ბათუმელი მეროშე, 59 წლის ზურაბ ჭავჭანიძე ისევ შიმშილობს. ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, დღეს, 24 დეკემბერს, უკვე 39-ე დღეა, რაც ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობს.
„გუშინ ვნახე ზურა, დაკლებულია ფიზიკურად ძალიან… ჩემი შიმშილის მიზანია, ყველამ დაინახოს სიმართლე და უნდა გამოფხიზლდნენ, საით მივდივართო,“ – გვიყვება ადვოკატი ნინო ლომინაძე. – „ყურადღებას მაქცევენ, ჯანმრთელობაზე მამოწმებენ და ექიმი მყავსო, ბადრაგებზეც ჩავეკითხე და კარგად მექცევიანო. ტელევიზორიც მიუტანეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ლომინაძემ.
„მეხუთე დღეა, არ დაურეკავს… ბოლოს როცა ვესაუბრე, მითხრა, ჰაერზე გავდივარ ყოველ დღე ნახევარი საათითო, მარტო სითხეს ვიღებ, საჭმელსაც არ ვჭამო, არ ინერვიულო, ექიმი შემოდის და მამოწმებს, იმ საკანში ვარ, სადაც სხვებიც შიმშილობენო“, – ამბობს ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლე, მარინა გორჯელაძე.
ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში.
9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლეს მიმართა:
„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.
მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“ – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.
ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ – დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.
სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ – ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“, – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.






