Batumelebi | ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე – Batumelebi

ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს.

„მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზა არ ადასტურებს ნარკოტიკული საშუალებების მიღების ფაქტს“, – აცხადებს დაცვის მხარე.

დღევანდელ პროცესზე გამოკითხეს მხოლოდ ერთი მოწმე – დავით გორგილაძე, რომელმაც განმარტა: „როდესაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში, ვიყავი მორიგე ექიმი. როცა მივედი გამოძახების ადგილზე, მისი [ბესიკ მახარაძის] მდგომარეობა იყო მძიმე, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, ადგილზე ვერაფერს ვუშველიდი და გადავიყვანე ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში“.

ბესიკ მახარაძის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის განცხადებით, „ბესიკ მახარაძე ყაჩაღობის ბრალდებით მიიყვანეს დასაკითხად, მაგრამ ყაჩაღობა არც ხსენებულა დაკითხვისას… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არის რამდენიმე მუხლი. ვფიქრობ, დაცვის მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შეკრებილი მტკიცებულებები [ვიდეო მასალა, ექსპერტიზის დასკვნა] იძლევა საფუძველს, რომ ამ საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი“.

ბრალდებულ ბესიკ მახარაძის განმარტებით, როდესაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ: „მძალადობდნენ ფიზიკურადაც და სიტყვიერადაც, რომ ბრალი მეღიარებინა… მცემდნენ, კონკრეტულად – ირაკლი შაქარიშვილი, პაატა ირემაძე და კიდევ ორი პოლიციელის სახელს ვერ ვიხსენებ. ეს ადამიანები ამჟამად არ ვიცი, მაგრამ უბრალო თანამდებობებზე არ იყვნენ“.

სასამართლო პროცესი 8 ნოემბერს განახლდება. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ბესიკ მახარაძე გასულ წელს დააკავეს. ის გირაოთია გათავისუფლებული.

გაზგასამართი სადგური ქობულეთში 2015 წლის 26 ოქტომბერს დააყაჩაღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: როინ გუნდაძე