მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

08.05.2020
ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

არ შედგა ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი უნდა განეხილათ. სხდომაზე მხოლოდ ამ ფრაქციის სამი წევრი მივიდა, შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომას არ დაესწრო „ოცნების“ უმრავლესობა, ასევე „მრეწველები“ და „კონსერვატორები“. დღეს საკრებულოს დარბაზში არ გამოჩენილან არც ფრაქცია „ბათუმის“ წევრები. ამ ფრაქციას „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, ამ ეტაპზე საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, რაულ თავართქილაძე ხელმძღვანელობს.

სხდომა 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომის ჩაშლაზე განცხადება ფრაქციამ 15 წუთით დააგვიანა: „ვიცით, რომ აქ არიან შენობაში და ცოტა დავიცადოთ, შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და შემოვიდნენ“. თუმცა, ამის პარალელურად, „ოცნების“ უმრავლესობამ მხოლოდ ფრაქციის სხდომა ჩაატარა და ბრიფინგის დანიშვნის შესახებ შეატყობინა ჟურნალისტებს.

სხდომის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ, ისაუბრა იმის შესახებ, რომ მოისმინა საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ რეგლამენტი მას არა ავალდებულებს განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის მიერ წარდგენილი საკითხი.

„აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არც ერთმა რეგლამენტი არ იცის“, – თქვა მირდატ ქამადაძემ უმრავლესობის წევრების მიმართ და საკრებულოს თითოეულ წევრს მაგიდაზე დაუტოვა ამობეჭდილი მუხლები რეგლამენტიდან, რითაც, მისი აზრით, თავმჯდომარეს უნდა ეხელმძღვანელა.

„ბოლომდე დაცლილი იყვნენ კომპეტენციისგან, დღეს საბოლოოდ დაიცალენ პასუხისმგებლობისგანაც. არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა მობრძანებულიყო და საჯაროდ ეთქვათ ჩვენი თანაქალაქელებისთვის, რომლებიც ამ  მძიმე კრიზისში იმყოფებიან, რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, აპირებენ თუ არა საგანგებო ბიუჯეტზე მსჯელობას. აპირებენ თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათის გაწევას იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაა“.

„ოცნების“ მხრიდან საპასუხო განცხადება უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ გააკეთეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ოპონენტების ანტიკრიზისული გეგმა შედგენილია ზედაპირულად, არსებული სიტუაციის შესწავლის გარეშე, არაკომპეტენტურად, პოლიტიკური განაცხადის სახით, პიარისთვის და ის არ შეიძლება განხილულ იქნას რაიმე სახის ანტიკრიზისულ გეგმად.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეკონომიები, რომლებსაც ფრაქცია ითხოვს, მერიას უკვე გათვალისწინებული აქვს, შეღავათები კი ისედაც ცენტრალური ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია, რაც მთელს ქვეყანაზე ვრცელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: