მთავარი,სიახლეები

„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

26.11.2025 •
„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

„შშმ ქალთა ალიანსი“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

ტექსტში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა, ჩამოთვლილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ევა შაშიაშვილი.

„ქალბატონი ევა შაშიაშვილი უკვე მეორე თვეა, რაც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევა შაშიაშვილი არის ონკოლოგიური პაციენტი და ერთადერთი პირი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მეურვეობასა და მხარდაჭერას.

სწორედ იმის გამო, რომ დედა იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და სხვა მზრუნველი მას არ ჰყავს, ეს პირი ,,ირიბი იძულებით“ ამჟამად მკურნალობს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან სხვაგან წასასვლელი უბრალოდ არ აქვს და დედის არყოფნის შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სერიოზული რისკის წინაშე დადგება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“.

ეს კონსტიტუციური ვალდებულება სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის მსვლელობის პროცესში შშმ პირების ინტერესების გათვალისწინებას, მიუხედავად იმისა, შშმ პირი საქმეში არის თუ არა მხარე, მოწმე თუ რამე სხვა სტატუსის მატარებელი, სახელმწიფო მაინც ვალდებულია საქმის გამოძიების დროს გაითვალისწინოს მისი ქმედებების ყველა გვერდითი ,,ეფექტი“, რამაც შეიძლება შშმ პირი დააზიანოს პირდაპირ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კონსტიტუციის მე-15 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას, ხოლო 36-ე მუხლი ოჯახის დაცვას.

გარდა კონსტიტუციისა, საქართველოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, ხოლო მე-4 მუხლი აღიარებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა ოჯახური კავშირებისა და შშმ პირების ინტერესების დაცვის მიზნით.

გარდა ადგილობრივი კანონმდებლობისა, ამ საქმეზე გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შემდეგი მუხლები:

მუხლი 10 – სიცოცხლის უფლება: სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლის დაცვას;

მუხლი 19 – დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოების ჩართულობა: სახელმწიფო უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის საჭირო მხარდაჭერას, მათ შორის ოჯახის წევრების დახმარებით, რათა შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობა;

მუხლი 23 – ოჯახის პატივისცემა და დაცვა: სახელმწიფო ხელს უწყობს შშმ პირების ოჯახის შენარჩუნებას, მათ შორის მშობლებთან და შვილებთან რეგულარულ ურთიერთობას.

ჩვენი შეფასებით, ევა შაშიაშვილის წინასწარი პატიმრობა წარმოადგენს არაპროპორციულ და უსაფუძვლო შეზღუდვას მისი ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების განხორციელებაზე“, – ნათქვამია „შშმ ქალთა ალიანსის განცხადებაში.

ამავე ტექსტში ხაზგასმულია ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნები:

  • ევა შაშიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან;
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შვილის უსაფრთხოების დაცვა და საჭირო სამედიცინო-სოციალური მხარდაჭერის მიწოდება.

დამატებითი მტკიცებულებები:

ექიმის ცნობა ონკოლოგიური დაავადების შესახებ (წარდგენილია სასამართლოში და დევს საქმეში).

შვილის მკურნალობის დაწესებულების ცნობა (წარდგენილია სასამართლოში და დევს საქმეში).

ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე 6 ოქტომბერს დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: