მთავარი,სიახლეები

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა

16.10.2025
სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა

„ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს.

ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 ლარი [ანუ 960 ლარით მეტი] იქნება.

სუს-ის იურიდიული მთავარი სამმართველოს [წოდების მქონე] უფროსის ხელფასი 6 795 ლარის ნაცვლად იქნება 7 475 ლარი; გენერალური ინსპექციის უფროსის ხელფასიც იქნება 10 550 ლარი, 9 590-ის ნაცვლად; სამსახურის უფროსის ხელფასი 4 145 ლარით განისაზღვრა [იყო 3 765 ლარი]; სპეციალისტის – 2 115 ლარი იქნება [იყო 1 920 ლარი] და ა.შ.

2025 წლის სექტემბერში, სუსში შეიქმნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის [წოდების მქონე] უფროსის ხელფასი 9 590 ლარით განისაზღვრა. ოქტომბრის დადგენილებით კი, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ხელფასიც გაიზარდა და 10 550 ლარი იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ სუს-ის უფროსის ხელფასს [თანამდებობრივ სარგოს], ის ოქტომბრის დადგენილებით არ შეცვლილა, თუმცა შარშანდელთან შედარებით 1 235 ლარით არის გაზრდილი და 13 580 ლარია – წოდების მქონე მოსამსახურისთვის [წოდების არმქონე უფროსის ხელფასი კი 12 410 ლარითაა განსაზღვრული].

ხელფასები 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან / წყარო: მთავრობის დადგენილება

ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, სუს-ის მოქმედ უფროსს, „პოლიციის ლეიტენანტ, მამუკა მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება მიანიჭა.

განახლება: 30 ოქტომბრიდან მამუკა მდინარაძე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის“ წოდებიდან, „უფროსი ლეიტენანტის“ წოდებაზე დაწინაურდება. შესაბამის ბრძანებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 23 ოქტომბერს მოაწერა.

ოქტომბრის ახალი დადგენილებით გაიზარდა ასევე სუს-ში დასაქმებულთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთებიც [მაგალითად გენერალ-პოლკოვნიკი 670 ლარს მიიღებს თვეში, 605 ლარის ნაცვლად; გენერალ-ლეიტენანტი – 645 ლარს [იყო 585 ლარი]; ლეიტენანტი 90 ლარს თვეში, 80 ლარის ნაცვლად; და ა.შ]:

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები სუს-ში 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან / წყარო: მთავრობის დადგენილება

თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების [ანუ ხელფასის] გარდა სუს-ის სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები იღებენ წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიურ პროცენტულ (წელთა ნამსახურობის) დანამატს შემდეგი ოდენობით:

1-დან 2 წლამდე − ხელფასის 5%;
2-დან 5 წლამდე − 10%;
5-დან 10 წლამდე −15%;
10 წელი და მეტი − 20%.

ამასთან, „მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, ამ წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული [წელთა ნამსახურობის] დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სუს-ის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდიც“.

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით სუს-ის დაფინანსება სელ, 2023 წელს იყო 179,9 მილიონი ლარი, 2024 წელს – 214,4 მილიონი ლარი, 2025 წლისთვის კი 271,5 მილიონი ლარი.

მომუშავეთა რიცხოვნობა ბიუჯეტის მიხედვით არ შეცვლილა და 3 850 კაცს შეადგენს. უშუალოდ ხელფასებისთვის კი [სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუხლით, 3 421 მოსამსახურე] სუს-მა სულ, ზემოთ აღნიშნული წლების მიხედვით დახარჯა შესაბამისად – 97,5 მილიონი, 108,5 მილიონი ლარი და 2025 წლისთვის გაწერილია 119,9 მილიონი ლარი.

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის აგვისტოში დანიშნეს. მან ამ პოსტზე ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც სუსის უფროსად ამავე წლის აპრილიდან მუშაობდა. მანამდე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის უფროსად მუშაობის დროს გასულ, 2025 წელს ჯამში ხელფასის სახით ხელზე აღებული აქვს 141 ათას 274 ლარი.

ამ თემაზე:

სუსის უფროსის ანაზღაურება თვეში 12 345 ლარი გახდა, მას წელს ხელფასი 1125 ლარით გაეზარდა 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: