მთავარი,სიახლეები

შსს 1 მილიონად იყიდის სკანერებს თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების ამოსაცნობად

27.10.2025
შსს 1 მილიონად იყიდის სკანერებს თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების ამოსაცნობად

შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 კომპლექტ დაქტილოსკოპიურ სკანერს გამარტივებული წესით, უტენდეროდ შეისყიდის, რაშიც მაქსიმუმ 1 მილიონ 38 ათას ლარს გადაიხდის.

შსს ამბობს, რომ სკანერების შესყიდვის „საჭიროება კვლავ დადგა“, საქართველოში აღნიშნული სკანერების გაყიდვის ექსკლუზიური უფლებამოსულება კი, მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ფუნქციონირებს ავტომატიზებული საიდენტიფიკაციო დაქტილოსკოპიური პროგრამა „DACTO-2000“, რისთვისაც შეძენილი აქვთ ამ სისტემასთან თავსებადი დაქტილოსკოპიური სკანერები.

თუმცა, „ამჟამად კვლავ დადგა საჭიროება, დეპარტამენტისთვის [თბილისსა და რეგიონალურ დანაყოფებში] სისტემა „DACTO 2000“-სთან თავსებადი სკანერების [კომპლექტში – ინსტალაციით] შესყიდვის, ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურობის ამაღლება, რაც თავის თავში მოიცავს რეაგირების დროის შემცირებას.“

შსს-ს განცხადებით, „აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ძებნილი პირების გამოვლენას და იდენტიფიცირებას, საგამოძიებო მოქმედებების დროს ეჭვმიტანილებისა და დამნაშავე პირების გამოვლენას და იდენტიფიცირებას და ა.შ.“

სამინისტროს ინფორმაციით, „ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „საექსპერტო სისტემებს“ გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება უზრუნველყოს შსს შესაბამისი საქონლით… დგინდება, რომ იგი არის კომპანია „პაპილონის“, თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების სკანერების ექსკლუზიური, ავტორიზებული დილერი საქართველოში 2027 წლის 31 დეკემბრამდე.

წყარო: შესყიდვების პორტალი

ამავდროულად, მწარმოებელი კომპანია „ტოდესი“ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „საექსპერტო სისტემები“ არის მისი ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს კს შპს „ტოდეს“-ის მიერ წარმოებული პროდუქციის ავტომატიზებული დაქტილოსკოპიური საინფორმაციაო სისტემის „DACTO 2000“-ის რეალიზაციის, მომსახურებისა და ინსტალაციის უფლება 2027 წლის 31 დეკემბრამდე.“

წყარო: შესყიდვების პორტალი

  • სისტემა „DACTO 2000“-ის მწარმოებელი შპს „ტოდესი“ – შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით –  ბელორუსული კომპანიაა. შპს „საექსპერტო სისტემები“ კი ბათუმში 2017 წელსაა რეგისტრირებული და რეესტრის ბოლო ამონაწერით მისი დირექტორი ფატიმა ბერიძეა, კომპანიის მესაკუთრე კი – ირაკლი აბაშიძე.

„მოცემულ ეტაპზე შს სამინისტროში არსებულ „DACTO 2000“-სთან თავსებადია მხოლოდ „Papilon“ სისტემის მიერ წარმოებული სკანერები, რომელსაც აქვს თითის, ხელისგულისა და საკონტროლო ანაბეჭდების შეყვანის მხარდაჭერა.

შესყიდვის მიწოდების ვადა განისაზღვრა მწარმოებელი კომპანიების ექსკლუზიურ წარმომადგენელთან კუმუნიკაციის გზით. ამასთან, გათვალისწინებული იქნა, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი უმოკლეს ვადებში განხორციელების აუცილებლობა“, – წერს შსს შესყიდვების პორტალზე.

ამავე თემაზე

მინიმუმ 90 ადამიანია დაკავებული „გზის გადაკეტვის გამო“ ბოლო 6 დღეში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: