მთავარი,სიახლეები

„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან

01.12.2025
„მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ” – დავით კოლდარის წერილი ციხიდან

„ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა, გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად“ – რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული დავით კოლდარი ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს.

წერილში ციხეში არსებული მდგომარეობაა აღწერილი, ამასთან საუბარია იმ საერთო სოციალურ ფონზე, რომელიც პატიმართა ნაწილისთვის ციხეში მოხვედრის წინაპირობა ხდება.

დავით კოლდარი 2024 წლის 12 მაისს დააკავეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. მას ბრალად საპატრულო პოლიციის ავტომობილის შუშის ჩამტვრევა ედებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დავით კოლდარი დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით კოლდარის სასჯელი უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

გთავაზობთ დავით კოლდარის წერილს მცირედი კორექტირებით:

„გამარჯობა, ჩემო თანამემამულენო. დღესდღეობით რაც ხდება ჩვენს მიწა-წყალზე, თუ როგორ აირია ეს ქვეყანა, ნათქვამია, „ქვეყანა სხვის ბაძვით წახდებაო“, პრობლემა პრობლემაზე მოდის.

ვერა და ვერ გათავისუფლდა ქართული მიწა-წყალი მტრების ხელიდან, ყოველთვის გლეხი არის დაჩაგრული ყოველ არასწორ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ამის შემცვლელი მათი რიგებიდან არავინ არის.

რატომ შეცვლიან?! თვითონ და მათი ოჯახნი ხომ კარგად არიან. სხვანი კი არ აინტერესებთ. ვის რაში სჭირდება გლეხის აზრი ქვეყნის სამართავად. ასეთი ფიქრით არიან ყველას მიმართ, ვინც მათიანი არ არიან. კაპიკს-კაპიკზე გადებინებენ და გითვლიან, ვინმეს ან რამეს ხომ არ დააკელი. თვითონ კი არც რიდი არ აქვთ, ისე აკლებენ და იპარავენ და ამაზე მათი რიგებიდან ხმის ამომღები არავინ ჰყავთ. მხოლოდ და მხოლოდ თუ ამოიღეს ხმა, ისიც შიდა სამზარეულოს საქმის გამო.

თქვენს ფულს სახელს არქმევენ და ითვისებენ, არ ამბობენ, რომ ხალხის ფულს იპარავსო და მაგის გამო დავიჭერთო – უბრალოდ კორუფციას იძახიან.

მთავრობა ხომ ყველაზე მეტად კორუფციას და მამაძაღლობას უნდა აქცევდეს თვალ-ყურს. რამდენია კიდევ მოპარული და მათ ჯიბეში შენახული? ამ პრობლემის მომგვარებლები არ არიან, სანამ შემცვლელი მთავრობა არ გამოჩნდება და არ შევალთ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ადგილი იყო მუდამ და ახლაც გველოდება ჩვენი ევროპა. ამათ ხელში ჩვენ დიდხანს ვერ შევალთ, რადგან პრემიერზე და პარლამენტზე დიდი ხომ მათი შემქმნელის ბატონის ხმა არის, რომელმაც რუსეთზე უნდა მიგვაჯაჭვოს სამუდამოდ ქართველი ერი და დაგვაბრუნოს ისევ საბჭოეთის შემადგენლობაში, ან უფრო უარესში.

ევროპა რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი გადამრჩენელია ეს ოდითგანვე ჩვენმა დიდმა წინაპრებმაც იცოდნენ და სწორედ ევროპისკენ გვიკვალავდნენ ბილიკებს.

ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ იმედი, რომ ჩვენი თაობა შევალთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი.

ეს მთავრობა უნდა გადადგეს. ნუთუ არ დაიღალეთ ამათი უაზრო ქმედებებით.

ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსულ ადამიანებს პროდუქტების ფასებს უზრდიან და უზრდიან, ქვეყანაში ამდენი უპატრონო ადამიანია, მოხუცებულები, გაჭირვებულები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ამათ და კიდევ სხვა პრობლემის მქონე ადამიანებს შესაძლებლობას არ აძლევს იმ ოფლით ნაშოვნი ფულით ნორმალურად გამოკვებოს თავი და გამოკვებოს ოჯახის წევრები. ყველა ხომ პარლამენტარი, დიპლომატი ვერ გამოვა, რომ კარგად იცხოვროს?

ის ცოდნა, რაც მათ აქვთ, ქვეყნის განვითარებას და ხალხის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. გაჭირვებულ ადამიანებს პირობები უნდა შეუქმნან. კი არ იზამენ ამას, პირიქით, იმ დონემდე მიიყვანენ ადამიანებს, იძულებულნი გახდებიან იქურდონ, როცა შიათ, ტანსაცმელი მოიპარონ – როცა არ აქვთ…. უამრავი რამის მოწმე გახდება ადამიანი თუ ამათმა არ შეცვალეს ხედვა და არ დააყენეს უკეთესი საშველი ჩვენი ქვეყნისთვის…

მაგრამ ამის გამკეთებლები არ არიან და არც იქნებიან, სანამდის გლეხობა არ გამოვა გარეთ.

ციხეებში ტევადობა აღარ არის, ხალხს იჭერენ და იჭერენ. აქ უმეტესობა ამათი უნიათო პოლიტიკის გამო არის. უამრავი ადამიანი შემხვდა, ვისაც სახლ-კარი არ აქვს, საჭმელ-სასმელი არ აქვს გარეთ ყოფნის დროს და აქ შემოდიან.

ზამთრის პერიოდი როცა დგება, წვრილმანი ხულიგნობით აქ ხვდებიან, ზამთარს გადააგორებენ და როცა გასვლა უწევთ, გადიან… მერე ისევ ასე.

ასე არ უნდა ხდებოდეს დამოუკიდებელ ქვეყანაში. განა შეიძლება ასე? თითქმის ყველა, ვისაც ვესაუბრე, მოხუცებულია ან ჯანმრთელობით ავადმყოფი. დაფიქრდით, როგორ ვითარება არის აქ და როგორი ვითარებაა გარეთ, რომ აქედან გამოსული ადამიანი ისევ აქ შემობრუნდეს, რადგან იცის, რომ გარეთ თავს ვერ გაიტანს ამ მთავრობის ხელში.

ყველაფერს აკეთებენ, რომ პატიმარი ისევ აქ შემოვიდეს.

6 თვიდან 3 თვე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამატარებინეს კარცერში, სისუფთავე მოვითხოვე, როცა ჭერიდან კოღოები და ტარაკნები ვარდებოდა მაგიდაზე, საწოლზე, ყველგან თუ სადმე შეიძლებოდა დავარდნა. ამის გამო 3 თვე ვიყავი კარცერში. ეს გლდანში ყოფნის დროს.

ექიმების პრობლემაც არის. 400 კაცზე 1 ექიმი და ექთანი არის გამოყოფილი. ესეც გლდანის ვითარება არის. თვალის ექიმთან თუ მოგიწია, იმ დღეს ბედნიერი ხარ, რადგან ორ-თვენახევარი გიწევს ლოდინი სხვა დროს.

მედიას ავიწროებენ, რომ სიმართლეს ჰყვება. ეს ხომ დემოკრატიული სამყაროს წესებს ეწინააღმდეგება.

ზიანდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა.

ხმა ამოიღეთ, რადგან თქვენი ვალიცაა. მე ეს წერილი იმიტომ დავწერე, მინდა გაბედოთ და ხმა ამოიღოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

ეს 22 წლის ბიჭის ხედვაა, რომელიც სამშობლოს თვლის მის სახლად და ოჯახად!   გამარჯვებას, წინსვლას და თანასწორობას!

შევეცადე მომეკითხეთ ყველა და მადლობა კიდევ ერთხელ ყოველივესთვის. მიყვარხართ ძალიან!

აქ პატიმრებიც აპირებენ გამოსვლას გარეთ აქციაზე. სჯერათ, რომ სწორ მხარეს ვდგავართ.

23-ში, გიორგობისთვის შემოგზავნილ პროდუქტებზე დიდი მადლობა!!!

მალე თქვენს გვერდით ვიქნები. სულ რაღაც 8 თვე დამრჩა.

მიყვარხართ ყველანი! ჩემი დიდი ოჯახი ხართ!

მე კარგად ვარ, არ იღელვოთ!!!

მოკითხვა პოლიტპატიმრებს.

მოკითხვა სინდისის პატიმრებს.

ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!“ – წერს დავით კოლდარი.

 დავით კოლდარის საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ:

სააპელაციომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულ კუჭუაშვილს სასჯელი გაუნახევრა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: