შემოსავალ-გასავლის საჩუქრებით დაბალანსების ხერხს საქართველოს საჯარო უწყებებში დასაქმებულებმა და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ბოლო წლებში აქტიურად მიმართეს, თუმცა როგორც ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების მასალებით ირკვევა, საჩუქრად მიღებული ფულით შემოსავალზე მეტი დანახარჯის გამართლება არ აღმოჩნდა მთლად საიმედო გამოსავალი.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავებიან. პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა უკანონო შემოსავალს იღებდა, ქონებრივ დეკლარაციებში კი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრებისგან ყოველწლიურად იღებდა დიდი ოდენობით თანხას საჩუქრად.
მაგალითად, 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ღარიბაშვილს მშობლებმა 200 000 ლარი აჩუქეს, 2023 წელს კი – 150 000 ლარი. გარდა ამისა, ღარიბაშვილი უთითებდა, რომ პენსიონერი მშობლები იხდიდნენ ოჯახის მოგზაურობის და ჩარტერების ხარჯებსაც. პროკურატურის ინფორმაციით, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად 6 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი, ძვირფასეულობდა და ოქროს ზოდები ამოიღეს.
ღარიბაშვილის ოჯახის სოლიდურ საჩუქრებსა და ხარჯების შესაბამისობაზე მედიას კითხვები ადრეც ჰქონდა, თუმცა შესაბამისი უწყებები ამ საკითხზე ხმამაღალ ინტერესს არ გამოხატავდნენ და არც კითხვებს პასუხობდნენ.
ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ბაკურიანში სახელმწიფო ტყის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ყოფილი პრემიერის ცოლისთვის გადაცემის კანონიერების საკითხი. ამ ტყესთან ახლოს ირაკლი ღარიბაშვილმა ფეშენებელური სახლი ააშენა, რომელიც „ქართუში“ აქვს დაგირავებული.
მედია, მათ შორის „ბათუმელები“, არაერთხელ წერდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გამდიდრებასა და საჩუქრებზეც.
- შს მინისტრის ცოლის საჩუქრები
საჩუქრებს მოქმედი თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრებიც იღებენ. მათ შორის არის შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის ოჯახიც. ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მინისტრის ცოლს ნათია ელიზბარაშვილს მშობლებმა 2024 წელს 150 ათასი დოლარი აჩუქეს.
მინისტრის დეკლარაციით, რომელიც მან 2025 წლის 26 თებერვალს შეავსო, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გელა გელაძის ცოლმა ნაჩუქარი ფულით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მშენებარე სასტუმროს ნომერი იყიდა. მინისტრის დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ 2024 წელს ნათია ელიზბარაშვილს მშობელმა ოთხჯერ ჩაურიცხა 1000-1000 გირვანქა სტერლინგი სხვადასხვა დროს, ჯამში 4000 გირვანქა სტერლინგი.
- განათლების სამინისტროს თანამშრომელს მამამ ნახევარი მილიონი ლარი აჩუქა
განათლების სამინისტროს ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსს, გიორგი კუჭუხიძეს მამამ ნახევარი მილიონი ლარი აჩუქა [უფრო ზუსტად – 528 142 ლარი] . კუჭუხიძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მამამ ფული ბინის შესაძენად აჩუქა. იმავე დეკლარაციის მიხედვით, კუჭუხიძეს 2024 წელს ორი ბინა შეუძენია თბილისში კანდელაკის ქუჩაზე. ორივე ბინაში მას ჯამში 528 151 ლარი გადაუხდია. ორივე ბინის ფართობი ჯამში 144 კვ. მეტრია.
- პარლამენტარს დედამ 350 000 აშშ დოლარად კომერციული ფართობი უყიდა, მის ცოლს კი დედამ 95 000 დოლარი აჩუქა
2025 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური საჩუქრები მიუღიათ პარლამენტარს „ოცნებიდან“, ალექსანდრე ტაბატაძეს და მის ცოლს. ორივე მათგანმა სოლიდური საჩუქარი დედისგან მიიღო. ალექსანდრე ტაბატაძის ცოლს, ია იაძე-ტაბატაძეს დედამ 95 000 აშშ დოლარი აჩუქა, ალექსანდრე ტაბატაძეს კი დედამ 350 000 აშშ დოლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართობი გადაუფორმა.
როგორც თავად მიუთითა, ალექსანდრე ტაბატაძე 2024 წელს ორ თანამდებობაზე მუშაობდა. ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოადგილე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
- თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს დედამ 247 199 ლარი აჩუქა
საჩუქარი გასულ წელს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფროსს, კახაბერ ესებუასაც მიუღია, დეკლარაციის მიხედვით მას დედამ გასულ წელს თანხა სამჯერ, ჯამში 247 199 ლარი აჩუქა.
კახაბერ ესებუა დეკლარაციაში განმარტების სახით უთითებს, რომ დედამ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინა გაყიდა და შემოსავლის სახით 161 900 ლარი მიიღო.
- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მამამ 60 000 დოლარი აჩუქა
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით თბილისის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს მამამ 60 000 დოლარი აჩუქა, ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა.
2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი 2022 წელს მას მამისგან საჩუქრად 50 000 დოლარი მიუღია.
გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2023 წელს, ნაწილ -ნაწილ, ძმამ 6000 დოლარი და 3500 ლარი, ხოლო შვილმა 12 000 ევრო დაურიცხა. ამ შემთხვევაში მან არ დააკონკრეტა, არის თუ არა ეს თანხა საჩუქარი, თუმცა მიუთითა, როგორც შემოსავალი.
- დედის საჩუქრები მოსამართლეებს
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დედამ 50 000 დოლარი აჩუქა, 2023 წელს შევსებული დეკლარაციების მიხედვით კი მისთვის დედას კიდევ 100 000 დოლარი უჩუქებია.
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით სოლიდური ფულადი საჩუქარი მოსამართლე დავით წერეთელსაც მიუღია. 2023 წელს მისთვის დედას 156 000 დოლარი უჩუქებია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს, 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, მნიშვნელოვანი ფულადი საჩუქარი აქვს მიღებული.საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს 19 600 ევრო ოჯახის წევრმა აჩუქა, თუმცა ოჯახის წევრის ვინაობა, ვინც ევა გოცირიძეს სოლიდური თანხა აჩუქა, მითითებული არაა.
- პროკურორის საჩუქრები
2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს პროკურორმა გიორგი შაფათავამ მამისგან ფულადი საჩუქარი ორჯერ მიიღო. მას მამამ ჯერ 800 000 დოლარი აჩუქა, შემდეგ კი – 70 000 დოლარი. პროკურორმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ მამამ ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა აჩუქა.
ამავე წელს მას საჩუქრად სოლიდური თანხა დისგანაც მიუღია – პროკურორს დამ 142 000 დოლარი აჩუქა. გარდა ამისა შაფათავამ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ დამ სესხის სახით გადაცემული თანხა 12 820 ლარი დაუბრუნა.
საჩუქრები ამით არ დამთავრებულა. იმავე დეკლარაციის მიხედვით, პროკურორმა თავადაც აჩუქა თანხა მეუღლეს, ნინო ცაციაშვილს, ამ საჩუქარმა 200 000-მდე ლარი 2000 ევრო და 1000 დოლარი შეადგინა. თავად ნინო ცაციაშვილს კი მეუღლისთვის 14 000 ლარი უჩუქებია.
- პარლამენტარს 7 მიწის ნაკვეთი, 3 ბინა და სხვა უძრავი ქონება აჩუქეს
2021-2023 წლებში დეპუტატ ირაკლი კირცხალიასთვის რვა მიწის ნაკვეთი, ორი სახლი და ერთი ტექნიკური სათავსო უჩუქებიათ.
- გიორგი ამილახვარის შვილის სწავლის საფასური, 62 455 ფუნტი, ყოფილი მინისტრის მშობლებმა დაფარეს
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის პოსტს 2023-24 წლებში იკავებდა. მანამდე ის მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო მმართველი პარტიიდან, ამჟამად კი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ კონსულტანტია. 2025 წელს გიორგი ამილახვარმა ისევ შეავსო დეკლარაცია, როგორც ყოფილმა თანამდებობის პირმა. ამ დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ამილახვარის შვილის, ნიცა ამილახვარის სწავლის გადასახადი, 62 455 ფუნტი, ყოფილი მინისტრის მშობლებმა – ზაურ და რუსუდან ამილახვარებმა დაფარეს.
- განათლების მინისტრის მოადგილეების საჩუქრები
განათლების მინისტრის მოადგილეს ბაია კვიციანს და მის მეუღლეს გასულ წელს ფულადი საჩუქარი რვაჯერ მიუღიათ.
ბაია კვიციანს მამისგან საჩუქრად გასულ წელს 4500 დოლარი და 3000 ლარი მიუღია, 3000 ლარი და 4000 დოლარი მისთვის დას, 6000 ლარი კი – ძმას უჩუქებია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით რაზეც დეკლარაციაში მიუთითა, მშობლებმა მის მეუღლეს 20 000 დოლარი აჩუქეს, ძმამ კი 3123 დოლარი მიიღო საჩუქრად.
საერთო ჯამში ოჯახმა საჩუქრის სახით 30 000-ზე მეტი დოლარი და 16 000 ლარი მიიღო.
მინისტრის მეორე მოადგილისთვის, თამარ მახრაშვილისთვის მშობლებს ბორჯომში აგარაკი უჩუქებიათ. ის დეკლარაციაში უთითებს, რომ მიწის ნაკვეთი საჩუქრად მიიღო 2020 წელს, რომელზეც აგარაკის მშენებლობა დაიწყო 2021 წელს, რისთვისაც ოჯახს 23 000 ევრო იპოთეკური სესხი გამოუტანია.
- 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ნაღდი ფულის სახით საჩუქრად 6.6 მლნ ლარი მიიღეს – „გამჭვირვალობა“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 198-მა თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღებაზე მიუთითა, ჯამში, 12 მლნ ლარის ოდენობით. აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირა.
კვლევის თანახმად, თანამდებობაზე მყოფმა პირებმა საჩუქრად მიიღეს ასევე 76 უძრავი ქონება, 11 ავტომობილი და 4 იარაღი, 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან.
მაღალი თანამდებობის პირებიდან 100 000 -ზე მეტი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა ილია ინჯიამ და გურამ მაჭარაშვილმა.
ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები – 1.5 მლნ ლარის – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 5000-მდე საჯარო მოხელემ შეავსო.
უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება – მიუთითებს ორგანიზაცია.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. მაგალითად, 2024 წელს მიღებული 12 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 4.6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 200 ათასი – ევროში.






