„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად საარჩევნო ხმის უფლებას ართმევს.
დღეს, 17 ნოემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რის შემდეგაც ემიგრანტებს მხოლოდ საქართველოში ექნებათ ხმის მიცემის უფლება – უცხოეთში საარჩევნო უბნებს აღარ გახსნიან.
რატომ დასჭირდა „ოცნებას“ ამ ცვლილების შემოტანა ახლა, რისთვის ემზადება ის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
- შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვისაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება უნდა, 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა არჩევნებში. ჩვენ ვიცით, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს უცხოეთში. რამდენად რეალურია მაგალითად ის, რომ მექსიკის საზღვრიდან გადასული ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა საქართველოში. რისთვის დასჭირდათ ემიგრანტებისთვის ამ ტიპის რეგულაციის შემოტანა?
უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობის გამოვლენა ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომლებიც არა მარტო ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფო ვერ დაეხმარა და საკუთარი ნების წინააღმდეგ, სარჩოს მოსაძიებლად მოუწიათ სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, ამის გარდა, ამ ადამიანებს სერიოზული წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის ზრდაში და ისინი რომ არა, ფაქტობრივად, ქართული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა.
ეს ხალხი არჩენს და კვებავს ქართულ სახელმწიფოს – ეხმარებიან თავიანთ ნათესავებს ხომ? აი, ამ ხალხის მიმართ უპატივცემულობაა, პირველ რიგში, ამ რეგულაციის შემოტანა.

კორნელი კაკაჩია
მეორე მიზეზი არის ის, რომ, როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გააანალიზა ბოლო არჩევნების ტენდენციები, განსაკუთრებით უცხოეთის საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც ჩანდა, რომ მათ უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში წააგეს არჩევნები. ასევე გაითვალისწინეს ალბათ მოლდოვის გამოცდილება, სადაც ფაქტობრივად მაია სანდუს ხელისუფლება დიასპორის ხმებმა შეუნარჩუნა.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ 2028 წლამდე ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ „ოცნების“ ხელმძღვანელობას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ფიქრობენ, რომ თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, ეს მათ დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.
- ფიქრობთ, რომ ახალი არჩევნებისთვის ემზადებიან და რადგან ემიგრანტები ხმას ოპოზიციას აძლევს, ამიტომ წაართვეს ხმის უფლება?
არ არის გამორიცხული. ისინი ვერ აკონტროლებენ პოლიტიკურ კრიზისს, მიუხედავად იმისა, რომ ამას სხვადასხვა რეპრესიული კანონით ცდილობენ – ფაქტია, რომ ეს არ მუშაობს.
საერთაშორისო იზოლაციაშია ქვეყანა, მათ არავინ არ ხვდება და ეს დიდხანს გაგრძელდება ხომ? თანაც, ვერც თავიანთ მიზნებს ახორციელებენ ბოლომდე, რადგან არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა. მათ უნდათ კომფორტული უმრავლესობა ჰყავდეთ პარლამენტში, რომ შეძლონ საკონსტიტუციო ცვლილებები. საკუთარ თავზე რომ მოირგონ ყველაფერი, ეს უნდათ.
- ერთგვარი შურისძიება გამოდის ემიგრანტებზე, რადგან ისინი ხმას არ აძლევენ „ოცნებას“.
ეს შიშით არის გამოწვეული – ფაქტობრივად არჩევნებისთვის ემზადებიან. თუ არჩევნებს არ აპირებენ, მაშინ რაში სჭირდებოდათ ამ ნაბიჯის გადადგმა ახლა. ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეს ემზადებიან არჩევნებისთვის და უნდათ, რომ აი ამ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, ჩამოართვან ხმა და აღარ იყოს მათთვის არავითარი სიურპრიზები. ამოქოლონ ყველა შესაძლებლობა თეორიული და პრაქტიკული, რომელიც საშუალებას მისცემს ოპოზიციურ ძალებს ან საზოგადოებას, რომ შემდეგ არჩევნებში დაამარცხოს მმართველი ძალა.
- 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების არაღიარების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ დაირღვა საყოველთაობის პრინციპი. თავად „ოცნება“ ამბობს, რომ მილიონ ნახევარი საქართველოს მოქალაქეა უცხოეთში და რა გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ართმევს ხმის უფლებას. მაშინ, როგორ იქნება ეს არჩევნები საყოველთაო და რატომ ფიქრობენ, რომ ამ ფორმით ჩატარებულ არჩევნებს ვინმე აღიარებს?
მათი მიზანი საყოველთაობის პრინციპის, დემოკრატიის და თანასწორობის პრინციპის დაცვა არ არის. ეს დიდი ხანია ვიცით და აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებაში დარჩენა უსაზღვრო ვადით და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს.
- როცა ემიგრაციაში წასულ არალეგალ მოქალაქეს აიძულებ დაბრუნდეს ხმის მისაცემად, ეს ნიშნავს, რომ მას რეალურად ხმას ართმევ?
კი, ფაქტობრივად ჩამოართვეს არჩევნების უფლება, რადგან უფლებას არ აძლევენ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში.
- ემიგრანტებს ხომ აქვთ უფლება, რომ უჩივლონ „ქართულ ოცნებას“ ამის გამო?
რა თქმა უნდა, შეუძლიათ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
- თქვენ ხომ ამბობთ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აწუხებთ და ამისთვისაც უნდათ ახალი არჩევნები. თუკი პოლიტპატიმრები ეყოლებათ ციხეში, თუკი ოპოზიციის ლიდერებს არ გაათავისუფლებენ, ემიგრანტებს ხმის უფლებას წაართმევენ, როგორ მიიღებენ ასეთი არჩევნებით ლეგიტიმაციას. ვინ უღიარებს შედეგებს, აქ ხომ იმაზე უარესი სურათი იქნება, რაც წინაზე ვნახეთ?
ლეგიტიმაცია აწუხებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისინი უმრავლესობაში მოსვლის შესაძლებლობას უფრო ეძებენ, რომ ჰქონდეთ კონსტიტუციური უმრავლესობა. ახლა გარკვეული შეზღუდვები აქვთ და უნდათ, რომ აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდეთ.
- ვთქვათ ჩაატარეს ეს არჩევნები და დაიწერეს ეს უმრავლესობა. ლეგიტიმაციის საკითხს როგორ აგვარებენ?
შეეცდებიან გააქრონ რეალური ოპოზიცია და ხელოვნური, ფსევდო ოპოზიციის გამოჩენით მიაღწიონ რაიმეს: სხვების თვალის ასახვევად იტყვიან, რომ ისინი არიან რადიკალები, აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ გვყავს კონსტრუქციული ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელსაც ისინი თვითონ დანიშნავენ. უკვე იკვეთება კიდეც ვინ შეასრულებს „ოპოზიციის“ როლს. ამასობაში ელოდებიან, რომ რაიმე ცვლილება იქნება საერთაშორისო გეოპოლიტიკაში მათ სასარგებლოდ.
არ არის ჯერჯერობით მაგის არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ამით ატყუებენ თავიანთ მხარდამჭერებს და იყენებენ თავიანთ პროპაგანდაში.
- ემიგრანტებისთვის უცხოეთში ხმის წართმევის პარალელურად, სხვა შეზღუდვებიც დააანონსეს. რა ელოდება ამ ყველაფრის ფონზე პროტესტს?
ამის გარანტიას ვერავინ მისცემს მათ. შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ მოგუდონ ეს პროტესტი, როგორც სამართლებრივად, პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურადაც, მაგრამ ეს მაინც ვერ იქნება გარანტია, რადგან ამ პოლარიზებას თავად ეწევიან.
არცერთი საკანონმდებლო ცვლილება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზუსტად იმ შედეგს მიიღებენ, რაც მათ სურთ. ჩვენ გვახსოვს უამრავი ბოლო რეპრესიული კანონი, რომელიც არ მუშაობს და ამიტომ უწევთ ახალი შეზღუდვების შემოტანა. მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, რომ აი, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რეპრესიული კანონმდებლობით, ყველაფერი აქციონ უკანონობად. ანუ უკანონობის დაკანონებას ცდილობენ.
- რომელიმე ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრეცედენტი, რომ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეს ხმის უფლება წაართვეს?
თვითონ ახსენეს კუბის, ნიკარაგუის და ირლანდიის მაგალითი.
აქედან კუბა და ნიკარაგუა დიქტატურებია, სადაც ერთპარტიული დიქტატურაა სწორედ და ერთი ერთში ჯდება „ოცნების“ პოლიტიკასთან. რაც შეეხება ირლანდიას, მათი მაგალითი ცოტა განსხვავებულია, რადგან ირლანდია ფაქტობრივად ემიგრანტების ქვეყანაა და მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს.
კუბა და ნიკარაგუა კი დიქტატურაა და ამითაც ჩანს საითკენ მიისწრაფვის „ქართული ოცნება“.
დარწმუნებული ვარ, არიან ემიგრანტები, რომლებსაც არ უნდათ საკუთარ ქვეყანასთან მოწყვეტა და ემიგრაციას განიხილავენ, როგორც დროებით მოვლენას. ისინი აპირებენ საქართველოში დაბრუნებას. ამ ნაწილისთვის, ბუნებრივია, ძალიან მტკივნეული იქნება ეს შეზღუდვები. არ არის გამორიცხული, რომ მათ გარკვეული ზომებიც მიიღონ, რომ საბოლოოდ არ წაართვან უფლებები ამ ქვეყანაში.
- დავუშვათ, გადაწყვიტა ემიგრანტების დიდმა ნაწილმა არჩევნებზე ჩამოსვლა, რამდენად რეალურია ამის მენეჯმენტი. თუნდაც ფრენების თვალსაზრისით?
ყველა, რომ ჩამოვიდეს, თვითმფრინავები არ გვეყოფა. აბსურდში შევდივართ.






