მთავარი,სიახლეები

პლასტმასი – საფრთხე შენი ჯანმრთელობისთვის

17.10.2016
პლასტმასი – საფრთხე შენი ჯანმრთელობისთვის

ევროპის ქვეყნები პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობენ. რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვეტა პლასტმასი 2020 წლამდე მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოიღოს. საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის წამოწყების მცდელობა აქვს სამოქალაქო სექტორს. მათ შორის ერთ-ერთია კამპანია „ჩაანაცვლე“, რომლის ორგანიზატორები ცდილობენ მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს პლასტმასი და რატომ არის მისი მრავალჯერადი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი – ამ საკითხებზე გასულ კვირას  „ჩაანაცვლეს“ ავტორი თეონა ბაღდავაძე  „ბათუმელებს“ ესაუბრა.

თეონა, რა საფრთხეს შეიცავს პლასტმასის მეორედი მოხმარება ჯანმრთელობისთვის?

მსოფლიოში ერთ-ერთი ტრენდული თემაა პლასტმასის ჩანაცვლება მინით. მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია ამ თემაზე, განსხვავებით ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისგან, სადაც კვებით უსაფრთხოებაზე რომ მიდგება საუბარი, პირველი, რაც მოსახლეობას აინტერესებს, მისი შეფუთვაა. პროდუქტი უნდა იყოს შეფუთული ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციით.

დიდი ხანია მეცნიერები საუბრობენ იმაზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პლასტმასს. ის შეიცავს „ბისფენოლ A-“ს, რაც ორგანიზში იწვევს ნეგატიურ ცვლილებებს გრძელვადიან პერსპექტივაში. განსაკუთრებით იზრდება ეს ნეგატიური გავლენა ორ შემთხვევაში. პირველი, როდესაც პლასტმასის პროდუქცია არის მოთავსებული მზის ქვეშ და მეორე, როდესც პლასტმასს მრავალჯერადად იყენებენ.

მოდის ზამთარი და ბევრი ოჯახი ამზადებს სხვადასხვა ტიპის საწებელს, რასაც ასხამენ პლასტმასის ბოთლებში. გარდა იმისა, რომ ის თვითონ შეიძლება შევიდეს ქიმიურ რეაქციაში და გემოც კი შეუცვალოს საჭმელს, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ვურჩევთ მოსახლეობას, რომ გაფრთხილდნენ და შეეცადონ ჩაანაცვლონ პლასტმასი მინით.

კიდევ რა ნივთიერებებს შეიცავს პლასტმასი?

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი არაბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება ის, რომ ბუნებაში წლების განმავლობაში ვერ იშლება. პლასტმასის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ ორ ზეგავლენაზე ვსაუბრობთ. ეს პროდუქტი არ იშლება და აზიანებს გარემოს. ძირითადი როლი ამ ზიანის შესამცირებლად მაინც უნდა იკისროს სახელმწიფომ. ასე ხდება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში ცოტა ხნის წინ გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე ეტაპობრივად ჩაენაცვლება პლასტმასის პროდუქციას მინის პროდუქცია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მზაობა, უნდა არსებობდეს ერთი გადამამუშავებელი, რომელიც არსებულ პლასტმასს გამოიყენებს და არც მის რაოდენობას გაზრდის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ კომპანიებს, რომლებიც პლასტმასში ასხამენ თავიანთ პროდუქციას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას შეფუთვას და, შესაბამისად, მათაც უნდა შეამცირონ პლასტმასის გამოყენება.

პლასტმასის ბოთლებს იყენებენ მაცივარში წყლის გასაცივებლად იმ იმედით, რომ პლასტმასი ცხელი სითხის მოთავსებისთვის არის უვარგისი და არა პირიქით…

ანალოგიური პრობლემები შეიძლება შეიქმნას. იცვლება შემადგენლობა მრავალჯერადი გამოყენებით. „ბისფენოლ A-“ს  გამოყოფა იწყება, როდესაც მას გამოვიყენებთ ასევე ცივი სასმელისთვის, რადგან უბრალო ტემპერატურული ცვლილებაც კი იწვევს ამ პროდუქტიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფას.

თეონა ბაღდავაძე

თეონა ბაღდავაძე

მზეზე გაცხელების შემთხვევაში რა ხდება?

ჩვენ არ გვინდა პანიკის დათესვა მოსახლეობაში. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ მიაქციოს ყურადღება შეფუთვას, საიდანაც იღებენ საკვებს. ძირითადი საფრთხე, რაც შეიძლება მომდინარეობდეს, არის მზის სხივები, რომლებიც, უწყობს ხელს იმ ნივთიერებების დაშლას წყალში თუ სხვა ტიპის სასმელში, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის შეფუთვაში.

ეს შეიძლება მოხდეს პირველჯერად გამოყენების დროსაც?

დიახ, შეიძლება. რომც იყო ინფორმირებული ზიანის შესახებ, არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ პლასტმასის ბოთლები, რომლებიც ტრანსპორტირებადია, არ არის დიდი ხნით მზის ქვეშ მოთავსებული  – ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად რა პასუხისმგებლობით ეკიდება სადისტრიბუციო კომპანია ამ პროდუქციის ტრანსპორტირებას.

იმ კონტეინერებზე რას გვეტყვით, რომლებიც მომზადებული საკვების გადასატანად გამოიყენება და მრავალჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი?

მთავარი საკითხია ბავშვის კვების პროდუქცია. როდესაც ვასხამთ ბავშვის საჭმელს ან ჭურჭელს მდუღარეთი ვავლებთ, უნდა შევამოწმოთ აუცილებლად, რომ ის არ შეიცავდეს „ბისფენოლ A-“ ს. შეფუთვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას. ზოგჯერ პირდაპირ აწერია ხოლმე, რომ არ შეიცავს „ბისფენოლ A-“ ს, მაგრამ რამდენჯერმე მისი გამოყენება მაინც არ არის სასურველი. რთულია იმის კონტროლი, პლასტმასის მინარევები საკვებში შეერია თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოხმარების წესი არ იქნება დაცული. არის კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ოფისებში ერთჯერადი ჭიქების გამოყენება, –  არ შეიძლება ამ ჭიქებში ცხელი წყლის ჩასხმა.

პლასმასის ჭურჭელი

პლასმასის ჭურჭელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: