების გამო. ახალი ინფორმაცია ცვლილებების შესახებ – ვთქვათ გუშინ რა ხდებოდა ან დღეს დილას რა ხდება, პრაქტიკულად არ არის.

ერთადერთი ძალიან სერიოზული ცვლილება – გუშინდელი ტრამპის განცხადებებია. ირანის ხელისუფლების იდეა, რომ ტრამპის და ირანის წარმომადგენლები შეხვედროდნენ ერთმანეთს, ტრამპის განცხადების მიხედვით, უარყოფილია. მანამ სანამ რეჟიმი არ დაიხევს უკან და მომიტინგეების წინააღმდეგ ასეთი მეთოდების გამოყენებაზე უარს არ იტყვის.

მეორე მომენტი, ტრამპის განცხადება – „დახმარება გზაშია“ და ირანელებისადმი მიმართვა. ეს რას ნიშნავს – ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ შუა გზაზე გაჩერდეს ტრამპი, ამერიკა და არაფერი აღარ მოხდეს საგარეო თვალსაზრისით. თუმცა ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რა და როგორ იქნება, ამის წარმოდგენა და განსაზღვრა საკმაოდ რთულია დღეს.

ერთი, რაც ნათელია – პროტესტი არ შეწყვეტილა, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებისა, თითქოს თანდათანობით იკლებს საპროტესტო მუხტი. და მეორე, რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, ირანის ხელისუფლება არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც დღეს არის.

გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე

  • როგორ და საიდან დაიწყო ახლანდელი პროტესტი ირანში და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?

სანამ უშუალოდ პროტესტის გამომწვევ მიზეზზე ვილაპარაკებთ, მინდა მოგიყვეთ უკმაყოფილების და მღელვარებების მიზეზი რა ფაქტორებმა განაპირობეს.

რამდენიმე ფაქტორია: პირველი – ქვეყნის ეკონომიკური მენეჯმენტი დაბალი დონის და უაღრესად გაუმართავია; მეორე – პირველი ფაქტორიდან გამომდინარე, სანქციების გამო, ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია; მესამე ფაქტორი – მასშტაბური კორუფცია სახელისუფლებო ეშელონებში, ელიტებში; მეოთხე ფაქტორად კი შეიძლება დავასახელოთ ის რეპრესიული აპარატი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ.

აი, ამ ფაქტორების ერთობლიობაა.

რა გახდა უშუალოდ პროტესტის საბაბი ახლა?

ირანული ვალუტის წარმოუდგენელი დევალვაცია მოხდა ძალიან სწრაფად, რამაც გამოიწვია  ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება. არახალია, მაგრამ ახლა ძალიან მძაფრად შეეხო იმ ფენას, რომელიც თავის დროზე შეიძლება ითქვას, რომ ამ რეჟიმის მხარდამჭერი იყო. ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ „ბაზრის ხალხზე“ – ეს არიან წვრილი და საშუალო მოვაჭრეები, წვრილი და საშუალო ბურჟუაზია.

როდესაც ვამბობთ ბაზარს, ნუ წარმოიდგენთ იმას, რა ტიპის ბაზრებიც გვაქვს საქართველოში. ბაზარი ირანში არის ძალიან დიდი სისტემა თავისი მეჩეთებით, მედრესეებით, სოციალური ქსელებით და ასე შემდეგ.

ბაზარი იყო ყოველთვის კონსერვატული – ღრმად რელიგიური და ყოველთვის მხარს უჭერდა რეჟიმს.

აი, სწორედ ბაზრიდან დაიწყო, ანუ რეჟიმის ყოფილი მხარდამჭერებიდან.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თავდაპირველი ეკონომიკური მოთხოვნები სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ მოთხოვნებში. ამას მოჰყვა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის დარაზმვა. მოსახლეობაში არსებობს კონსენსუსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ასეთი რეჟიმი აღარ უნდა არსებობდეს ირანში.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს რეალური პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც თავისი გეგმა ექნება. ამას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს – ეს რეჟიმი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას არ უშვებს. მცირე გამონათებებიც კი სასტიკად არის ჩახშობილი.

მეორე ისაა, რომ დემონსტრანტები შეუიარაღებელი არიან და როდესაც შეიარაღებული შეუიარაღებელს უპირისპირდება, ანუ როდესაც ხელისუფლების შეიარაღებული ძალები უპირისპირდებიან უიარაღო მომიტინგეებს, ეს დიდი უპირატესობაა და შედეგი ყოველთვის ერთია.

რთულია ვილაპარაკოთ, რომ ამ მოძრაობამ შეიძლება გაიმარჯვოს და რეჟიმი შეიცვალოს ირანში.

გარე დახმარების და გარე ძალასთან კოორდინაციის გარეშე ეს ძალიან რთული იქნება.

  • გარდა ბაზრის ფაქტორისა, სხვა კიდევ რა ფაქტორია, რაც ახლანდელ პროტესტს წინა წლების პროტესტებისგან განასხვავებს?

განასხვავებს ის, რომ ახლა ეს პროტესტი მასშტაბურობით წინა წლების გამოსვლებს მიუახლოვდა. თანდათან ძალას იკრებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება – ხელისუფლება საკმაოდ დასუსტებულია.

ეს პირველ რიგში გამოწვეულია, ამერიკის ჩართულობით, ისრაელთან 12-დღიანი ომით. საინტერესო მომენტია ისიც, რომ ირანის მოსახლეობამ ეს ომი არ აღიქვა როგორც სამამულო ომი. მაშინ, როცა ისლამური რესპუბლიკის არსებობის გარიჟრაჟზე ერაყთან ომი გახდა ისლამური რეჟიმის კონსოლიდაციის და ამ რეჟიმის გარშემო ხალხის დარაზმვის ერთ-ერთი საშუალება. დღეს ასე არ ხდება. პირიქით, შეიძლება ითქვას მოსახლეობამ ირანში ნეიტრალურად და სიხარულითაც კი მიიღო 12 დღიანი ომის შედეგები.

და ეს რეჟიმიც კიდევ უფრო დასუსტდა.

ფაქტორი არის ისიც, რაც ზემოთ ვთქვი – ეკონომიკური სიტუაციის უკიდურესი გაუარესება, რომელიც შეეხო არამხოლოდ ღარიბ ფენებს, არამედ ეს შეეხო საშუალო კლასსაც. საკმაოდ ძლიერი განათლებული საშუალო კლასი არსებობს ირანში.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ირანი ახალგაზრდა ქვეყანაა, ახალგაზრდობა მნიშვნელოვან პროცენტია ქვეყნის მოსახლეობის. ახალგაზრდობა არის განათლებული, ღია, დასავლური ღირებულებებით დაინტერესებული. შეთვისებული აქვთ დასავლური ღირებულებები. აი, ამ რეჟიმის პირობებში ახალგაზრდებს ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება.

  • რა პირობებში დახვდა ირანის ხელისუფლება ამ პროტესტს, რა ხდება ირანის შიდა პოლიტიკაში – ვის ხელშია რეალური ძალაუფლება და რა როლი აქვს უზენაეს ლიდერს მიმდინარე პროცესებში?

როდესაც ვსაუბრობთ ცუდ მენეჯმენტზე, სწორედ ხელისუფლების მოწყობის პრინციპია აბსოლუტურად გაუაზრებელი და პრობლემური.

ერთ მხარეს დგას ხელისუფლების არჩევითი ორგანოები – პრეზიდენტი, პარლამენტი… ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსაც ირჩევენ. მაგრამ მეორე მხარეს დგას რელიგიური ისტებლიშმენტი ქვეყნის უზენაესი ლიდერით, რელიგიური ლიდერით სათავეში. გადაწყვეტილების მიმღები პრაქტიკულად აი, ეს მხარეა – რელიგიურ ისტებლიშმენტს, უზენაეს ლიდერს ემორჩილება ყველა ძალოვანი სტრუქტურა.

რელიგიური ისტებლიშმენტის შექმნილია ე.წ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელიც რეჟიმთან შეზრდილი სამხედრო ორგანიზაციაა და რეჟიმის საყრდენს წარმოადგენს. მეორე მხრივ ეს არის უზარმაზარი ბიზნესი – პრაქტიკულად ქვეყნის მასშტაბით ყველა მსხვილ საწარმოებს ეს ორგანიზაცია ფლობს.

გარდა იმისა, რომ დიდი მასშტაბის ბიზნესია, ასევე განსაკუთრებით კორუმპირებული სისტემაა.

არავისთვის არ არის უცნობი, რომ სანქციების გადალახვის, გვერდის ავლის წესები იციან. ამით ხელისუფლება საკუთარ თავზე ზრუნავს და არა მოსახლეობაზე.

  • როგორია ოპოზიციური ძალების მდგომარეობა ირანში, რამდენად ორგანიზებულები არიან? ირანის ტახტის მემკვიდრე პრინცის სახელი ჩანს აქტიურად…

წინა საპროტესტო გამოსვლების დროსაც რამდენჯერმე გამოჩნდა რეზა ფეჰლევის ფოტოები, მაგრამ ახლა მასობრივია. რეალური ოპოზიციური ლიდერები არ არსებობენ ირანში. ეს, როგორც ვთქვი, განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება არ აძლევს გასაქანს ოპოზიციას.

ყველაზე რეალური კანდიდატურა არის ყოფილი შაჰის შვილი. მეორე მხრივ, რეზა ფეჰლევის ასე წარმოჩენა და წინ წამოწევა არ მგონია შემთხვევითი და მხოლოდ შიგნიდან მომხდარი ამბავი.

ჩემი აზრით, მას გარედანაც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს. თავად რეზა ფეჰლევიც თავის გამოსვლებში სულ ტრამპს ახსენებს…თუმცა მეორე მხრივ ცოტა რთული წარმოსადგენია, 21-ე საუკუნის მეორე მეოთხედში მონარქიის აღდგენა რომელიმე ქვეყანაში. ვნახოთ, რა იქნება.

  • მძიმე კადრები გავრცელდა – საავადმყოფოების ეზოები სავსეა დახოცილი მომიტინგეების გვამებით. როგორი შეიძლება იყოს ამაზე ირანული საზოგადოების რეაგირება?

ირანის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით დააშინებს პროტესტანტებს. მაგრამ მე მგონი ისეა ტალღა აგორებული, რომ მსგავსი რეპრესიებით ხელისუფლება ვეღარაფერს გახდება. მით უმეტეს, ფაქტია, რომ გარედან სერიოზული საფრთხე აქვთ და მთელი რიგი პირობები აქვთ წაყენებული.

მე, მაგალითად, ისიც არ მესმის, რომ რა საკითხზე შეეძლოთ შეხვედროდნენ ერთმანეთს ტრამპის და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, რა საკითხზე შეეძლოთ მოლაპარაკებები. აქ არის შავი და თეთრი – ან უნდა იყოს ეს რეჟიმი, ან არ უნდა იყოს.

  • ფიქრობთ, რომ ირანის რეჟიმის მძიმე სადამსჯელო რეპრესიული აპარატი ვერ დააშინებს პროტესტში მონაწილე ირანელ ხალხს?

ჩემი აზრით, ვერ…რამდენად შეძლებს რეპრესიებით ეს რეჟიმი არსებობის გახანგრძლივებას, ეს საკითხია. ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ არის.

ფაქტია, რომ რეპრესიული ზომებით პროტესტის ჩახშობა ძალიან რთული და წარმოუდგენელია. თუმცა შეიძლება ამით გაიხანგრძლივოს არსებობა… მეორე მომენტიცაა – დღეს ირანის ქუჩებში გამოსული ადამიანების სურვილების განხორციელება, ანუ ამ რეჟიმის ცვლილება, მხოლოდ გარე ძალებთან, გარე ძალასთან კოორდინაციით არის შესაძლებელი.

  • რა არის მოვლენების განვითარების ყველაზე რეალისტური სცენარი უახლოეს პერიოდში? შესაძლებელია თუ არა რეჟიმის შიგნით ბზარის გაჩენა?

ერთ-ერთი ფაქტორი იმის, რაც ხდება დღეს ირანში, თავად ამ რეპრესიული რეჟიმის არსებობაა. რამდენად შეძლებს რეჟიმი ამ პროტესტის ჩახშობას და მერე გააგრძელებს მოსახლეობის საკუთარ სახლებში დევნას, ამაზე დღეს პასუხი არა მაქვს.

ჩემი მთავარი ვერსიაა, რომ გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ.

უბრალო შეიარაღებაც კი არ აქვთ. რევოლუცია რომ განხორციელდეს, სერიოზული შეიარაღება უნდა ჰქონდეთ და სერიოზული ფინანსებიც სჭირდებათ.

როცა ისლამური რევოლუცია მოხდა, სასულიერო ლიდერებს უზარმაზარი ფინანსები ჰქონდათ.

გარედან დახმარებას რაც შეეხება, რას მოიმოქმედებს ამერიკა გარკვეული არ არის – არ ვიცით, რეალურად რას ნიშნავს ტრამპის განცხადება – „დახმარება გზაშია“.

თუ სამთავრობო შენობები დაიბომბა ან ირანის აღმოსავლეთში დარჩენილი ატომური ობიექტები – ეს სიმბოლური იქნება და არაფრის მომტანი. თუ ვთქვათ ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, ამ შემთხვევაში რეჟიმი ვეღარ გაძლებს. ოღონდ აი ამ შემთხვევაში, გარე ძალასა და შიგნით არსებულ ძალებს შორის კოორდინირებაში უნდა იყოს რაღაც გეგმა.

ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით.

არ ვიცით, რა პროცესები მიდის ირანის პოლიტიკურ ელიტაში, ხელისუფლებაში ან სასულიერო ხელისუფლებაში. სავარაუდოა, რომ გარკვეული კონტაქტები არის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ ვისთან არის, როგორ არის და რაზე ფარული შეთანხმებები, ამაზე პასუხი ვერ გვექნება.

სავარაუდოა, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან იყოს კონტაქტი. შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა შიგნით ხელისუფლებაში.

თუმცა დღეს ხელისუფლება შეკრულია – პრეზიდენტი, რომელიც თავდაპირველად შედარებით ზომიერი პოზიციით გამოდიოდა, ახლა პრაქტიკულად იმეორებს უზენაესი ლიდერის სიტყვებს. უფრო ხისტი გახდა მისი გამოსვლები. მაგრამ ხვალ არ ვიცით რა იქნება.

  • ბოლოს გკითხავთ – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირანში მიმდინარე პროცესებს სამხრეთ კავკასიაზე და რა თქმა უნდა საქართველოზე?

იცით, ეს ძალიან რთული კითხვაა. სამხრეთ კავკასია ირანისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. პირველ რიგში, საქმე ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, განსხვავებული ურთიერთობები აქვთ ამ ორ ქვეყანასთან.

საქართველოსთან ურთიერთობები არ არის ძალიან მჭიდრო, მაგრამ  რაღაც უცნაური ფაქტებიც მოხდა. იგივე ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩვენი პრემიერის ჩასვლა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ირანთან კავშირი არ გამოკვეთილა, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი – სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველოც, ირანის სავაჭრო პარტნიორია.

საქართველოს ვაჭრობა ირანთან არ არის დიდი მოცულობის, მაგრამ უკანასკნელ წლებში იზრდება. სომხეთსა და აზერბაიჯანს უფრო მეტი სავაჭრო მოცულობა აქვთ.

ტრამპის იდეა, რომ 25-პროცენტიანი საბაჟო ტარიფი დააწესოს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზეც.

ცოტა უტოპიურად ჟღერს, მაგრამ შორეულ, ან თუნდაც ახლო მომავალს შეგვიძლია შევხედოთ იმედით, რომ რეგიონში გაჩნდეს ქვეყანა, რომელიც თანდათანობით დემოკრატიული გახდება. ეს ძალიან მისასალმებელი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: